ავტორი:

უისტლერის ტრაგედია: როგორ იქცა ოლიმპიური ტრასა სიკვდილის გვირაბად - ქართველი ბიჭი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

უისტლერის ტრაგედია: როგორ იქცა ოლიმპიური ტრასა სიკვდილის გვირაბად - ქართველი ბიჭი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
  • 2010 წლის 12 თებერვალი
  • კანადა, ქალაქი ვანკუვერი
  • ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე

უისტლერის ოლიმპიური ტრასა მოლიპული იყო, კვარცივით თეთრი და უცნაური სიჩუმით სავსე… მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ ცოტა ხანში, ის სიკვდილის გვირაბად იქცეოდა.

იქაურობის შემოწმება არცთუ დიდი ხნის წინ დასრულდა, ყველაფერი წესრიგში ჩანდა.

"ვიფიქრეთ, უსაფრთხო ტრასა გვაქვს, შეგვიძლია ოლიმპიადა დავიწყოთ. და ეს შეცდომა იყო... “ - აღიარებენ მოგვიანებით ორგანიზატორები…

ნოდარ ქუმარიტაშვილი შეიძლება ითქვას, რომ ქართული ზამთრის გულში - ბაკურიანში დაიბადა და გაიზარდა, სადაც ყინულისა და თოვლის გარემოცვაში ციგითა თუ თხილამურებით სრიალისთვის პირდაპირ განწირული იყო…

  • მამა, დავით ქუმარიტაშვილი, მოციგავე იყო;
  • ბიძა, ფელიქსი - მოციგავე და მწვრთნელი;
  • ფელიქსის მამა ალეკო ქუმარიტაშვილი კი საერთოდაც საქართველოში ამ სახეობის შემომტანი და დამფუძნებელი...

ოჯახში სრიალი ჩვეულებრივი ამბავი იყო ....

ნოდარიც, როგორც ოჯახში თითქმის ყველა, სპორტში პატარა ასაკიდან მოხვდა და უკვე 21 წლის ასაკში ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, ეს სპორტის ამ სახეობისთვის, საკმაოდ ადრეულ ასაკად მიიჩნევა, რადგან მოციგავეები 30 წლის ზემოთაც წარმატებით აგრძელებენ კარიერას.

რუსიკო აფციაური, საქართველოს დელეგაციის წევრი, იმჟამად ასე იხსენებდა მას:

"სახეზე ეტყობოდა - სურდა, მზად იყო სიამაყით ეტარებინა საქართველოს დროშა".

მშვიდი, თავაზიანი ბიჭი, - ასეთად ახსოვთ სპორტსმენებს, - ბავშვური, გულწრფელი სახით …

ტრაგიკულ დღეს, ბოლო წუთებში, ნოდარი გასახდელში ფრანგ ტომა ჟიროს მოპირდაპირედ იჯდა და ემზადებოდა, მანამდე კი საპირფარეშოსთან კანადელ ჯეფ კრისტის შეხვდა. ინდოელმა მოციგავე კეშავანმა კი ახალგაზრდა მეტოქეს წარმატება უსურვა.

"რომ მცოდნოდა, რომ ეს ბოლო საუბარი იქნებოდა… ბევრად მეტს ვეტყოდი", - დანანებით იტყვის კეშავანი რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ კანადურ გამოცემასთან.

* * *

იმ საბედისწერო დღეს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. სპორტსმენი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა...

ქართველის სპორტსმენი სულ რაღაც 21 წლის იყო.

ა.წ. 25 ნოემბერს ბიჭს, რომლის ტრაგიკულმა სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა, 37 წელი შეუსრულდებოდა...

როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ნოდარი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული და განათლებული ახალგაზრდა გახლდათ.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ჰქონდა, რომ არა ეს ტრაგედია.

2021 წელს Sportall.ge-სთან საუბარში ნოდარის მამამ დავით ქუმარიტაშვილმა განაცხადა, - საქართველოში ჩამოსულმა დელეგაციამ ოფიციალურად აღიარა, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენის ტრაგიკულად დაღუპვა საციგურაო ტრასის ბრალი იყო.

"ჩამოვიდა დელეგაცია საქართველოში და ოფიციალურად აღიარეს, რომ ტრაგედია ტრასის გაუმართაობამ გამოიწვია. გერმანელი, რომელიც შეჯიბრების გამარჯვებული გახდა, ნოდარის ორმოცზე იყო ჩამოსული და სახალხოდ თქვა, ნოდარი რომ არ ყოფილიყო, ჩვენც რომელიმე დავიღუპებოდითო. ნოდარმა გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლეო", - ამბობს ის ინტერვიუში და იქვე იხსენებს:

"ვიდრე ვარჯიშები დაიწყებოდა, ტელეფონით მელაპარაკა, მითხრა, ძალიან სახიფათო მოსახვევიაო. მე ვუთხარი, თავს ნუ ჩაიგდებ საფრთხეში, დაამუხრუჭე, არ გარისკო-მეთქი. ეწყინა ჩემი ეს რჩევა, გამიბრაზდა, ტელეფონი გამითიშა... რას ლაპარაკობ, მამა, დასამუხრუჭებლად ჩამოვედიო?!"

როგორც წარსულში თვითონაც მოციგავე მამა იხსენებს, შვილმა სპორტული გზა მამისგან დამოუკიდებლად, თვითონ აირჩია. ინტერვიუში დავით ქუმარიტაშვილი ამბობს, - არც კი მიფიქრია, რომ ნოდარს სპორტის ეს სახეობა მოეწონებოდაო...

მოეწონა და თანაც როგორ, როგორც ამბობენ, შედეგის მისაღწევად ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. მისი მწვრთნელი კი იყო მისი ბიძა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ფელიქს ქუმარიტაშვილი.

საერთოდაც ქუმარიტაშვილების გვარს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამ გვარის სპორტსმენები საბჭოთა პირველობაზე ყოველთვის საუკეთესო შედეგებით გამოირჩეოდნენ.

"როცა დრო ჰქონდა, ბაკურიანში თხილამურებზეც დგებოდა, პატარებს თხილამურებზე დგომას ასწავლიდა. ეკლესიური იყო ძალიან, წირვებზე დადიოდა. ეკონომიურზე სწავლობდა. ტრაგედია რომ დატრიალდა, მე-4 კურსზე იყო. დიპლომი სახლში მოგვიტანეს.... რაც შეეხება მის პირველ წარმატებას, თუ არ მეშლება და კარგად მახსოვს, 16 წლის იყო, როცა გერმანიაში ჩატარდა ტურნირი და თხუთმეტეულში მოხვდა", - იხსენებს ნოდარის მამა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს, ვანკუვერში საწვრთნელი დაშვებისას, ზუსტად იმ მოსახვევში, ძლივს გადაურჩა ტრაგედიას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერი, რომელმაც მართვა დაკარგა, ციგიდან გადმოვარდა და 200 მეტრი ზურგზე დაცემულმა ისრიალა. შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს რუმინელი მოციგავე ვიოლეტა სტრამატურარუ, რომელსაც დაცემისას ტვინის შერყევა დაუდგინეს და ექიმებმა შეჯიბრებიდან მოხსნეს.

თავდაპირველად, ორგანიზატორთა ოფიციალური განცხადებით, ტრაგედია მიციგავეს შეცდომას მოჰყვა და არა ტრასის გაუმართაობას, თუმცა საბოლოოდ მოუწიათ აღიარება, რომ მომხდარი სწორედ ტრასის ბრალი იყო.

ირაკლი ჯაფარიძე, რომელიც ვანკუვერის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, იმჟამად აცხადებდა:

"ერთ ღამეში ააშენეს დამცავი კედელი. აქამდე სად იყვნენ? მაინცდამაინც ტრაგედია უნდა მომხდარიყო, უსაფრთხოების ნორმები რომ გაემკაცრებინათ?"

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სამგლოვიარო დროშით

2010 წლის 17 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს. 20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა, მის სახლში ასევე ფუნქციონირებს სპორტსმენის მუზეუმი.

ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა. 2018 წელს, სპორტსმენის დედის, დოდო ხარაზიშვილის ავტორობით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა წიგნი, რომელიც 21 წლის სპორტსმენის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და სპორტულ კარიერაზე მოგვითხრობს.

2020 წლის დეკემბერში, კანადაში, ვანკუვერის "სტენლის ცენტრალურ პარკში" საქართველოს საელჩოსა და ვანკუვერის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით. ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

  • 12 წლის შემდეგ

ტრაგედიიდან 12 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია კიდევ ერთი ქუმარიტაშვილმა მოიპოვა და ისევ 21 წლის ასაკში. ამჯერად ოლიმპიურ ტრასაზე ნოდარის ბიძაშვილი - საბა გავიდა...

"ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, თუმცა, ამავდროულად, ძალასაც მმატებს. ყველა თაობაში ერთი მოციგავე მაინც გვყავდა და ახლა მეც მის ნაბიჯებს მივყვები“, - თქვა მან ოლიმპიადის დაწყებამდე...

საბამ მედალი ვერ მოიგო - 34 სპორტსმენიდან 31-ე ადგილი დაიკავა, მაგრამ მისთვის ამას მნიშვნელობა ნაკლებად ჰქონდა.

მან ყველაზე მთავარი გააკეთა - იქ დაბრუნდა, სადაც ნოდარის გზა შეწყდა... მან ეს გზა გააგრძელა...