ავტორი:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

საიუბილეო ღონისძიებები ბსუ-ში მრავალფეროვანი პროგრამით დაიწყო, მოეწყო უნივერსიტეტის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა "ბსუ-90“, სპეციალურად მოწყობილ სამეცნიერო კარვებში სტუმრებმა უნივერსიტეტის საფაკულტეტო და კვლევითი მიმართულებების სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს.

დღის განმავლობაში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, ბსუ-ს ბენდის, უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლ "თირინისა“ და აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი.

უნივერსიტეტის პირველი რექტორის - ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ასევე გაიხსნა აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის ბიუსტი და პროფესორ ამირან კახიძისა და პროფესორ გურამ ჩაგანავას სახელობის აუდიტორიები. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თანამშრომლები და სტუდენტები წარმატებული საუნივერსიტეტო საქმიანობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

დასკვნითი საიუბილეო საღამო გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, უნივერსიტეტების რექტორები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და უცხოელი სტუმრები.

საიუბილეო საღამოზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სიგელით სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები.

ასევე, უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო - შოთა რუსთაველის მედალი გადაეცა აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს. საზეიმო ვითარებაში აირჩიეს 17 საპატიო დოქტორი. ღონისძიებაზე შედგა უნივერსიტეტის 90-წლიანი ისტორიის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც მის განვითარებასა და მიღწევებს ასახავდა. საღამო საიუბილეო კონცერტით დასრულდა.