ავტორი:

მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი 10-თვიან, ახალ, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურს ქმნის - ამის მიზეზი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია

მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი 10-თვიან, ახალ, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურს ქმნის - ამის მიზეზი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 27 ნოემბერს, ნებაყოფლობით პრინციპზე დაფუძნებული სამხედრო სამსახურის შექმნის შესახებ განაცხადა.

"იმ დღეს, როცა რუსეთს სისუსტის სიგნალს გაუგზავნით - ქვეყანას, რომელმაც უკვე ათწლეულია სტრატეგიულად გზად აირჩია იმპერიულ ძალად ქცევა, ის წინ წავა, რადგან როდესაც ის ჩვენს სისუსტეს ხედავს, კიდევ უფრო სწრაფად აგრძელებს წინსვლას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა რადიო RTL-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, საფრანგეთი 2027 წელს გეგმავს თავდაცვის წლიური ბიუჯეტი 64 მილიარდ ევრომდე გაზარდოს, რაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს დაემთხვევა. ეს თანხა ორჯერ აღემატება იმ 32 მილიარდ ევროს, რომელსაც ქვეყანა 2017 წელს თავდაცვაზე ხარჯავდა, ანუ იმ დროს, როდესაც ის პირველად აირჩიეს პრეზიდენტად.

მაკრონის თქმით, მოხალისეები - უმეტესად 18-19 წლის ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც 10-თვიანი პროგრამის ფარგლებში მხოლოდ საფრანგეთის კუთვნილ ტერიტორიებზე იმსახურებენ.

პროგრამა თანახმად, 2035 წლამდე მომზადებას ყოველწლიურად 50 000 მოხალისე გაივლის.

სავალდებულო სამხედრო სამსახური საფრანგეთში დაახლოებით 30 წლის წინ გაუქმდა, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მოხალისეობრივი წესით აღდგენა რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხისა და ევროპის კონტინენტზე შესაძლო ახალი კონფლიქტის გაჩენის რისკის გამო მოხდა.

მაკრონის თქმით, “ახალგაზრდა მოხალისეები სამსახურს მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიებზე გაივლიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საზღვარგარეთ, ქვეყნის სამხედრო ოპერაციებში. კონტინგენტის დაახლოებით 80% 18-19 წლის იქნება, ხოლო დანარჩენ ნაწილს 25 წლამდე კანდიდატები შეადგენენ, რომლებსაც განსაკუთრებული უნარები გააჩნიათ. მაგალითად, ინჟინრები“.

საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 200 000 მოქმედი სამხედრო პირი და 47 000 რეზერვისტი ირიცხება. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვები 2030 წლისთვის 210 000 სამხედრომდე და 100000 რეზერვისტამდე გაიზრდება.

ამ ეტაპზე ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა არ განიხილება.

წყარო