ოქტომბერში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გამართულმა გრანდიოზულმა ქორწილმა, რომლის მთავარი გმირიც ცნობილი MMA მებრძოლი, იმრან ჟულაგოვი გახლდათ, ქვეყნის საზღვრებს გასცდა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჟულაგოვი მეორე ცოლს ირთავდა, თუმცა საზოგადოების ყურადღება არც წყვილის ბედნიერებამ და არც პატარძლის სილამაზემ მიიპყრო.
ლიმდას ეს უჩვეულო საქციელი სწრაფად გადაიქცა ინტერნეტ-დრამად. მედია წერდა, რომ ლიმდა მეუღლის მეორედ დაქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა ქმარმა იგი ფაქტის წინაშე დააყენა. დრამატულ ეპიზოდს კიდევ უფრო ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ მამაკაცმა მეორედ ქალიშვილის გაჩენიდან სულ რაღაც ერთი თვეში იქორწინა.
კავკასიური ტრადიციების მკაცრი ფონზე, ლიმდა ქმრის ქორწილში ცეკვამ ინტერნეტის „გმირად“ აქცია. სოციალური ქსელები ორად გაიყო: ნაწილი ლიმდას უდიდეს მხარდაჭერას უცხადებდა, ნაწილი კი, ტრადიციების დაცვის მოტივით, მეორე მეუღლეს ამართლებდა.

ვინ არის იმრან ჟულაგოვი და რა ვიცით ლიმდა იბრაგიმოვაზე?
იმრან ჟულაგოვი ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სახეა, რომლის სოციალური სტატუსიც, დიდწილად, მის სპორტულ მიღწევებს ეფუძნება. ის 1997 წელს გროზნოში დაიბადა და დღესდღეობით მრავალი ტურნირის გამარჯვებულია. მისი პროფესიული რეკორდი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) შთამბეჭდავია, დაახლოებით 11 გამარჯვებითა და 3 მარცხით.
რაც შეეხება ლიმდა იბრაგიმოვას, ის ორი შვილის დედაა. მედიის ინფორმაციით, ქმარმა მეორედ ქორწინების შესახებ მას ფაქტის წინაშე დააყენა მეორე ქალიშვილის დაბადებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ლიმდას მიერ ქორწილში გამოჩენა და ცეკვა, განსაკუთრებით შავი კაბით, ბევრმა შეაფასა, როგორც სიმამაცის გამოვლინება. მას უწოდეს „ქალი, რომელმაც ღირსება შეინარჩუნა უმძიმესი ღალატისა და საჯარო დამცირების ფონზე“.

ამ ისტორიის ეპიცენტრში მყოფი ორი ქალის ბრძოლა ამით არ დასრულებულა. სოციალურ ქსელებში აგორებული ბრალდებებისა და სალანძღავი ტალღის შემდეგ, როგორც მეორე ცოლმა (Khaatuewa), ასევე პირველმა ცოლმა (ლიმდამ) დუმილი დაარღვიეს და საჯარო პოსტები კიდევ ერთხელ გამოაქვეყნეს, სადაც ისინი საკუთარ ტკივილზე, რწმენასა და სიმტკიცეზე საუბრობენ.
"უბრალოდ მიყვარდა": მეორე ცოლის ტკივილი
საზოგადოების მხრიდან მიმართულმა სიძულვილმა და ბრალდებების ტალღამ მეორე ცოლი, Khaatuewa, აიძულა, საჯაროდ განემარტა საკუთარი მოტივები და პოზიცია. მისი ემოციური პოსტი, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს, ერთგვარი აღიარებაა რწმენის, იმედგაცრუებისა და უსამართლო განსჯის შესახებ.
„მე ვეყრდნობი ყოვლისშემძლე ალაჰს და ყველაფერს მას ვანდობ, რადგან მხოლოდ მან იცის, რა მიდევს გულში! ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან გაიგონ ან განსაჯონ ის, რაც მათთვის უცნობია, მაგრამ მე ამის არ მეშინია. ალაჰი ყველაფერს ხედავს და საბოლოოდ, ჩვენ ყველანი, თითოეული ჩვენგანი, წარვდგებით და პასუხს გავცემთ მხოლოდ მის წინაშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია არა სხვისი შეხედულება, არამედ განზრახვა ალაჰის წინაშე!“

Khaatuewa თავის პოსტში აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ გულწრფელად სჯეროდა მამაკაცის, მისი სიტყვებისა და დაპირებების. ის ხაზს უსვამს იმას, რომ მას და იმრანს ერთად სურდათ მდიდრული ქორწილი და მისი ქმედება არ ეწინააღმდეგებოდა ალაჰის კანონებს.
"მე არაფერი გამიკეთებია, რაც ალაჰის კანონებს ეწინააღმდეგება. მე უბრალოდ მიყვარდა... მაგრამ რატომღაც მსხვერპლი მხოლოდ მე აღმოვჩნდი. რა მივიღე საბოლოოდ? ხალხის სიძულვილი, ჰეითი, განსჯა... იმდენი ტალახი მესროლეს, თითქოს რაღაც საშინელება ჩავიდინე... განა მე ვარ პირველი ქალი, ვინც კაცს მეორე ცოლად გაჰყვა? განა ეს უნიკალური შემთხვევაა?".
იგი უარყოფს ბრალდებებს, რომ ფულის გამო გათხოვდა, ხაზს უსვამს საკუთარ დამოუკიდებლობას და ამტკიცებს, რომ ის არის ქალი, რომელმაც უბრალოდ გულს დაუჯერა. თუმცა სიყვარულის, სიმშვიდისა და ბედნიერების ნაცვლად, მან მიიღო "სიძულვილისა და ბრალდებების ტალღა, თითქოს ყველაფერი, რაც მოხდა, მხოლოდ მისი ბრალია...“
ლიმდა პირდაპირ ამბობს, რომ ის არის მსხვერპლი: "ეს მე მიღალატეს. ეს მე მომატყუეს. ჩემი გული გატეხეს ისე, როგორც არასდროს შემეძლო წარმომედგინა. და თუ ამ ისტორიაში არსებობს მსხვერპლი – ეს მე ვარ.“
თუმცა, ლიმდა უარს ამბობს "სუსტი" მსხვერპლის როლზე. ის ამტკიცებს, რომ ქორწილში გამოჩენა შურისძიების ან საჯარო დავის მიზანი არ ყოფილა. მისი თქმით, მას არ დასჭირვებია არავის მხილება და არც ხმამაღლა ყვირილი. "ჩემთვის ყველაფერი ალაჰმა გააკეთა. ის, რაც ახლა ხდება, მისი განაჩენია, მისი სამართლიანობა, მისი სიბრძნე.“
ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ საჯარო სიმშვიდე სისუსტეა და არ აძლევს უფლებას საზოგადოებას, მასზე მანიპულირება მოახდინოს:
"ნუ მომარგებთ გულუბრყვილო, სუსტი, კეთილისმყოფლის იმიჯს. ასეთი რომ ვყოფილიყავი, სახლში ბალიშში თავჩარგული ვიტირებდი და ჩემი ქმრის ქორწილში არ წავიდოდი. მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ. მაქვს ხასიათი... მაქვს საზღვრები, მაქვს პრინციპები.

მე არავის არაფერი მმართებს, გარდა ჩემი უფლისა. არ ვარ ვალდებული, შევესაბამებოდე თქვენს მოლოდინებს. და არ ვარ ვალდებული, ვატარო კეთილისმყოფლის ნიღაბი, რომელიც თქვენ თავად მოიგონეთ. თუ გსურთ მხარდაჭერა – მხარი დამიჭირეთ. თუ გსურთ წასვლა – წადით. მაგრამ მოთხოვნა, დადანაშაულება, ზეწოლა – ასე არ შეიძლება არცერთ ადამიანთან. და მე აღარ ვაპირებ გაჩუმებას, არავის მივცემ უფლებას, ისე მესაუბროს, თითქოს მე არაფერს ვგრძნობ, არ ვფიქრობ და არ მაქვს ჩემი საკუთარი ცხოვრების უფლება.“
იმრან ჟულაგოვის ქორწილის ისტორია, რომელიც ორი ქალის ტკივილითა და საჯარო პროტესტით დატვირთული, სოციალურ ქსელში პოლიგამიის, ქალის ღირსებისა და ტრადიციული საზოგადოების მოლოდინების ერთგვარ კვლევად იქცა. ლიმდა იბრაგიმოვას შავი კაბა და წითელი თავსაფარი და, შემდეგ, ორივე ქალის საჯარო პოსტები, მიუთითებს იმაზე, რომ კავკასიურ კულტურულ სივრცეშიც კი, სადაც მამაკაცის უპირატესობა და ტრადიციული ნორმები ძლიერია, ქალები სულ უფრო მეტად ცდილობენ, ხმამაღლა დაიცვან საკუთარი პრინციპები და საზღვრები.
წაიკითხეთ ასევე: