ავტორი:

თინა ბოკუჩავა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებული პროცესიდან გააძევეს

თინა ბოკუჩავა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებული პროცესიდან გააძევეს

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გააძევეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

სხდომაზე ერთ-ერთ მოქალაქეს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ტელეფონიდან გადაღებული ფოტოსურათი წააშლევინეს, რასაც ბოკუჩავას რეპლიკა მოჰყვა: „ბარემ დაიჭირეთ“. აღნიშნულის შემდეგ მას მოსამართლე შვანგირაძემ უთხრა, ფეხზე ამდგარიყო.

„რუსების დავალებით არ ვმოქმედებ“, - უპასუხა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც მოსამართლემ მას სახელი და გვარის თქმა მოსთხოვა.

„დაგუგლეთ“, - უპასუხა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

„გაძევებული ხართ სასამართლოს უპატივცემლობისა და დაუმორჩილებლობის გამო“, - მიმართა მას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ.

„საქართველო გაიმარჯვებს, თქვენ დაისჯებით!“ - ამ სიტყვებით მიმართა ბოკუჩავამ კვლავ მოსამართლეს და სხდომათა დარბაზი დატოვა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.