ავტორი:

"ფრონტის ხაზზე მივდივარ... ჩემი ღირსება შებღალეს" - ერმაკის განცხადება კორუფციული სკანდალისა და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

"ფრონტის ხაზზე მივდივარ... ჩემი ღირსება შებღალეს" - ერმაკის განცხადება კორუფციული სკანდალისა და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე მიდის.

  • უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გამოცემა New York Post-ს შეტყობინების სახით უპასუხა, რომ ფრონტის ხაზზე წასვლას გეგმავს.

"მე პატიოსანი და წესიერი ადამიანი ვარ. ფრონტის ხაზზე მივდივარ და ნებისმიერი დამსჯელი ზომისთვის მზად ვარ. ჩემი ღირსება შებღალეს და არ დაიცვეს, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კიევში ვიყავი. არ მინდა ზელენსკისთვის პრობლემები შევქმნა, ფრონტზე მივდივარ“, - უპასუხა გამოცემას ერმაკმა.

ერმაკმა გამოცემისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში არ დააკონკრეტა, თუ როდის გეგმავს ფრონტის ხაზზე წასვლას.

"შესაძლოა, ერთმანეთს კიდევ შევხვდეთ. დიდება უკრაინას“, - განუცხადა გამოცემას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი გუშინ თანამდებობიდან გადადგა. ერმაკის გადადგომის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.

"რუსეთს ნამდვილად სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ვაგრძელებთ ბრძოლას.არ გვაქვს უფლება უკან დავიხიოთ ან ვიჩხუბოთ. თუ ერთიანობას დავკარგავთ, ყველაფრის დაკარგვის რისკის ქვეშ დავდგებით - საკუთარი თავის, უკრაინის, ჩვენი მომავლის. უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა გავძლოთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ ვიცავთ უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.

ცნობისთვის, გუშინ დილით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა ანდრეი ერმაკის, სამთავრობო კვარტალში მდებარე რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარეს.

წაიკითხეთ ასევე: