რომის პაპი ლეო XIV თურქეთში ჩავიდა. ეს საზღვარგარეთ მისი პირველი მოგზაურობაა კათოლიკური ეკლესიის მეთაურის რანგში.
ვატიკანის განცხადებით ექვსდღიანი მისია, რომელიც თურქეთსა და ლიბანში მშვიდობისა და ერთობის განმტკიცებისკენ არის მიმართული “მოლოდინებით არის აღსავსე“. გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობების ფონზე.
“ახალი მსოფლიო ომი ნაწილობრივ მიმდინარეობს და კაცობრიობის მომავალს საფრთხეს უქმნის“, - ციტირებს მედია პაპის გაფრთხილებას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ითქვა.

პაპი ლეო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა. ასევე დაგეგმილია შეხვედრა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I თან, რომელიც ნიკეის საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების დროს უნდა გაიმართოს.
ანკარაში სიტყვით გამოსვლისას, ლეომ განაცხადა, რომ “მსოფლიოში კონფლიქტი გლობალურ დონეზე მწვავდება, რასაც ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლების არსებული სტრატეგიები უწყობს ხელს“.
"მესამე მსოფლიო ომი ნაწილ-ნაწილ მიმდინარეობს. ჩვენ ამას არ უნდა დავემორჩილოთ, კაცობრიობის მომავალი სასწორზეა“, - დასძინა პაპმა.

ლეომ თურქეთის ლიდერებს მოუწოდა, “სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ხალხებს შორის დაახლოების როლი შეასრულონ“.
რომის პაპი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მდებარე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სხვადასხვა ქვეყნის, სარწმუნოებისა და ეკონომიკური წარმომავლობის ადამიანებს გაესაუბრა და მათ დიალოგისკენ მოუწოდა.
პაპმა განცხადებები ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მან გააკრიტიკა ხელოვნური ინტელექტი და თქვა, რომ ის “აჩქარებს პროცესებს, რომლებიც უფრო დეტალური შესწავლის შემდეგ არა მანქანების, არამედ თავად კაცობრიობის შემოქმედებაა“.
როგორც მედია წერს, პაპმა ასევე გააკრიტიკა “სამომხმარებლო ეკონომიკა“, რომელიც, მისი თქმით, მარტოობას აძლიერებს - “ამის სანაცვლოდ ადამიანებმა უნდა შექმნან კულტურა, რომელიც აფასებს სიყვარულს და პირად კავშირებს“, - აღნიშნა პაპმა.
პაპთან საუბრისას ერდოღანმა შეაქო მისი მოწოდება უკრაინაში ომის დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ და აღფრთოვანება გამოხატა მისი პოზიციის მიმართ პალესტინელებთან დაკავშირებით.
პაპი ლეო ზომიერ და მშვიდი პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა, განსხვავებით ემოციური და ზოგჯერ ხისტი ფრანცისკესგან, ამიტომ მისი პირველი საგარეო ვიზიტის სამიზნედ თურქეთისა და ლიბანის არჩევა სტრატეგიული ნაბიჯს წარმოადგენს.
ლეოს კვირას ლიბანში გაემგზავრება.

დაგეგმილია, რომ პაპი ასევე ლურჯ მეჩეთს ეწვევა და სტამბოლის “Volkswagen Arena“- ში კათოლიკურ მესას აღავლენს.