Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის" ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს" მორიგი სტუმარია მომღერალი, თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი მაია ბარათაშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს" სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ლილიკო:
- კარიერის გარიჟრაჟზე, წარმოიდგენდით, რომ დიდი საკონცერტო დარბაზის წინ თქვენი ვარსკვლავი გაიხსნებოდა? რას განიცდით ახლა, როდესაც ეს ვარსკვლავი უკვე არსებობს?
- როდესაც პატარა გოგონა ვიყავი, ასე 8-9 წლის, ძილის წინ ვდგამდი ხოლმე ვინილის ფირფიტას, რომელზეც ელა ფიცჯელადლი იყო ჩაწერილი, ის ჩიკ ვების ბენდთან მღეროდა. მერე თვალებს ვხუჭავდი, წარმოსახვით ელა ფიცჯერადი კადრიდან გადიოდა და საკუთარ თავს ვაყენებდი ჩიკ ვების ბენდთან ფრონტალურ სცენაზე და ეს იყო პატარა გოგოს ძალიან დიდი ოცნება. არ ვიცოდი, ის განხორციელდებოდა თუ არა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანს როცა დიდი სურვილები აქვს, იმ სურვილების ვიზუალიზაციას ახდენს და ასე ჩვენი ფიქრები მატერიალური ხდება. გავიდა 20 წელიწადი და მართლა გავხდი თბილისის საკონცერტო ორკესტრის თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი. ასე რომ, ეს ოცნება ამიხდა. პარალელურად აქტიური საკონცერტო ცხოვრება მქონდა. მოვხვდი „დათოს ჯაზ-კლუბში,“ სადაც ყველაფერი დაიწყო და 2020 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი. ასე რომ, არასდროს შეგეშინდეთ ოცნების, ყოველთვის წარმოიდგინეთ ის, რისი მიღწევაც გინდათ და თუ ეს ღმერთის ნებაც არის, ღმერთი აუცილებლად აგიხდენთ სურვილს და ოცნებას.
ვინი:
- როგორ ფიქრობთ, ბევრი კრიტიკოსი გყავთ? როგორია თქვენი დამოკიდებულება კრიტიკოსების მიმართ?
- რა თქმა უნდა, ხელოვან ადამიანს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. როდესაც სცენაზე, 10.000-ობით ადამიანის წინაშე გაშიშვლებული ნერვივით მგრძნობიარე გამოდიხარ, თითოეული შენი ქმედება გამადიდებელ ლუპაში გადის. არ შეიძლება, ყველას მოსწონდე, იქ არის პროფესიონალების, ასევე ჩვეულებრივი მსმენელის აზრი, იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება იყოს ადამიანების ჯგუფი, ვისაც შესაძლოა არ მოსწონდეს ის, რასაც აკეთებ. მაგრამ ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ორბიტაზე ვარ და ვმუშაობ, საწინააღმდეგოს დამადასტურებელია, რომ არის ჯგუფები ადამიანებისა, რომელთაც მოსწონთ ის, რითაც ვარ დაკავებული... თუკი კრიტიკა არის დელიკატური, პროფესიონალისგან სწორადაა მოწოდებული და არ ემსახურება ადამიანის დემოტივაციას, მაშინ ის პროფესიონალს უკეთესს გახდის.
ასეთი კრიტიკა ძალიან მიყვარს... მქონია შემთხვევა, როდესაც უკვე გამიცნეს, ვიღაცას რაღაც არ მოეწონა და გადაწყვიტა, რომ როგორც ერთეულს არ უნდა მეარსება. ბევრი ეცადა, ეს განეხორციელებინა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ამაში „მოგზაურობა“. ისიც საინტერესო აღმოჩნდა, როგორ დავძლიე ეს ამოცანა და როგორ გამოვიყენე ის სიტუაცია ტრიგერად. ამიტომ, ვინც რაც არ უნდა გითხრათ, არავის მისცეთ უფლება, დაგიშალოთ ის, რაც გსურთ, პროფესიაში აკეთოთ. ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის და დაეკითხეთ პედაგოგებს, აკეთეთ თქვენი საქმე, რომელსაც თქვენთვის დიდი სიხარული მოაქვს.

თეა:
- ვინ აღმოაჩინა თქვენში მომღერალი და ვინ შეუწყო ხელი ამ უნარის თქვენში განვითარებას?
- მშობლებმა. დედა ძალიან კარგად მღეროდა. ბებიას ჰქონდა არაჩვეულებრივი კოლორატურული სოპრანო. დედა რომანსებს შესანიშნავად მღეროდა, - პროფესიონალურ სცენაზე იდგა. მაქვს ფოტო, სადაც ინოლა გურგულიას და რევაზ თაბუკაშვილის გვერდზე დგას. სხვათა შორის, ეს ფოტოსურათი ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ მაჩვენა. მიუხედავად ამისა, ის იყო ექიმი და გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩა პროფესიაში, მაგრამ მე მახსოვს მისი სიმღერა. მუსიკაზე დედამ და ბებიამ მიმიყვანეს. პირველი ჩემი პედაგოგი მეზობელი იყო, რომელმაც ჩემი რიტმი განავითარა. შემდეგ იყო მე-16 მუსიკალური სკოლა და მედიკო ჩხეტიანი, მასთან 7 წელიწადი დავდიოდი და იმ პერიოდის ძალიან მადლობელი ვარ. მუსიკალურ სკოლაში განვლილმა წლებმა ძალიან დიდი საფუძველი მომცა. შემიძლია როიალთან დავჯდე და საკუთარ თავს გარკვეულ ნაწარმოებებში აკომპანირება გავუკეთო... ამას მოჰყვა ის სურვილი, რომელიც არ მასვენებდა და ასე წინ-წინ სიარულით აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ.
ბაიკო:
- ინტრიგები, სკანდალები ნებისმიერ სფეროს ახლავს, გაკვირდებით და თქვენ შემთხვევაში მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ. ამას როგორ ახერხებთ?
- არ მიყვარს საერთოდ პირადი ცხოვრების გარეთ გამოტანა. მიმაჩნია, რომ ოჯახში რაც ხდება, ის იქვე უნდა დარჩეს, თუკი ეს არ არის ძალადობრივი ქმედებები და ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ვფიქრობ, თავად უნდა მოვერიოთ საკუთარ დემონებს და საქმიანმა ადამიანმა საჯაროდ არ უნდა გამოიტანოს პირადი ცხოვრება. არასდროს, არც ერთი ტელეკომპანიისთვის, არც ბეჭდური მედიისთვის მიმიცია საფუძველი, რაღაც სკანდალური დაეწერათ. თუმცა ეს ერთ-ერთი მეთოდია არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც, რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მე ეს არ მჭირდებოდა, ზუსტად იმდენად ვარ ყურადღების ცენტრში, რამდენადაც საჭიროა. ამაში მეხმარება მუსიკა, ის, რომ მიყვარს ჩემი საქმე და რომ ვცდილობ, არ ვიყო სტაგნატური.
დავითი:
- ოჯახი, სადაც გაიზარდეთ, როგორი იყო და უმთავრესი რა არის, რაც იქიდან ცხოვრებაში მოგყვებათ?
- გავიზარდე ბებიასთან. დედა და მამა მუშაობდნენ. დედა სტომატოლოგი გახლდათ, მამა - იურისტი. პირველი ჩემი შთაბეჭდილება 11 წლის განმავლობაში იყო არაჩვეულებრივი მერი ნიკალაევნა, რომელიც მასწავლიდა რუსულს და ფრანგულს. რუსული მოასწრო და ფრანგული - ვერა, მაგრამ ერთი პატარა ლექსი მაინც დამრჩა ფრანგულად და ხშირად ვიხსენებ ხოლმე. ოჯახში იყო ძალიან დიდი სიყვარული, დიდი რიდი... მამის და დედის სიტყვა კანონი იყო, მაგრამ თავს თავისუფლად ვგრძნობდი ბებიასთან, რომელიც შესანიშნავი კულინარი გახლდათ - მახსოვს მასთან ჩაის სმის სესიები. დიდი სამოვარი გვქონდა, დავსხდებოდით და ვსაუბრობდით ჩაიზე. ასე რომ, ეს არის ძალიან თბილი მოგონება. ზუსტად იმ ეზოში, სადაც 11 წელი ვცხოვრობდი, ბავშვობის 5 მეგობარი იქ ავკრიბე. ამას მერე მეგობრების დიდი დასი დაემატა, მაგრამ ის მეგობრები, რომლებიც 2 წლიდან მოვდივართ, სწორედ იმ ეზოში აღმოვაჩინე.
თინა:
- საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარს საჯაროდ არ ერიდებით... ძირითადად რა პრობლემასთან გაქვთ საქმე და როგორ მართავთ მას?
- მოგეხსენებათ, ცოტა ჭარბწონიანი ვიყავი, არც ისეთი, რომ ფორმა დაკარგული მქონოდა. ყოველთვის მინდოდა ხმელი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამოდიოდა, რადგან სხვა კვებითი ჩვევები მქონდა. გარკვეულ ეტაპზე ენდოკრინოლოგთან მივედი, რომელმაც მითხრა, რომ მაქვს პრიდიაბედტი. რადგანაც დედასაც ჰქონდა დიაბეტი, ავიკაპიწე სახელოები და გადავწყვიტე, ამ პრობლემისთვის მიმეხედა. დედის მაგალითზე პატარა ბავშვმა ვნახე, რა სავალალო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადებამ. ძალიან ვერაგია, მაგრამ მას თუ უვლი, ცხოვრების წესი ხდება. სწორი რეჟიმით ცხოვრებას ბევრი რამ მოჰყვა, წონის კლება, გალამაზება... მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს არ უნდა ვმალავდე, ან რატომ უნდა მალავდე ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესს?! პირიქით, სხვებისთვის ამ კუთხით ინფლუენსერიც კი შეიძლება ვიყო. ბევრისგან გამიგია კიდეც, მას შემდეგ, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ იცავთ რეჟიმს, ფეხით 12 კილომეტრს დადიხართ, მეც იმავე რეჟიმს მივყავი ხელიო. ასე რომ, ადამიანზე პოზიტიური გავლენის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია.

ანა:
- გამორჩეული ჩაცმის სტილი გაქვთ. ელეგანტურად გამოიყურებით. ამაზე რამ იქონია გავლენა?
- მამას ძალიან უყვარდა ჩაცმა. საოცრად იცვამდა, მას ჰქონდა უნიკალური ტვიდის კოსტიუმების კოლექცია, ასევე ჰალსტუხების კოლექცია, რაც ბავშვობიდან მახსოვს. შევძვრებოდი მის გარდერობში და იქიდან არ გამოვდიოდი. ულამაზესი პალტოები იყო, ინგლისიდან ჩამოტანილი ფეხსაცმელები. არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდა, მაგრამ ჰყავდა პირადი მკერავი. დედაც ძალიან კარგად იცვამდა, მაგრამ მამა განსაკუთრებით, მისთვის სურათი რომ გადაგეღოთ, თან კარგი აღნაგობა ჰქონდა, ჟურნალის ყდაზე შეგეძლოთ მოგეთავსებინათ. მამა იყო მაღალი, თხელი, არაჩვეულებრივად აწყობილი, დედაც მაღალი იყო, კარგი გარეგნობის ქალბატონი. ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე ამ ყველაფერმა იმოქმედა. ასევე არქიტექტურული მაქვს დამთავრებული და სილუეტი, ფორმა, შინაარსი, გარკვეული ფერთა შეხამება ჩვენს არაჩვეულებრივ ფაკულტეტზე სწავლებისას სერიოზული ნაწილი იყო. ამანაც იქონია გავლენა... გარდა ამისა, კარგად ვხდები, რა მიხდება და რა არა. სილუეტის აღქმაც მაქვს, როგორც ჩანს, შესაბამისად ამან გარკვეულწილად იმუშავა.
უცნობი:
- საკუთარ პორტრეტს როგორ წარმოგვიდგენთ - როგორია მაია ბარათაშვილი და მისი გამოკვეთილი თვისებები?
- მაია ბარათაშვილი არის ერთგული, უღალატო, არასდროს მიგატოვებს, გაჭირვებაში არ დაგტოვებს. ყველანაირად ეცდება, მიეხმაროს სხვა ადამიანს. არის ძალიან მიზანმიმართული. თუ მაიამ მიზნად რამე დაისახა, აუცილებლად მიაღწევს, თუ, რა თქმა უნდა, უფლის ნებაც არის. მაგრამ გვერდით დგომა და მიზანმიმართულობა ეს ორი ძირითადი თვისებაა, სხვა თვისებებთან ერთად.

უცნობი:
- ფაქტების, ამბების, მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი თუ გაქვთ?
- ძალიან კარგად მაქვს განვითარებული ინტუიცია. ზოგჯერ მთელი დღე ვგრძნობ რაღაცას, რაც უნდა მოხდეს. შეიძლება კონკრეტულ მოვლენას ვერ ვხედავდე, მაგრამ აუცილებლად ვგრძნობ, რომ რაღაც მოხდება. ეს შეიძლება ფიზიკურ დონეზეც კი ფიქსირდებოდეს. თუ ამას ლოგიკა დაერთო, მთლად გადასარევია.
ნიკა:
- უცხოეთში წასვლაზე არ გიფიქრიათ? ჩემი აზრით, იქ დიდი წარმატებას მიაღწევდა თქვენი უნარების ადამიანი...
- არავინ იცის, რას მიაღწევდა მაია ბარათაშვილი საზღვარგარეთ, რომ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. ღმერთს იმდენად მივანდვე ჩემი არსებობა, გონება, სული, რომ ვთვლი, საუკეთესო ადგილია საქართველო იმისთვის, რომ აქ ვიმყოფებოდე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ჩემი პროფესიით ბევრს ვმოგზაურობ, ვფიქრობ, უფალმა სწორად გადაწყვიტა ჩემი აქ ყოფნა და ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
ვიკა:
- რა გაბრაზებთ და რას განიცდით ყველაზე მეტად?
- ძალიან არ მიყვარს სიყალბე, არ მიყვარს, როცა მატყუებენ. ვარ რენტგენივით, რადარივით, - შემიძლია მატყუარა ადამიანი წავიკითხო. ადამიანი, რომელიც ერთ რამეს მეუბნება და სხვას გულისხმობს, ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე გაშიფრულია. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ეს მაქვს. რამდენიმე სიტყვაში ვხვდები ჩემგან რა უნდა, ან როგორ ცდილობს ვიღაც თავის დამკვიდრებას... არ მიყვარს არაპუნქტუალურობა, არ მიყვარს, როცა მალოდინებენ იმიტომ, რომ ყოველთვის პატივს ვცემ სხვა ადამიანის დროს. შეხვედრებზე ყოველთვის 15-20 წუთით ადრე მივდივარ, პაემანზეც კი. არ მიყვარს, როცა ადამიანი მელოდება. თუ ვინმე სხვის დროს, საქმეს აბუჩად იგდებს, ეს ჩემთვის მიუღებელია. ვაფასებ გულწრფელობას.
ნინო:
- როგორია თქვენი სანატრელი ქვეყანა?
- ჩემი სანატრელი ქვეყანაა, სადაც მთავარი ღერძი მართლმადიდებლური ქრისტიანობაა, სადაც ჩემი ეკლესია ძლიერია, სადაც არის განათლების მაღალი დონე. ადამიანები, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ერთმანეთს ტალახს არ ესვრიან. ბოლოს იმას გეტყვით, რომ არასდროს თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე. გულით და სულით ეცადეთ, აისრულოთ. თუკი ისინი არ ეწინააღმდეგება მორალურ პრინციპებს და სხვა ადამიანისთვის არ არის დამანგრეველი. შეიარაღდით მოთმინებით, რწმენით და სულ წინ იარეთ.