ავტორი:

"პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ... მინდა, შვილებზე მოვახდინო ფოკუსირება " - ილია თოფურია კარიერულ პაუზას იღებს: რა ხდება ჩემპიონის თავს?

"პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ... მინდა, შვილებზე მოვახდინო ფოკუსირება " - ილია თოფურია კარიერულ პაუზას იღებს: რა ხდება ჩემპიონის თავს?

UFC-ის სუპერვარსკვლავმა, დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - ის კარიერაში პაუზას იღებს და 2026 წლის ზაფხულამდე ოქტაგონზე აღარ გავა. მსუბუქი წონის ჩემპიონის თქმით, მას პირად ცხოვრებაში "რთული მომენტი" აქვს და სურს, მთელი ყურადღება შვილებზე გადაიტანოს.

ბოლო კვირების განმავლობაში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ილიასა და მისი მეუღლის, ჯორჯინას სავარაუდო დაშორებისა და მოსალოდნელი განქორწინების შესახებ. სწორედ ამ ხმების ფონზე გააკეთა თოფურიამ განცხადება, რითაც სპორტულ კარიერასთან დაკავშირებული გაურკვევლობა დაასრულა.

  • "სიტუაციის მოგვარება მინდა"

ჩემპიონმა განცხადება სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) ხუთშაბათს საღამოს გაავრცელა:

"მომავალი წლის პირველ კვარტალში არ ვიჩხუბებ. პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ. მინდა, ფოკუსირება ჩემს შვილებზე მოვახდინო და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო", - წერს თოფურია.

მისი თქმით, მას არ სურს დივიზიონის შეფერხება:

"არ მინდა დივიზიონი გავაჩერო. UFC ჩანიშნავს საჭირო ბრძოლებს და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, ორგანიზაციას ვაცნობებ, რომ დაბრუნებისთვის მზად ვარ".

  • სპორტული კარიერა და მხარდაჭერა

28 წლის მებრძოლი ოქტაგონზე ბოლოს ივნისში ვიხილეთ, როდესაც UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა, მსუბუქი წონის ტიტული მოიპოვა და ორმაგი ჩემპიონი გახდა (მანამდე ის ქვემსუბუქი წონის ქამარსაც ფლობდა).

თოფურიას განცხადებას მისი ყოფილი მეტოქე, მაქს ჰოლოუეი გამოეხმაურა და ქართველ ჩემპიონს მხარდაჭერა გამოუცხადა:

"ვწუხვარ ამის გაგებით, ჩემპიონო. თუ ეს ისაა, რაც მგონია, პირადად ვიცი, რამხელა სირთულეა იბრძოლო მაშინ, როცა შენი შვილების დაცვას ცდილობ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ჰოლოუეი.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა UFC ტიტულთან დაკავშირებით. თოფურიას არყოფნაში ქამრისთვის ბრძოლის სურვილი უკვე გამოთქვეს პედი პიმბლეტმა, ჯასტინ გეიჯიმ და არმან ცარუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ თოფურიას პაუზამდე ყველაზე რეალურ მეტოქედ პედი პიმბლეტი განიხილებოდა. "მე პედიზე ვფიქრობ, მინდა მასთან ვიჩხუბო," - აცხადებდა ილია ესპანელ ჟურნალისტთან საუბრისას, თუმცა პირადი პრობლემების გამო, ეს დაპირისპირება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

წაიკითხეთ ასევე: