ერთხელ ლიტერატურული პრემია "საბას“ მფლობელმა ცნობილმა მწერალმა მარიამ ხუცურაულმა მითხრა, - არიან ადამიანები, ვისთვისაც ერთი სიცოცხლე, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება ცოტაა და ხანმოკლეა. ასეთ ადამიანებს ღმერთი გამოარჩევს ხოლმე და ბედსაც, განსაცდელსაც და საქმე-საკეთებელსაც განსაკუთრებულს, გამორჩეულს და ძალიან მნიშვნელოვანს აძლევს!
ერთი ასეთი გამორჩეული ქალი - ქეთევან შარმიაშვილი ცხოვრობს დაბა სიონშიც.

ქალი მოარული სიმღერა და ხალისი. სიონსა და თიანეთში მრავალი ზეიმის მოთავე და ორგანიზატორი ქალი. ქალი რომელიც იმდენ ადამიანში განაწილდა, რამდენი ბავშვიც მუსიკის სასწაულს აზიარა და აამღერა, სწორედ ის არის უკვე ლეგენდად ქცეული თეო ქუმსიაშვილის აღმომჩენი და პირველი მასწავლებელი.
ქალი, რომელმაც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ტკივილი, უამრავი ოპერაცია გადაიტანა და არ გატყდა, სიცოცხლის განუზომელი სიყვარულის ძალით უკურნებელი დაავადება დაამარცხა! ქალი, რომელიც მეორე სიცოცხლეს ცოცხლობს და კვლავ თავის საყვარელ საქმიანობას განაგრძობს - დაეძებს და პოულობს ნიჭიერ ბავშვებს სიმღერის სასწავლებლად. მისი დამსახურებით და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით რამდენიმე წლის წინ აღდგა ანსამბლი "სიონის ზარებიცო".
ქეთი, დღეს უკვე ჩემი მეგობარი, სწორედ ანსამბლ "სიონის ზარებით“ გავიცანი, ჯერ კიდევ საქართველოს ტელერადიომაუწყებლობაში მუშაობისას. მე და ჩემი კოლეგა რუსუდან ვარძიაშვილი ბავშვთა ქართული სიმღერის მესამე ფესტივალისთვის ვემზადებოდით, ბავშვებს ვარჩევდით, როდესაც რადიოს იმჟამინდელმა დიქტორმა თემურ შამათავამ ქეთევანი ოთახში შემოგვიყვანა და გაგვაცნო. ასე შევხვდით ერთმანეთს და დღემდე ქეთევანი ჩემთვის სანიმუშო, უმამაცესი, ძლიერი ქალბატონია, სიკეთის გასამრავლებლად დაბადებული ადამიანი, ერთგული მეგობარი და სულის ნაწილი. ისე მოხდა, რომ უფალმა მისი ცხოვრების მძიმე ეტაპების თანმხლებ-თანაზიარი მეც გავხდი.
რაც შეეხება მის ბავშვთა ანსამბლს - "სიონის ზარებს“, ქეთევან შარმიაშვილმა ის 1981 წელს დაბა სიონში ჩამოაყალიბა.
ეს კითხვა ქეთევანს რომ დავუსვი, იმხანად ჯანმრთელობის გამო საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, მაგრამ მისმა შეუპოვრობამ და სიმტკიცემ მაინც თავისი გაიტანა - "სიონის ზარები“ კვლავ გააცოცხლა და ანსამბლის დაბადებაც და თაობებიც უდიდესი სიამოვნებით გაიხსენა:

- 1980 წელს დავამთავრე თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება გენო მუჯირის, იური დადიანის და ნიაზ ილაშვილის ხელმძღვანელობით. დავუბრუნდი ჩემს სიონს, იმ გადაწყვეტილებით და იმ მიზნით, რომ ჩემი პროფესია და სპეციალობა მშობლიური კუთხისთვის მომეხმარა. გადავწყვიტე, რომ სიონში შემექმნა საბავშვო ანსამბლი და ბავშვებისთვის მესწავლებინა ქართული ხალხური სიმღერები. მე, მაგალითად, სკოლაში სწავლის პერიოდში წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო ხალხური სიმღერა, რადგან ჩემთვის ის არასდროს არავის უსწავლებია. მუშაობა სიონის კულტურის სახლში დავიწყე, რომლის ხელმძღვანელიც იყო ნიკოლოზ გურგენიშვილი. მთავარი იყო, ბავშვები შემერჩია და ჯგუფი შემდგარიყო. სირთულეც მქონდა, რომ აქაურმა ბავშვებმა ქართული ხალხური სიმღერა არც იცოდნენ და არც მოსწონდათ. მახსოვს, თავდაპირველად კულტურის სახლში 7-8 ბავშვი მოვიდა, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები და ეს სკოლის პედაგოგის - ნინო ჭიკაიძის დამსახურება იყო. გარდა ამისა, ძალიან შეგვიწყო ხელი რაიონის ხელმძღვანელობამ. რამდენიმე ბავშვს მართლაც კარგი სმენა აღმოაჩნდა, რაც მათთან მუშაობის დაწყების საშუალებას მაძლევდა. რეპეტიციები დავიწყეთ, ბევრმა შეიტყო ჩვენი ჯგუფის შესახებ და სხვა ბავშვებმაც გამოთქვეს სიმღერის შესწავლის სურვილი. უარს არავის ვეუბნებოდი, მით უმეტეს - ვაჟებს და ასე შეგროვდა 13 ბავშვი - 7 ვაჟი და 6 გოგონა, მათ შორის ორი გოგონა მეზობელი სოფლიდან დადიოდა. ბიჭებიდან რამდენიმეს სმენა თითქმის არ ჰქონდა და ვერ წარმოიდგენ, რამდენი შრომა და ძალისხმევა დამჭირდა, რომ ამ ბავშვებთან ინდივიდუალური მეცადინეობებით მიმეღწია ისეთი შედეგისთვის, რომ დანარჩენ ბავშვებს შეერთებოდნენ. იმხანად ინტერნეტი არ იყო და სიმღერების მოსმენა რადიო-ტელევიზიით თუ შეეძლოთ. შესწავლა დავიწყეთ ჩვენებური - მთის ფოლკლორით, ბავშვებიც დაინტერესდნენ და სიმღერის სიყვარულიც გაუჩნდათ. გაკვეთილებზეც ყოველდღიურად დაუზარლად მოდიოდნენ.
- პირველად ბავშვები სოფელ ბოჭორმის კულტურის სახლის გახსნის ღონისძიებაზე გამოვიყვანე, მაშინ ისინი მეოთხე-მეხუთეკლასელები იყვნენ და ანსამბლსაც ჯერ კიდევ არ ერქვა სახელი. ყველას კარგად გვახსოვს, ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ფილარმონიაში რომ ატარებდა ხალხური პოეზიის საღამოებს. ერთი ასეთი საღამო დაიგეგმა თიანეთის კულტურის სახლშიც და ბავშვებიც სწორედ იქ გამოვიყვანე.
იმ ღონისძიებას მაშინდელი რაიკომის მდივანი ბატონი შოთა ქისტაური და მისი მოადგილეებიც ესწრებოდნენ. ძალიან მოეწონათ ჩემი ბავშვების ნამღერი და იქვე მომთხოვეს, რომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ფოლკლორის საღამოზე გამოვსულიყავით. ჩვენთვის იქ გამოსვლა დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. 2 დღე-ღამეში სასწაული შევძელით - ქსოვილებიც შევიძინეთ და ჩვენი კუთხის დამახასიათებელი სამოსიც შევკერეთ. ყველაფერი ჩემს სახლში ხდებოდა - კერავდნენ დედაჩემი და ბავშვების მშობლები, ვისაც კერვა ეხერხებოდა. ასე მოკლე დროში 15 ბავშვის ფორმა შევკერეთ. ფოლკლორის საღამოზე სიონის ბავშვთა ანსამბლის სახელით გამოვედით, სახელწოდებაც არ გვქონდა. ბავშვებმა შეასრულეს "წინწყარო“ და "გლესავ და გლესავ, ნამგალო“. ახლაც მიკვირს, როგორ გავბედე შექმნიდან 6 თვის თავზე ბავშვების ამ ურთულესი სიმღერებით გამოყვანა! ალბათ, უფრო იმიტომ გავრისკე, რომ პატარები იყვნენ და თანაც ჩემთვისაც ბავშვთა პირველი ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი იყო, სიონისთვისაც და თუ არ ვცდები, იმ პერიოდის თიანეთის რაიონისთვისაც. ბავშვები ძალიან წარმატებით გამოვიდნენ, არ დაფრთხნენ, მე კი ვღელავდი და დირიჟორობის დროს ცოტათი ხელებიც მიკანკალებდა. არადა, სახელმწიფო გამოცდაზეც კი არ ამკანკალებია ხელი. მოკლედ, ეს იყო ჩვენი წარმატებული დებიუტი.

- ეს ცალკე ამბავი იყო - ახლა რომ ყოველწლიურად ლაშარობას აღვნიშნავთ ხოლმე თიანეთის ლაშარში, მაშინ მწყემსის დღეს უწოდებდნენ. იქ გამოვედით რამდენიმე სიმღერით. იმ ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი რაიონული გაზეთის - "ახალი თიანეთის“ რედაქტორი, ძალიან კარგი პიროვნება - ბატონი თემო ცალუღელაშვილი. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა ჩვენზე პირველი სტატია - ინტერვიუ ჩემთან და ასე დაასათაურეს: "რეკენ სიონის ზარები“. ასეც იყო, ჩვენი პატარები მართლაც ზარებივით რეკავდნენ. "სიონის ზარები“ ანსამბლის სახელწოდებადაც ძალიან მოგვეწონა და ასეც დავტოვეთ. შემდეგ კი ჩვენი ანსამბლის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა უაღრესად ღირსეული ადამიანების - ბატონი შოთა ქისტაურისა და კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის დამსახურებაა. ვაწყობდით კონცერტებს, რეგიონულ თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებზეც გამოვდიოდით და ასე, ნელ-ნელა გაგვიცნო საზოგადოებამ. ეს ბავშვები უკვე დიდები იყვნენ, მეორეკლასელი თეონა ქუმსიაშვილი რომ შემოგვიერთდა და უკვე მათთან ერთად გამომყავდა კონცერტებზე. კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს თიანეთში უფროსების სიმღერის გუნდი ჰყავდა - "აონი“ და მეც იქ ვმღეროდი. სადაც "აონი“გამოდიოდა, იქ ჩემი "სიონის ზარებიც“ გამომყავდა ხოლმე და მხოლოდ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდით. ბატონი იაკობის ინიციატივით, რადიოს პირველმა არხმაც ჩაგვწერა, სატელევიზიო გადაცემაც მომზადდა, გადაცემის რედაქტორი იყო გოგი დოლიძე. ძალიან მოეწონა ჩვენების ნამღერი და აღნიშნა კიდეც, - აი, ბავშვებიო. 1983 წელს "სიონის ზარების“ პირველი თაობა ერთი თვით გავემგზავრეთ აფხაზეთში, მიუსერას პიონერთა ბანაკში. ამ ერთი თვის განმავლობაში გალის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან ერთად კონცერტები ჩავატარეთ აფხაზეთის რამდენიმე ქალაქში - ბიჭვინთაში, გაგრასა და გუდაუთაში.
- შემდეგ მეორე თაობაც წამოგვეწია, თეო და მისი თანაკლასელები. უკვე მათთან განვაგრძე მუშაობა. მეორეს მესამე თაობაც მოჰყვა და შემდეგ, 1999 წელს თიანეთში გადამიყვანეს სამუშაოდ - რაიონის კულტურის განყოფილების გამგედ. სხვათა შორის, ყოველ ზაფხულს სიონში ვაწყობდით კონცერტებს - "სიონურ საღამოებს“, კულტურის სახლშიც გამოვდიოდით და ასე, თაობათა ცვლაში გადიოდა დრო. მინდა, გამოვყო პირველი თაობის სოლისტი გოგონა - მედეა ზურაბიშვილი, რომელიც ანსამბლიდან წასვლის შემდეგ მუსიკას გაჰყვა, საფორტეპიანო ფაკულტეტზე სწავლობდა, წერდა შესანიშნავ სიმღერებს და კომპოზიციებს და სულ ვთხოვდი, ჩაეწერა ეს ნაწარმოებები, მაგრამ... ვინ წარმოიდგენდა, რომ უცებ გაგვიქრებოდა - ორ კვირაში ლეიკემიით გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთადერთი ჩანაწერი დამრჩა მისგან, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილთან ერთად ნამუშევარი, ნამღერიც და მინუს-ფონოგრამაც - "საქართველოს სხვანაირი მოფერება უნდა“. მეორე თაობიდანაც გამორჩეული გოგონები - თეონა და ნათია ქუმსიაშვილები დაგვეღუპნენ...

შემდეგ, წლების განმავლობაში თიანეთში ვმუშაობდი და თანამდებობრივი საქმიანობის პარალელურად, იქაურ ანსამბლებთან და ჯგუფებთან განვაგრძობდი შემოქმედებით საქმიანობას. ბევრი პასუხისმგებლობაც მქონდა და "სიონის ზარებისთვის“ ვეღარც ვიცლიდი. მერე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა, ამ ამბების მოწმე თავად ხარ. კარგა ხანს ვეღარაფერს ვაკეთებდი და ისიც კი არ ვიცოდი, შინ, სიონში დაბრუნებული, შევძლებდი თუ არა ბავშვებთან მუშაობას. თუმცა ხომ იცი, დანებება არ მიყვარს, ამიტომ თავს შევუძახებდი ხოლმე, არა, ქეთო, ფეხზე უნდა დადგე, საქმე უნდა გააგრძელო-მეთქი.

გულწრფელად გეუბნები, მე სხვა, პროზაული პროფესიის ადამიანი რომ ვყოფილიყავი, ეს მოტივაცია არ მექნებოდა. ჩემმა პროფესიამ ძალიან მიშველა, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და, ფაქტობრივად, ამ საქმისთვის "დავიღუპე“ თავი. მეუბნებიან, კიდევ როგორ არ ეშვებიო? მართლა ვერ ვეშვები, რადგან სულ ვფიქრობ, რომ რამაც დამღუპა, მანვე გადამარჩინა და სულით არ გამტეხა. ეს ის საქმეა, რომელიც მაცოცხლებს და მაძლიერებს. კარგად იცი, 3 წლის განმავლობაში საწოლს ვიყავი მიჯაჭვული - ფეხზე 3-ჯერ გაკეთებული ოპერაციის, გადატანილი ინსულტის და ბოლოს ფეხის ამპუტაციის შემდეგ, როგორც კი ფეხზე დავდექი, მაშინვე ნოტები ავიღე და პიანინოს მივუჯექი. პირველად ექიმს ხომ გახსოვს, რა ვკითხე? - დაკვრას შევძლებ-თქო? მან მიპასუხა - ერთი ხელით კი შეძლებო. ფაქტია, რომ დღეს მეორე ხელიც მუშაობს და ორივე ხელით ვუკრავ. ყველაფერი უფლის ნებაა, უფალმა მომცა ძალა და უპირველესად, მისი მადლიერი ვარ, ადამიანებმა მომცეს ძალა და თითოეულის მადლიერი ვარ, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმის გაგრძელების იმდენად დიდი წყურვილი მქონდა, თავს ვუმეორებდი, - ქეთო, შენ ეს უნდა შეძლო-მეთქი... და შევძელი!

ფაქტია, რომ დღეს "სიონის ზარების“ მე-4 თაობასთან ვმუშაობ და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომას - ვმონაწილეობთ კონცერტებში, ფესტივალებში, გვაქვს სატელევიზიო გამოსვლები და საინტერესო ისიც არის, რომ ამ თაობაში მღერიან "სიონის ზარების“ პირველი თაობის შვილები და, ასევე, თეონა ქუმსიაშვილის ძმისშვილები - თეონა და გვანცა ქუმსიაშვილები.
ავტორი: ირმა ხარშილაძე