ავტორი:

“უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში - გვინდა შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა...“ - ირაკლი კობახიძე

“უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში - გვინდა შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა...“ - ირაკლი კობახიძე

“უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში - ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა. გვინდა შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

  • მისივე თქმით, აღნიშნულ ცვლილებას დამატებითი ეფექტი ექნება, დაახლოებით 30 ათასი ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში.

"როდესაც ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, აქ ვფიქრობთ, უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება გამონაკლის მიმართულებებს, სამედიცინოს პირველ რიგში, სადაც ხანგრძლივობა დიდი უნდა იყოს. ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა. გვინდა შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა.

თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე მოგვიანებით სწავლის გაგრძელება, ამ შემთხვევაში იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა.

ყველაზე კარგად ვარ გარკვეული იურიდიული განათლების სისტემაში. შემიძლია დაგარწმუნოთ, 3 წელში შესაძლებელია ყველა ძირითადი საგნის გავლა, ასევე შესაძლებელია 10-მე დამატებითი არჩევითი საგნის გავლა სტუდენტების მიერ სპეციალიზაციის მიხედვით. 3 წელი იურისტისთვის სავსებით საკმარისია, რომ მიიღოს საბაზისო ცოდნა. იგივე ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებაზე.

ამას დამატებითი ეფექტი ექნება, დაახლოებით 30 ათასი ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში, როდესაც 1 წლით ადრე დაასრულებენ სტუდენტები სწავლას. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, გვაქვს სწრაფი ტემპი. ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის დეფიციტი. შრომის ბაზრის გამდიდრება გვჭირდება და ამ კუთხითაც საინტერესოა ეს ცვლილება“,- აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება მომდევნო აკადემიური წლიდან "ახალი მოდელის შესაბამისად უნდა დაიწყოს“, თუმცა, ამავე დროს, კობახიძის თქმით, ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიც არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი სახელმძღვანელოების შედგენა, დაახლოებით, 4 წელი დასჭირდება.

"რეფორმის განხორციელების ვადებთან და ეტაპებთან დაკავშირებით, გამოვყოფდი ორ ფაზას. პირველი, რაც მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე უნდა შესრულდეს. კანონმდებლობის გადახედვა უნდა მოესწროს მანამდე. ასევე, შრომის ბაზრის ანალიზი უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა დასრულდეს, დაწყებულია უკვე მუშაობა. უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, სექტემბრიდან და ამ თვეებში უნდა მომზადდეს ამისათვის პირობები. ასევე, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი. აქ მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ, არსებული დაფინანსების, საგრანტო მოდელით გააგრძელებენ სწავლას. მათი მდგომარეობა არ შეიცვლება. ყველა შეძლებს დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა.

როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში.

მეორე ფაზა, დაახლოებით, 4-5 წელიწადია. 4 წელიწადში ვფიქრობ, რომ არსებითად მოსწრებადია შესაბამისი ამოცანების შესრულება. ეს არის ახალი ინფრასტრუქტურების შექმნა. ეს არის ყველაზე შრომატევადი საქმე, რაც დროს მოითხოვს. კიდევ ერთხელ, პირველ რიგში, გვინდა, რომ შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში. ასევე, საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, დაიწყება ახლავე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია დასრულდეს, დაახლოებით, 4 წელიწადში".