ავტორი:

რამაზ შენგელია - მოედანზე მეტოქის რისხვა, ცხოვრებაში - მორიდებული, თბილი და დიდი გულის ადამიანი: რას ჰყვებიან შვილი და მეგობრები ქართული ფეხბურთის ლეგენდაზე?

რამაზ შენგელია - მოედანზე მეტოქის რისხვა, ცხოვრებაში - მორიდებული, თბილი და დიდი გულის ადამიანი: რას ჰყვებიან შვილი და მეგობრები ქართული ფეხბურთის ლეგენდაზე?

ფეხბურთი ბავშვობიდან შეიყვარა, მერე მამას საფეხბურთო სკოლაშიც შეაყვანინა თავი. თავიდან დაიწუნეს, მაგრამ ყველას მაინც დაუმტკიცა, რომ ბევრი შეეძლო...

რამაზ შენგელია კლასიკური ცენტრფორვარდი იყო - უნიკალური საგოლე ალღოთი და საოცარი შედეგებით. თანამედროვე ცენტრალური თავდამსხმელები დაბადებულიც არ იყვნენ, რამაზს ერთიმეორეზე უკეთესი და საჭირო გოლები რომ გაჰქონდა: მხოლოდ "არარატის" ან "სპარტაკის" კი არა - "ლივერპულის", "ბაიერნის", "ნაპოლის", "ვესტ ჰემის" თუ "ჰერტას" კარში... ერთადერთი ქართველია, ვინც ორჯერ დაასახელეს საბჭოეთის საუკეთესო ფეხბურთელად! 21 წლის რამაზ შენგელიას ანგარიშზე უკვე 70 გოლი გახლდათ - "ტორპედოს", "დინამოს" თუ ახალგაზრდული ნაკრების მაისურით გატანილი...

რაც მთავარია, მხოლოდ საფეხბურთო კარიერით კი არა, სიყვარულით, ქუთაისური იუმორით, იშვიათი თავმდაბლობით გამორჩეული კაცი იყო...

სამწუხარო ისაა, რომ ამ ქვეყნიდან ნაადრევად, 55 წლის ასაკში უეცრად წავიდა...

ambebi.ge ლეგენდარული ფეხბურთელს იხსენებს.

  • "ძალიან მეამაყება მამაჩემის შვილობა..."

რამაზ შენგელიას შვილმა ნატა შენგელიამ, ჩვენი თხოვნით, მამაზე ბევრი საინტერესო ამბავი გვიამბო:

- 1983 წელს დავიბადე და მთელი ცხოვრება იმ ისტორიების, ამბების მოსმენით ვიზრდებოდი, თუ რა ხდებოდა მაშინ, როცა მამა და მისი თაობა ფეხბურთს თამაშობდა. რა ხდებოდა 1981 წელს, "დინამომ“ თასების თასი რომ მოიპოვა... ბებოები, ბაბუები სულ ამას ჰყვებოდნენ და ამით ცხოვრობდნენ.

ბოლო დროს ჩვენში თანამედროვე საფეხბურთო ცხოვრებაში კარგი ამბები დატრიალდა, - ევროპაზე რომ გავედით, ვამბობდი, - ეს არის ჩემი თვალით დანახული 1981 წელი რეალობაში-თქო. ნათლად წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მაშინ საქართველოში... მამისგან ის ისტორიაც ვიცი, ბატონი კოტე მახარაძე იმ სიტყვების გამო რომ დაიბარეს - გამარჯვების შემდეგ, მატჩის კომენტატორობისას, სატელევიზიო ეთერში რომ თქვა - "წარმომიდგენია, რა ხდება თბილისში, ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი“. რას ნიშნავს თბილისი, მოსკოვი უნდა გეთქვაო (საბჭოთა ცენზურამ ეს ვერ აიტანა).

- პროფესიით ვინ ხართ?

- დიპლომატი. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიის ისტორია, მაგისტრატურა უკვე ვარშავის უნივერსიტეტში მენეჯმენტის მიმართულებით გავიარე. თიბისი ბანკში ნაწილობრივ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, რადგან საერთაშორისო კლიენტებთან მიწევს შეხება... იმის გამო, რომ მერე ცოდნა ფინანსებშიც გავიღრმავე, ამიტომ 18 წელია, ბანკში ვარ. ბევრი პოზიცია შევიცვალე, დიდი კომპანიაა და სხვადასხვა ადგილას ვიყავი. ახლა, როგორც ვთქვი, საერთაშორისო კლიენტებს ვემსახურები, რომლებიც მსხვილი, დაგროვილი კაპიტალის მქონენი არიან. საბანკო სისტემა გათავისებული მაქვს, როგორც იტყვიან, ჩემია.

- როგორია ლეგენდარული ფეხბურთელის შვილობა?

- რაც დრო გადის, მამაჩემს კიდევ სხვანაირად ვაფასებ. ადრე თითქოს ასე ვერ აღვიქვამდი. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ვიზიტების დროს, უცხოელებთან როცა მაქვს შეხვედრა, ჩემს გვარს რომ იგებენ, მეკითხებიან, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თქვენი ვინ იყოო? გაოცებულები რჩებიან, შოკში ვარდებიან, რომ ვუპასუხებ, - მამა-მეთქი. ზოგს ჰგონია, რომ ვეხუმრები... საოცარი ემოციები მეუფლება...

- თქვენი განათლების მიღების პროცესში მამა მონაწილეობდა?

- ძალიან ჩართული იყო, სულ გვერდში მედგა და ჩემი წარმატება ახარებდა. თბილი მამაშვილობა გვქონდა... 55 წლის ასაკში, ძალიან ადრე და მოულოდნელად წავიდა ამქვეყნიდან. ძნელია მის გარეშე დარჩენა. რომ ვთქვა, რაიმე სერიოზულად აწუხებდა-მეთქი, ასე არ ყოფილა. ამიტომ მისი გარდაცვალება თავზარდამცემი იყო. მთელ ოჯახს ამასთან შეგუება ძალიან გაგვიჭირდა. ეს ჩვენთვის საშინელება, დიდი ტრაგედია აღმოჩნდა. ასე ახალგაზრდა, ასეთი თბილი და განსხვავებული ადამიანის დავკარგეთ...

მისი ასე უდროოდ წასვლა ცოტათი გენეტიკური ამბავიც მგონია. ბაბუაჩემი მამასავით ახალგაზრდა, გულით გარდაიცვალა, რამაზის ძმაც გულით და ადრეულ ასაკში წავიდა...

მამა უზომოდ თავმდაბალი იყო, ერთად როცა ვიყავით და იცნობდნენ, ისე წუხდა, ერიდებოდა, მის გამო ადამიანები რომ წუხდებოდნენ.

- მასთან ინტერვიუ ერთხელ მაქვს ჩაწერილი და მივხვდი, რომ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა...

- გამორჩეული იუმორი ჰქონდა. ახლა მის შვილიშვილებს - ჩემს უმცროს ძმისშვილს და ჩემს უმცროს შვილს აქვთ საოცარი იუმორი გრძნობა და მათ ამის გამო რამაზს ვადარებთ. მამა ადამიანების ზუსტ პაროდიებსაც აკეთებდა, რითაც ძალიან გვახალისებდა...

- ნიჭიერი ადამიანი იყო და, როგორც ჩანს, ნიჭს მხოლოდ ფეხბურთში არ ავლენდა...

- ფანტასტიკური სმენა ჰქონდა და სიმღერაზე გიჟდებოდა, კარგად მღეროდა... ხშირად ამბობდა, ფეხბურთელს განათლება და გონება უნდა ჰქონდეს. მოედანზე თუ მის უკან და წინ რა ხდება, ამას ვერ ხედავს, ვერ აღიქვამს, სხვანაირად წარმოუდგენელია ფეხბურთი ითამაშოს... საერთოდ განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა არა მარტო რამაზს, მთელ იმ თაობას, ვინც მასთან ერთად დიდ ფეხბურთს თამაშობდა.

ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ბურთი, ეზოშიც ძალიან შეიმჩნეოდა მისი თამაშის გამორჩეული უნარი და მამას სთხოვდა, ფეხბურთზე ეტარებინა. ბაბუაჩემს ფეხბურთზე მეორე შვილთან, რამაზის ძმასთან, რაულთან ერთად მიუყვანია. მწვრთნელს რამდენიმე დღეში უთქვამს, რაულს დავიტოვებთ, ნიჭიერია, ამისგან არაფერი გამოვაო. რამაზს სახლში ბევრი უტირია, ფეხბურთი მინდაო და ისევ მიუყვანიათ. რაღაც პერიოდი კარში ჩაუყენებიათ... ასე დაიწყო მისი ისტორია და ფეხბურთში ნელ-ნელა დაიმკვიდრა თავი.

- მეუღლეც ფეხბურთელი გყავთ. ისე გამოვიდა, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ფეხბურთით ხართ მოცული, ხომ?

- დიახ, საფეხბურთო ოჯახი გვაქვს. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელის შვილი ვარ, ჩემი მეუღლეც რევაზ გოცირიძე ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ახლა უკვე მწვრთნელია. ასევე ფეხბურთელის დედა ვარ - ჩემი შვილი - დავით გოცირიძე 21 წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა. ძმა - გიორგი შენგელიაც ფეხბურთელი იყო. ხომ ხედავთ, ფეხბურთში რამხელა "დატვირთვა“ მაქვს. სპორტის ეს სახეობა 360 გრადუსით შემიძლია შევაფასო, ყველა მხრიდან დავინახე. რაც დრო გადის, ვხვდები, რა რთული, რა ეკლიანი და რა ძნელია ფეხბურთში რაღაცის მიღწევა, მით უფრო, ჩვენს ქვეყანაში. ამის ფონზე მამაჩემს კიდევ მეტად ვაფასებ. თურმე რამდენი რამ გაუკეთებია. ამხელა საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო, 2-ჯერ საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი, ამდენი გოლის ავტორი. თან საქართველოს დედაქალაქში კი არ იყო დაბადებული, ქუთაისში დაიბადა, ძალიან უბრალო ოჯახში. ბებიაჩემი ფიზიკოსი გახლდათ, ბაბუაჩემი - რკინიგზის მატარებლის გამცილებელი.

- სულ ვიხსენებ მამის მოყოლილ ისტორიებსო - მითხარით. ჩვენც მოგვიყევით რამაზ შენგელიას ამბები...

- პატარაობაში მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტადიონზე მაყურებლის სტატუსით მოხვდა თურმე. ის ემოცია მკაფიოდ ჰქონდა ჩაბეჭდილი და არც ისე ბევრი წლის შემდეგ, იმავე სტადიონზე უკვე ფეხბურთელს მოუწია თამაში. იხსენებდა, - მაყურებლით სავსე მთელი სტადიონი ტაშს მიკრავდა და იმ წუთას მივხვდი, ბავშვობაში მიზნად დასახული ამ სტადიონზე თამაში, როგორ ამიხდაო...

როგორც პერსპექტიული, ფეხბურთელი თბილისის "დინამოში“ რომ გადმოიყვანეს, ბაზაზე ცხოვრობდა. ფეხბურთელებიდან ვინც თბილისელი იყო, ყველას თავის სახლი ჰქონდა, ვინც რეგიონიდან და სხვა ქალაქიდან იყო, ისინი ბაზაზე ცხოვრობდნენ...

ჩემი შვილი ბავშვობაში ფეხბურთზე რომ დადიოდა, ბუცებს რომ ვურეცხავდი, მამა მეუბნებოდა ხოლმე, - ბუცებს ცივ წყალში, ჩემი ხელით, ვრეცხავდი, ცხელი წყალიც არ მქონდაო... მისი დიდი შრომისა და წვალების შესახებ, თუ როგორ დაიმკვიდრა თავი სპორტში, არაერთი ამბავი მომისმენია. ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო გზა გაიარა...

- როგორი იყო სახლში, მაგალითად, საოჯახო საქმე თუ ეხერხებოდა?

- სულ წასული იყო, ჩემი ძმა რომ დაიბადა, 1979 წელს მაშინაც არ იყო საქართველოში. პატარაობაში ჩემ გვერდით ძირითადად დედა, ბებია და ბაბუა მახსოვს. ისე, დედასაც უწევდა მამასთან ერთად ქვეყნიდან გასვლა, როცა დიდი თამაშები იყო... მამა სახლში უკვე სკოლის ბოლო წლებიდან, სტუდენტობის პერიოდიდან მახსოვს. ძალიან კომფორტული, მეგობრული ადამიანი იყო. კარგი რჩევა-დარიგებები იცოდა. ახლა რომ ვფიქრობ, წინასწარმეტყველურად რამდენი რამ აქვს ჩემთვის ნათქვამი. რაღაცაზე რომ ვშფოთავდი და ვღელავდი, მეუბნებოდა, - ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი მაინც თავისით ლაგდება, სანერვიულო ამქვეყნად არაფერიაო. საოცარი ფსიქოლოგი იყო. წინასწარ გეტყოდა, რომ ეს ასე და ასე იქნებაო - წლები რომ გადიოდა, მართლა ისე ხდებოდა. უბრალოდ, მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი.

უზომოდ მშრომელი და დაუღალავი იყო. როცა ფეხბურთს თამაშობდა, საოცარი წვრთნები ჰქონდათ, დიდი დატვირთვა. - მინდორზე დაღლილები სანამ არ დავეცემოდით, ვარჯიშს მანამდე არ ვასრულებდითო. მკაცრ რეჟიმსა და დისციპლინა უძლებდა... იტყოდა ხოლმე, რამდენჯერაც საჭირო იყო, იმდენჯერ უნდა ჩამერბინა საჯარიმოში, არ ვიზარებდი, 100-ჯერ რომ ჩავირბენდი, 101-ედ შესაძლოა ხელში ბურთი ჩამეგდოო. მაქსიმალისტს, შინაგანად მოწესრიგებულს დისციპლინა უყვარდა. ეს თვისებები მისგან მეც გამომიმუშავდა... მეუბნებოდა, როცა საქმეს გულით აკეთებ და იმაზე არ ფიქრობ, იქიდან რამდენ ფულს იშოვი, ეს კარგია, გულით გაკეთებულ საქმეში ფული თავისით მოდის - საქმე გულით და ბოლომდე უნდა აკეთოო.

- გამოდის, ნებით თუ უნებლიედ, ფეხბურთი დედამაც შეიყვარა, ხომ?

- დედა მისი ზურგი იყო. ძლიერი პიროვნებაა, ძლიერი ქალია. მგონია, რომ რამაზის ასეთი დიდი წარმატება მისი დამსახურებაც არის. ყველანაირად ხელს უწყობდა. ძალიან გვერდში ედგა.

- გიორგიზე თქვენს ძმაზე რას გვეტყვით?

- ისევ სპორტულ სამყაროშია დასაქმებული, ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს“ სპორტული დირექტორი იყო. ჩემი მეორე ძმისშვილი - თომა შენგელია თენგიზ სულაქველიძის აკადემიაშია. 15 წლის არის, ნიჭიერი და კარგი ბიჭია. გიორგი მის საქმეში აქტიურად არის ჩართული. უფროსი ძმისშვილი - რამაზ შენგელია, ჩემი მიმართულებით წავიდა - ფინანსები ისწავლა და ბანკში მუშაობს. წარმატებული და ჭკვიანი ახალგაზრდაა.

- თქვენს შვილებზეც მოგვიყევით...

- როგორც უკვე გითხარით უფროსი დავითი ფეხბურთელია, გოგონა - ანა 12 წლის არის, მესამე შვილი - სანდრო 9 - ის. სანდროზე ამბობენ, ბაბუს გავსო. ჯერ არ ვიცი, პატარაა, ვნახოთ. ფეხბურთზე 5 წლიდან დადის - "ლოკომოტივის“ აკადემიაშია. მას რამაზის მამის, ბაბუაჩემის სახელი ჰქვია. ანას და სანდროს მამაჩემი ვერ მოესწრო. რომ გადაიცვალა, ანა ერთი წლის თავზე გაჩნდა.

ძალიან მეამაყება მამაჩემის შვილობა. სადღაც გერმანიაში რომ გეტყვიან, - რამაზ შენგელია ვინ იყო თქვენიო, ამაზე ძვირფასი მამას არაფერი დაუტოვებია. ამას არანაირი სიმდიდრე არ ჩაანაცვლებს. მამის სახელი დღემდე მომყვება. ამით ვცხოვრობ, 1981 წელი, მოგონებები, 13 მაისი ჩვენს ოჯახში დიდი დღესასწაულია... ამაზე დიდი ბედნიერება მართლა არ არსებობს.

  • "ამდენი წელი მის გვერდით ვიყავი და გაბრაზებული, მწყობრიდან გამოსული არ მახსოვს"

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ თბილისის "დინამოს“ ლეგენდარულ ფეხბურთელს, რამაზ შენგელიას მეგობარს, თენგიზ სულაქველიძეს:

- მე და რამაზი ქუთაისელები ვართ და სულ ერთად მოვდიოდით. ბავშვობაში ერთ სკოლაში ვვარჯიშობდით, ერთად მოვხვდით ქუთაისის "ტორპედოში,“ თბილისის "დინამოში“ ქუთაისიდან ერთად წამოგვიყვანეს და საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც ერთად ვიყავით.

თბილისის "დინამოში“ ერთად ვითამაშეთ და 10 წელი "დინამოს“ ბაზაზეც ასევე ერთად ვცხოვრობდით. ოჯახებით ვმეგობრობდით, თბილისში ბინა ერთ უბანსა და კორპუსში მოგვცეს. მთელი ცხოვრება ასე გავატარეთ. მინდორზეც ერთად ვთამაშობდით, პარტნიორები ვიყავით...

ფეხბურთელი ხომ ძალიან მაგარი იყო და პიროვნულად ძალიან დიდი ადამიანი, ურთიერთობაში, მეგობრობაში საუკეთესო და თავმდაბალი კაცი იყო.

ამდენი წელი მის გვერდით ვიყავი და გაბრაზებული, მწყობრიდან გამოსული არ მახსოვს, ძალიან მაგარი მეგობარი დავკარგე, გულმა მოულოდნელად უმტყუნა... უნიკალური კაცი წავიდა. ჩემი გული და სული წაიღო. დიდი ტკივილი დამიტოვა...

  • "როგორც ქუთაისელი ვამაყობ, რომ ეს ქუთაისელი ბიჭი, ჩვენი უბნელი ასეთი წარმატებული აღმოჩნდა..."

რეზო ძოძუაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი:

- კარგი ფეხბურთელები ხომ იცით, დედის მუცლიდან იბადებიან. რამაზი ამ კატეგორიას მიეკუთნებოდა. ქუთაისში იყო ერთი საუკეთესო მწვრთნელი კარლო ხურციძე, რომელიც ახალგაზრდებს ზრდიდა. იღბლიანი იყო ყველა, ვინც მის ხელში ხვდებოდა. რამაზს ამ მხრივ გაუმართლა. კარლო ხურციძემ ქუთაისის "ტრპედოში“ თამაშისას მას დიდი სტიმული მისცა. სტიმულს აძლევდნენ ასევე მისი წინამორბედი ფეხბურთელები.

როგორც ქუთაისელი ვამაყობ, რომ ეს ქუთაისელი ბიჭი, ჩვენი უბნელი ასეთი წარმატებული აღმოჩნდა. ქუთაისიც ამაყობს მისით. ის ესტაფეტა, რაც ბორის პაიჭაძემ შემდგომ თაობას გადასცა, შენგელიამდე მოვიდა. შენგელიამაც თავის მხრივ გადასცა ახალგაზრდა თაობას. გადაცემაც კარგი იცოდა და გოლის შეგდებაც. ფეხბურთის იქით ძალიან კულტურული, წესიერი ადამაინი იყო, გულს არასდროს არაფერზე გატკენდა... რამაზი შედის იმ ფეხბურთელების რიგში, ვინც პირნათლად და ვაჟკაცურად იღვაწა. იმ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია...

იხილეთ ასევე: