სიერა-ლეონეში ოჯახები საყვარელი ადამიანებს გლოვობენ. არსებობს ეჭვი, რომ ეს დანაშაულები ჯადოსნურ რიტუალებს უკავშირდება. მსხვერპლთა სხეულებს ნაწილ-ნაწილ ყიდიან, რის გამოც ნათესავებს დაკრძალვის შესაძლებლობაც კი არ აქვთ. სანამ აფრიკული ქვეყნის მცხოვრებლები დაღუპულებს გლოვობენ, BBC Africa Eye ცდილობს დაადგინოს, ვინ დგას ამ სისხლიანი დანაშაულებისა და სხეულებით ვაჭრობის უკან.
გაუხსნელი საქმეები
სალლაი კალოკოხი, 11 წლის ბიჭის დედაა. ბავშვი ოთხი წლის წინ სავარაუდოდ რიტუალური მსხვერპლშეწირვის მიზნით მოკლეს. ქალი ამბობს, რომ მისი შვილის სიკვდილისთვის დღემდე არავინ დასჯილა.
კალოკოხის თქმით, მისი შვილი, პაპაიო, ბაზარში თევზის გასაყიდად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ორკვირიანი ძებნის შემდეგ, მისი დასახიჩრებული ცხედარი ჭის ფსკერზე იპოვეს – მას სასიცოცხლო ორგანოები, თვალები და ერთი ხელი მოჭრილი ჰქონდა.

„ყოველთვის ვეუბნებით ბავშვებს, ფრთხილად იყვნენ. არ წავიდნენ მიტოვებულ ადგილებში, არ აიღონ საჩუქრები უცნობებისგან. ეს ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს სალლაი.
მკვლელობები ხშირად უკავშირდება შავ მაგიას, რომელიც ჯუჯუ-ს სახელითაა ცნობილი, მაგრამ სათანადო გამოძიება არ ხდება. პაპაიოს შემთხვევაში, პოლიციამ რიტუალური მკვლელობაც კი არ დაადასტურა.

ძალაუფლების ფასი: ადამიანის ნაწილებით ვაჭრობა
ჯუჯუს პრაქტიკოსი მაგები კლიენტებს კეთილდღეობასა და ძალაუფლებას ჰპირდებიან. მომხმარებლები დიდ ფულს იხდიან, რადგან სწამთ, რომ ადამიანის სხეულის ნაწილები ჯადოსნური ამულეტების ძალას აძლიერებს.
სიერა-ლეონეში, სადაც 8.9 მილიონი მცხოვრებია და მხოლოდ ერთი პათოლოგანატომი მუშაობს, რესურსების მწვავე დეფიციტის გამო, დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთების შეგროვება ხშირად შეუძლებელია.
BBC Africa Eye-ის გუნდმა იპოვა ორი ადამიანი, რომლებიც ჯუჯუს პრაქტიკოსებად ასაღებდნენ თავს და რიტუალებისთვის სხეულის ნაწილების მოპოვების მზაობას გამოთქვამდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მსხვილ ქსელებს ეკუთვნოდნენ, ერთ-ერთი კი დასავლეთ აფრიკის მასშტაბით გავლენიანი კლიენტებით ტრაბახობდა.
ფარულად მომუშავე ჟურნალისტი ერთ-ერთ ჯუჯუს სულიერ მოძღვარს, კანუს, შეხვდა. კანუმ, რომელსაც ცერემონიალური წითელი ნიღაბი ეკეთა, თავისი პოლიტიკური კავშირებით იტრაბახა და სავარაუდო საქმიანობის დასტურად ადამიანის თავის ქალა აჩვენა:
"ეს ქალის თავის ქალაა. ველოდები, რომ დღეს ან ხვალ მოვლენ მის წასაღებად... აქ ვკიდებთ ნარჩენებს. დიდებული ბელადებიც კი, როცა ძალაუფლება უნდათ, აქ მოდიან. მე ვაძლევ მათ იმას, რაც სურთ“.
როდესაც "ოსმანმა" ქალის კიდურები მოითხოვა, კანუ პირდაპირ ფასზე გადავიდა: „ქალის ფასი 70 მილიონი ლეონეა (დაახლოებით 3 ათასი დოლარი)“.
მეორე სავარაუდო მიმწოდებელი, იდარა, დედაქალაქ ფრიტაუნის გარეუბანში იპოვეს, რომელიც ცნობილია ნარკოდამოკიდებულებითა და სხვა დანაშაულებით. მან განაცხადა, რომ 250-მდე „მცენარეული მკურნალი“ ჰყავს დაჯგუფებაში და ნებისმიერ ნაწილს მოიპოვებენ, რასაც შეუკვეთენ. იდარა და მისი ორი თანამზრახველი საბოლოოდ პოლიციამ დააკავა. მათ ბრალი წაუყენეს ჯადოქრობაში და რიტუალური მკვლელობებისთვის გამოყენებული იარაღის შენახვაში.

მკურნალები თუ მკვლელები?
ჯუჯუს პრაქტიკოსები ზოგჯერ თავს ტრადიციულ მკურნალებად ასაღებენ, რომლებიც სამკურნალო მცენარეებს იყენებენ. სიერა-ლეონეში, სადაც ექიმთა რაოდენობა ათასამდეა, ტრადიციული მკურნალების რიცხვი დაახლოებით 45 ათასს შეადგენს და სწორედ მათ მიმართავს მოსახლეობის უმეტესობა.
სიერა-ლეონეს ტრადიციული მკურნალების საბჭოს ხელმძღვანელი, შეკუ ტარავალი, განაწყენებულია:
"კანუს მსგავსი ეშმაკის ჯუჯუ-ადამიანები ნამდვილი მკურნალების სახელს ლახავენ... ჩვენ მკურნალები ვართ და არა მკვლელები“.
ტარავალი მიიჩნევს, რომ რიტუალური მკვლელობების უკან ძალაუფლებისა და ფულის მაძიებელი ადამიანები დგანან.
სიკვდილის საფრთხე ღარიბ თემებში
ოფიციალური სტატისტიკა რიტუალური მკვლელობების შესახებ არ არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი სიკვდილები ხშირად არასწორად კლასიფიცირდება, როგორც უბედური შემთხვევა, თვითმკვლელობა ან ბუნებრივი სიკვდილი.
მაკენიში, სადაც ჟურნალისტის 28 წლის ბიძაშვილი, ფატმატუ კონტე, მაისში მოკლეს და მისი ცხედარი გზის პირას იპოვეს (მას წინა რამდენიმე კბილი აკლდა), ადგილობრივები რიტუალურ მკვლელობაზე ეჭვობენ. ოჯახმა გაკვეთისთვის თავად გადაიხადა, მაგრამ შედეგები გაურკვეველი იყო და არავინ დაუკავებიათ.
პაპაიოს დედის მსგავსად, პასუხების არარსებობა და პოლიციის მხრიდან მიტოვების შეგრძნება, კიდევ უფრო აღვივებს შიშსა და საშინელებას მაკენის მსგავს ღარიბ თემებში.