საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რატომ აქვს Eagle Hills-თან არსებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი.
როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მისი მოსმენისას განაცხადა, ეს არის პარტნიორი კომპანიის კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან.
„რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას და მეორე მხრივ, ეს პრაქტიკა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას“, - განაცხადა კობახიძემ.
„რაც შეეხება მხარეების ვალდებულებებს, პირველ რიგში, ფუძნდება ერთობლივი კომპანია, წილის მესამედი ეკუთვნის ამ კომპანიაში საქართველოს სახელმწიფოს, 2/3 ეკუთვნის კომპანია Eagle Hills-ს და აქ ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. საქართველოს სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწის ნაკვეთებით ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, გარანტიის ვალდებულება მათ შორის. რაც შეეხება ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი ანუ ვალდებულებები არის მთლიანად პარტნიორი კომპანიის მხარეს,“ - განაცხადა კობახიძემ.
„საუბარია ასეთი ტიპის კომპანიაზე, რომელსაც ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნეს წარსულის და პოლიტიკური წარსულის ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით. როდესაც გაივლით დუბაის ცენტრში, ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80%. მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა. გასაგებია, როგორიც არის ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია, თუმცა, აქაც კი ახერხებენ ამ საინვესტიციო პროექტის ოპონენტები, რეპუტაცია დაუწუნონ კომპანია Emaar-ს და Eagle Hills-ს. გარდა იმისა, რომ ეს კომპანია არის დუბაის სასწაულის უშუალო შემოქმედი, მას წარმატებით აქვს განხორციელებული პროექტები არაერთ სხვა ქვეყანაში და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იხილეთ ასევე: