ლელა კილაძის პირადი ცხოვრება წლების განმავლობაში მუდმივად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში - მისი ქორწინებები და ხმაურიანი დაშორებები დღემდე განხილვის საგნად რჩება, თუმცა ამჯერად ის საზოგადოების წინაშე სულ სხვა ამპლუაში, თავის მეუღლესთან, მუსიკოს გიორგი ცაგარელთან ერთად წარდგა. წყვილი პოდკასტ "გაბედეს" სტუმრობდა, რომელშიც მათ პირველად ისაუბრეს ღიად იმ მძიმე გზაზე, რასაც დამოკიდებულება, დეპრესია და ფსიქიატრიულ კლინიკაში გატარებული დღეები ჰქვია.
ლელა კილაძის სახელი წლების განმავლობაში არაერთ ცნობილ მამაკაცს უკავშირდებოდა. საზოგადოებას ახსოვს მისი ქორწინებები, რომლებიც ხშირად დრამატულად სრულდებოდა. როგორც ლელა თავად აღიარებს, პრობლემა ხშირად მასშიც იყო - დამოკიდებულება არა მხოლოდ ნივთიერებებზე, არამედ ადამიანებზეც ჰქონდა.
"ადამიანებზე დამოკიდებულებაც მქონდა... შევდივარ ურთიერთობაში, ვაშენებ, მაინტერესებს და შემდეგ მე თავად ვანგრევ", - ამბობს ლელა პოდკასტში. მისი თქმით, ეს დესტრუქციული ქცევა მისი ცხოვრების თანმდევი ნაწილი იყო, ვიდრე არ გააცნობიერა, რომ პრობლემა გაცილებით ღრმა იყო, ვიდრე, უბრალოდ, წარუმატებელი ქორწინებები.
როგორც წყვილი ამბობს, მათი სიყვარულის ისტორია რომანტიკული ვახშმით არ დაწყებულა. მათი ურთიერთობის საწყისი წერტილი ალკოჰოლი და სასოწარკვეთა იყო.
"ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. ერთ დღეს პარკში დავსხედით და საუბარი დავიწყეთ. მთვრალი ვიყავი..." - იხსენებს გიორგი ცაგარელი. სწორედ იმ დღეს უთხრა გიორგიმ ლელას, რომ რეაბილიტაციის ცენტრში უნდა დაეწყო სიარული. გიორგის ურთიერთობები მანამდეც სწორედ ალკოჰოლის გამო ენგრეოდა, მუსიკაც კი აღარ აინტერესებდა.
ლელა, რომელსაც უკვე ჰქონდა დამოკიდებულებასთან ბრძოლის გამოცდილება, გიორგის ულტიმატუმებით არ შეხვედრია.
"მიმიშვა. ყველას ჩვენ-ჩვენი ფსკერი გვაქვს, რაღაც უნდა შეცვლილიყო", - ამბობს გიორგი.

ლელა კილაძისთვის გარდამტეხი მომენტი 5 წლის წინ დადგა, როცა აღმოაჩინა, რომ მის შვილს მოხმარების პრობლემა ჰქონდა.
"მივიყვანე ბავშვი სარეაბილიტაციო ცენტრში და ვუთხარი, ჩაიბარეთ. მე ძალიან კარგად ვარ, ჩემი პრობლემა ეს არის-მეთქი. ეს თუ კარგად იქნება, მეც კარგად ვიქნები", - იხსენებს ლელა.
თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. როდესაც ცენტრში ლელას ცხოვრების წესით დაინტერესდნენ, მან უპასუხა: "ხანდახან ვსვამ, ხანდახან ვერთობი, ხანდახან ქიმიურ ნივთიერებას მოვიხმარ. ბევრი შვილი მყავს და შემიძლია ორსულობის 9 თვე, ასევე ლაქტაციის პერიოდი არაფერი მივიღო". სპეციალისტებმა მას აუხსნეს, რომ პაუზები არ ნიშნავს სიჯანსაღეს და რომ დამოკიდებულება ოჯახური დაავადებაა.
ყველაზე მძიმე ეპიზოდი ლელას ცხოვრებაში დეპრესიასა და ფსიქოდელიურ ნარკოტიკებს უკავშირდება. როგორც ის ჰყვება, დეპრესიის დროს მიღებულმა ნივთიერებამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა.
"ერთ თვეში პირდაპირ ფსიქიატრიულში გამაქანეს. 27 დღე ექიმმა დამაპატიმრა. არ მინდოდა იქ გაჩერება. მდგომარეობიდან რომ გამოვედი, შოკი მქონდა - აქამდე როგორ მივედი?! ფსიქიატრშიც ვარ ნაწოლი, მაშინ ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და არ ვიცოდი, როგორ უნდა მეცხოვრა."
"დიდი ხანია დეპრესია არ მქონია. ახლახან ბავშვი გავაჩინე და პოსტსამშობიარო პერიოდს ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემები დაემთხვა. მაშინ ვთქვი, რა კარგია, რომ ის შფოთვა და დამოკიდებულება აღარ მაქვს, თორემ რა მდგომარეობაში ვიქნებოდი ახლა", - ამბობს ლელა.
შეიცვალა მათი გართობის სტილიც. გიორგი აღნიშნავს, რომ ფხიზელი უფრო ინტროვერტია და არაფხიზელი ადამიანები მისთვის დამღლელები არიან.
"ცეკვა მენატრება, ერთი-ორჯერ ვცადე კლუბში გათენება, მაგრამ სახლში რომ მოვედი, მეტირებოდა, თითქოს საკუთარ თავს ვაძალებდი. ახლა მირჩევნია შვილებთან ვიყო, კარგ სერიალს ვუყურო ან წიგნი წავიკითხო", - აღნიშნავს ლელა კილაძე, რომელმაც ხმაურიანი წვეულებები და რთული წარსული მშვიდ ოჯახურ გარემოზე გაცვალა.
ლელა:
- იყო მომენტები გამოჯანმრთელება რომ დავიწყე და მოვყოჩაღდი, მიყვარდა მისვლა მეგობრებთან სადაც ერთობოდნენ და მე ისე ვიყავი, რომ ნახეთ, რა მაგარი ტიპი ვარ, შემიძლია არ დავლიო და ისე გავერთო. მერე მივხვდი, რომ შეჯიბრება არ იყო საჭირო. რომ გითხრა, რომ საღამოს კლუბში მივდივარ და ვზივარ, არა, მირჩევნია შვილებთან ვიყო, კარგ სერიალს ვუყურო, წიგნი წავიკითხო. ცეკვა მენატრება, ერთი ორჯერ ვცადე გათენება კლუბში, მაგრამ სახლში რომ მოვედი, რაღაც ისე ვიყავი, მეტირებოდა, თითქოს საკუთარ თავს ვაძალებდი.
ჩემთვის ყველაფერი დესტრუქცია რაც არის დამოკიდებულებაა. ამ ტკივილით, ტანჯვით ბევრ ადამიანს გული ვატკინე, მეც მეტკინა. ოღონდ ასე ცუდად არ ვიყო, რასაც მინდა იმას ვიზამ, ასეთი დამოკიდებულებაც მქონია. ყველაზე ცუდად როცა ვარ, შიშია, რომელიც უკონტროლოა და არ იცი, საით წაგიყვანს...