ბანგკოკის გარეუბანში მდებარე ბუდისტურ ტაძარში შოკისმომგვრელი რამ მოხდა - ქალი, რომელსაც წუთი-წუთზე კრემაცია უნდა ჩატარებოდა, თანამშრომლებმა ცოცხალი იპოვეს.
ვატ რატ პრახონგ თამის ტაძრის გენერალური მენეჯერი პაირატ სუდტუპი ქალის ოჯახის წევრს კრემაციის საკითხზე ესაუბრებოდა, როცა კუბოდან სუსტი კაკუნის ხმა გაიგო, კუბოს გახსნა მოითხოვა და ქალი ცოცხალი იპოვა:
„როგორც ჩანს, ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკაკუნებდა. გონზე იყო, მძიმედ სუნთქავდა და თავს აქნევდა, მაგრამ ლაპარაკი არ შეეძლო. შოკირებული ვიყავი.“, - დასძინა მან.

65 წლის ქალის ძმის განცხადებით, ადგილობრივ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ მისი და გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების მოწმობა არ მიუღია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ქალს მძიმე ჰიპოგლიკემია ჰქონდა - სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაეცა და ჰიპოგლიკემიურ კომაში ჩავარდა, რის გამოც ის შეცდომით გარდაცვლილად გამოაცხადეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგი ორი წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შაბათს, როგორც ჩანს, სუნთქვა შეუწყდა.