ავტორი:

"აშშ-ში თავშესაფარი წელს მიიღო, ის ავღანეთში, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდა" - ცნობილია ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდამსხმელის ვინაობა და ახალი დეტალები

"აშშ-ში თავშესაფარი წელს მიიღო, ის ავღანეთში, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდა" - ცნობილია ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდამსხმელის ვინაობა და ახალი დეტალები

აშშ-ში, თეთრ სახლთან ახლოს შემზარავი შემთხვევა მოხდა - სავარაუდოდ ავღანელმა მიგრანტმა ცეცხლი გაუხსნა ეროვნული გვარდიის წევრებს, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა ორი მათგანი. ინციდენტი ფარაგუტ ვესტის მეტროს სადგურის შესასვლელთან მოხდა. პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი ნეიტრალიზებულია.

ჯარისკაცებზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი „მაღალი ხილვადობის პატრულირებას“ ახორციელებდნენ. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინტერნეტში ვრცელდება დაჭრილი თავდამსხმელის ფოტოები

როგორც NBC News-ს ოთხმა მაღალი რანგის სამართალდამცავმა წყარომ დაუდასტურა, ეჭვმიტანილის სახელი და გვარია რაჰმანულა ლაკანვალი. ის ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდა. ამავე მედიის ცნობით, ეჭვმიტანილს აშშ-მ თავშესაფარი წელს მისცა.

სამართალდამცავი ორგანოების წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი არ თანამშრომლობს გამომძიებლებთან და დაკავების დროს თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პოლიციის ცნობით, ამჟამად დაკავებულის გარდა სხვა ეჭვმიტანილები არ არიან. გამოძიების ფედერალური ბიურო მიიჩნევს, რომ მსროლელის თავდაპირველი იდენტიფიკაცია ემთხვევა მამაკაცს, რომელიც აშშ-ში ავღანეთიდან 2021 წელს ჩავიდა.

  • FBI სროლას შესაძლო ტერორისტული აქტის კვალიფიკაციით გამოიძიებს.

“ცხოველმა, ეროვნული გვარდიის ორ წევრს ცეცხლი გაუხსნა, ისინი მძიმე მდგომარეობაში, სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი. თავდამსხმელმაც მიიღო მძიმე დაზიანება, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის...

ეს საზარელი თავდასხმა იყო ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტი. ეს იყო დანაშაული მთელი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ღამით, ეროვნული გვარდიის წევრების დაჭრის ფაქტზე საუბრისას.

ამასთან, აშშ-ის პირველმა პირმა ყველა მიგრანტის ხელახლა შემოწმების ბრძანება გასცა, რომლებიც ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდნენ.

"ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მომხდარის შემდეგ, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის კიდევ 500 ჯარისკაცი განლაგდება.

  • მედიაში ვრცელდება სროლის დროს დაჭრილი გვარდიის წევრის ფოტო.

ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ორივე ჯარისკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია x-ზე დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორმა პატრიკ მორისიმ გაავრცელა. თუმცა შემდეგ უარყო.

მისი თქმით, ოფისმა დაჭრილების შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდა.

იხილეთ ასევე: