ავტორი:

ქართველი მებრძოლის, მამუკა მამულაშვილის ნახატები ჰააგის აუქციონზე გაიტანეს - "ის მუშაობს ფერებით, რომლებიც ომში ყველაზე მეტად აკლია"

ქართველი მებრძოლის, მამუკა მამულაშვილის ნახატები ჰააგის აუქციონზე გაიტანეს - "ის მუშაობს ფერებით, რომლებიც ომში ყველაზე მეტად აკლია"

ჰააგის აუქციონზე "ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილის ნახატები გაიყიდება. Venduehuis Den Haag-მა მამულაშვილის ოთხი ნახატი სრულად უფასოდ უკვე გაიტანა აუქციონზე. აუქციონის ჰოლანდიელი ექსპერტების მიერ ნახატების აღწერაში ვკითხულობთ: "ქართველი მეომრის ნამუშევრები აერთიანებს ომის სიმძიმეს, დანაკარგის სიმწარეს, მეგობრობის ფასდაუდებელ ძალას და მომავლის მტკიცე იმედს... ეს არ არის ფრონტის დოკუმენტური აღწერა, ეს არის იმ ადამიანის შინაგანი სამყარო, ვისაც ძალიან ახალგაზრდა ასაკიდანვე მოუწია თავისუფლებისათვის და სამართლიანობისთვის ბრძოლა".

ჰააგის ისტორიულ, უძველესი აუქციონზე Venduehuis–ზე ასევე გააშუქეს მამუკა მამულაშვილის და "ქართული ლეგიონის“ მრავალწლიანი ბრძოლის ისტორია, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. როგორც თავად მამუკა მამულაშვილი Ambebi.ge - სთან საუბრისას ამბობს, მისი ნამუშევრები აუქციონზე ჰოლანდიელი ჯარისკაცების კურატორობით მოხვდა.

"ჩემი შემოქმედებით განსაკუთრებით იმიტომ დაინტერესდნენ, რომ სამხედრო ვარ, მებრძოლის შექმნილ ხელოვნებას მათთვის ახლებური, განსაკუთრებულ ღირებულება აქვს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ავტორს სრულიად უსასყიდლოდ მისცეს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება. მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები უკვე მოხვდა ევროპის სახელოვნებო წრეებში პოპულარულ, ძალიან ცნობილ ჟურნალში - COLLECT, რომელშიც ხშირად იბეჭდება თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლების ნამუშევრები და შემდეგ იყიდება კიდეც.

როგორც მითხრეს, აუქციონზე ჩემი ნახატების გაყიდვის შემდეგ, ამ ჟურნალში კიდევ ერთი პუბლიკაცია დაიბეჭდება "ქართულ ლეგიონის“ ისტორიასა და ჩემს ნამუშევრებთან დაკავშირებული ამბებზე. აუქციონიდან მიღებული შემოსავლები თავიდან ბოლომდე მოხმარდება თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩემთვის ესაა მთავარი მიზეზი, რისთვისაც ვხატავ“, - ამბობს "ქართული ლეგიონის“ მეთაური და დასძენს:

"მას შემდეგ, რაც უკრაინაში ჩამოვედი, ხატვა ჩემი შინაგანი მდგომარეობის გაგრძელება გახდა: ხანდახან ერთ თვეში რამდენიმე ნამუშევარს ვქმნი, ხანდახან კი შეიძლება ერთ წელიწადს ვერაფერი დავხატო - განწყობა და შინაგანი მდგომარეობა აუცილებელია".

ექსპერტებიც აღნიშნავენ და მამულაშვილი თავადაც ამბობს, რომ მისთვის ფერთა შეხამებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. "ის მუშაობს ფერებით, რომლებიც ომში ყველაზე მეტად აკლია - მკვეთრი, ცოცხალი, მზის და სინათლის ტონები მოსწონს", - წერს ერთ-ერთი მათგანი.