დღეს დილით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის, სამთავრობო კვარტალში მდებარე რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარეს.
ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ადასტურებენ.
"უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს (ჩხრეკას) უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება“, - აცხადებენ უწყებებში.

“დღეს, NABU და SAP ჩემს სახლში აწარმოებენ სამართლებრივ პროცედურებს. გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ შეხვედრიათ. მათ ბინაში სრული წვდომა მიეცათ. ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ. მე სრულად ვთანამშრომლობ“, - წერს ერმაკი “ტელეგრამ არხზე“.
UNIAN-ის ინფორმაციით, ამჟამად უცნობია, თუ რომელი საქმის გამოძიების ნაწილია ეს ჩხრეკები.
ბოლო პერიოდია უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუფციული სკანდალის შესახებ ავრცელებს ცნობებს.
ბიუროს დეტექტივები ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში, დიდი ოდენობით ფულის გათეთრებასა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვზე უკანონო გავლენის მოხდენაში ადანაშაულებენ.
20 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან "ხალხის მსახურის“ ფრაქციის შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) მიერ ჩატარებული გამოძიებები.
როგორც UNIAN-ს ფრაქციის წყარომ აცნობა, შეხვედრაზე დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა მარიანა ბეზუგლამ, რომელიც ადრე "ხალხის მსახურის“ ფრაქციას ეკუთვნოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის, შესაძლო გადადგომის შესახებ იკითხა.
“ზოგიერთი არ გამორიცხავს მის შესაძლო კავშირს ამ კორუფციულ სქემაში, მაგრამ ანტიკორუფციული სააგენტოების წარმომადგენლებმა მის შესახებ ოფიციალური განცხადებები არ გააკეთეს.
ფრაქციასთან შეხვედრაზე, ერმაკის შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვაზე, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "ამ საკითხს იკვლევდა“. შეხვედრას თავად ერმაკიც ესწრებოდა,“ - წერს “უნიანი“.
იხილეთ ასევე: