ავტორი:

ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე

ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე

მომღერალი ნინი ბადურაშვილი თემურ ებიტაშვილის პოდკასტში გულწრფელად საუბრობს პოპულარობის თანმდევ ყველაზე მძიმე გამოწვევებზე. ის ადანაშაულებს მედიას გამიზნულ „იმიჯის შელახვაში“ და ისაუბრა საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლექსებზე. გთავაზობთ ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვან და აქამდე უცნობ დეტალებს.

"არასდროს მნდომებია პოპულარობა" – "ცივი" იმიჯი და იმუნიტეტი ბოროტულ ჭორებზე

"შეიძლება, შორიდან ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, ალბათ სანამ გამიცნობს ადამიანი. შეიძლება ასეთი გარეგნობაც მაქვს, არ ვიცი, მაგრამ მერე რომ მიცნობენ, რეალურად ეს ასე არ არის. თითქმის ყველას უთქვამს, რომ აი, შორიდან ძალიან ცივი ჩანხარ, რაღაც უკარება გვეგონე, მაგრამ რეალურად ასეთი არ ყოფილხარ. და მე ეს ძალიან მიხარია.“

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია არანაირ ადამიანთან არ უჭირს, საზოგადოებისგან ხშირად ესმის მსგავსი შეფასება.

მომღერალმა აღნიშნა, რომ პოპულარობა მისთვის თვითმიზანი არ ყოფილა.

"მე არასდროს არ მნდომებია ვყოფილიყავი პოპულარული. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო, რომ მემღერა. სულ რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი. და შესაბამისად, ამ პროფესიას, თუ გაგიმართლა, მოსდევს პოპულარობა.“

ნინი ბადურაშვილის თქმით, ცნობადობას ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უსამართლობა აქვს გავლილი, მაინც თვლის, რომ დადებითი ასპექტები მეტია. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ დღეს უკვე აქვს იმუნიტეტი, თუმცა ბოროტული ჭორები მაინც ემოციურად ურტყამს:

"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეს ამ ყველაფერზე იმუნიტეტი და დღეს მაქვს იმუნიტეტი, რომ ვთქვათ, რაღაცას რომ გავიგებ, ნაკლები რეაქცია მქონდეს, თუმცა მაინც მაქვს რეაქცია, ვერ გეტყვი, რომ არ მაქვს რეაქცია. თუ არის რაღაცა ბოროტული, გამიზნული ჭორი, რომელიც ლახავს შენს რეპუტაციას, ცუდად გეხება, ხომ, ეს ყველაფერი დღესაც მოქმედებს.“

"ძალიან არ მომწონდა საკუთარი თავი" – ასაკთან ერთად მოსული თავდაჯერება

მომღერალმა ისაუბრა გარდატეხის პერიოდზე, როდესაც საკუთარი თავი არ მოსწონდა.

"ძალიან არ მომწონდა საკუთარი თავი. ეს იყო გარდატეხის პერიოდში, სხვათა შორის, აი, სკოლის... ახლა რომ ვუყურებ ჩემ ფოტოებს, მართლა "რა, რას ვგავარ“ რომ ვამბობ, ეკა მეუბნება: "ნუ, რა არის, მთელი ბავშვობა მაგას ამბობდი და ახლაც მაგ აზრზე ხარ".

ნინი ბადურაშვილის თქმით, კომპლექსი ნელ-ნელა, ასაკთან ერთად დაძლია, როდესაც სახე „დაულაგდა“.

"და აი, ეს კომპლექსი მერე რაღაც ნელ-ნელა, ეს თავდაჯერება მოვიდა ასაკთან ერთად. ნუ, მერე სახეც დამილაგდა, ალბათ 18, 19, 17 წლის ასაკში. ხომ, რეალურად ამაზე ვიმუშავე და მერე რაღაცა თითქოს მომეწონა საკუთარი თავი.“

"ეგ იყო ჩემი შავი იუმორი" – სკანდალური კომენტარის მიღმა

მომღერალი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს, რომლის გამოც ის ქედმაღლობაში დაადანაშაულეს…

"ვაიმე! შენი აზრით, ეგ ქედმაღლობა იყო? არა, ეგ იყო ჩემი შავი იუმორი, რომლითაც საკუთარ თავს დავცინი. არასწორად გაიგო ხალხმა... მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება რაც ცნობადი სახე ვარ, გვიან მივხვდი, რომ რაღაცების დაწერა არ შეიძლება. იმიტომ, რომ შენ რომ ასე ფიქრობ და გაიხუმრებ, ადამიანებს სხვადასხვანაირი აღქმის უნარი აქვთ. მერე მივხვდი, რომ ამ ადამიანს დავუშავე და ვაწყენინე. ბოდიშის მოხდა, ყოველთვის სწორი საქციელია, თუ შენ აანალიზებ და ნამდვილად ხვდები, რომ ადამიანს აწყენინე... მე დავინახე, რომ ამ ადამიანს მართლა ძალიან ეწყინა და ცუდ, ცუდად შეეხო და ამიტომ ავდექი და ბოდიში მოვუხადე.“

ორმაგი სტანდარტების ანატომია: "თუ ბიზნესმენი მიდის, რატომ ლანძღავ მომღერალს?"

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ხდება ხოლმე განსჯის ობიექტი მომღერალი, რომელიც საზღვარგარეთ ცდილობს თავის დამკვიდრებას, ნინი ბადურაშვილმა მოსკოვის კონცერტის საკითხი გაიხსენა და ორმაგი სტანდარტების თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"მე მესმის ადამიანების გაღიზიანების და ახლა კიდევ უფრო მესმის, იმიტომ, რომ იმდენად დაიძაბა მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია... თუ საქართველოდან გადის გარკვეულად რაღაცა პროდუქტი და ბიზნესმენს ამაზე მწვანე აქვს, კაი, ჩვენ წავედით, ვიმღერეთ თბილისობაზე, ქართულად, ქართველებისთვის. მაინცდამაინც ჩვენზე რატომ არის ამხელა აგრესია და რატომ არ არის იმ ბიზნესმენზე? - თუმცა, ახლა დღეს რომ მითხრა, არ წავალ და არ ვიმღერებ. არ მინდა, უბრალოდ სურვილი არ მაქვს... მაგრამ ეს რაღაც ორმაგი სტანდარტი მაინც არსებობს, რომ თუ ბიზნესმენი მიდის და ყიდის თავის პროდუქციას, თუ ჩამოდის ტურისტი და შენ აძლევ შენს სახლს... მაშინ ასე მწარედ რატომ ლანძღავ მომღერალს?“ – კითხულობს ნინი ბადურაშვილი.

"დავიღალე, მივხვდი, რომ ამოიწურა" – წამოსვლა "იმედიდან“

რვაწლიანი მუშაობის შემდეგ ტელეკომპანია "იმედიდან“ წამოსვლაზე საუბრისას, მომღერალმა აღნიშნა, რომ მიუხედავად განცდისა და მეგობრული გარემოსი, გადაწყვეტილება სწორი იყო.

"მე მართლა არ მეგონა, თუ კიდე ასე განვიცდიდი... ეს ხომ არ არის რაღაცა უბრალოდ საქმე, მიდიხარ, მოდიხარ. ესეთ რაღაცა მთლიან ამდენი მეგობარი გყავს, გუნდია, თითქოს რაღაცა მეორე ოჯახივით არის. მიუხედავად იმისა, მაინც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ, რომ ძალიან ჩამოვშორდი ჩემს პროფესიას და დავიღალე, მართალი რომ გითხრა.“

მომღერლის თქმით, მას უყვარს მრავალფეროვნება და იგრძნო, რომ იმ სამსახურში ეტაპი ამოიწურა. ახლა კი დრო აქვს, იმუშაოს სიმღერის მანერაზე, რომელიც წლების განმავლობაში აღარ მოსწონს.

"ძალიან ბევრი დრო მომეცა და ვმუშაობ ამ ყველაფერზე და ამიტომ მაგის დრო მე არ მქონდა. რეალურად ძალიან კონცენტრირებული ვიყავი იმ საქმეზე.“

  • "პრეზიდენტის საყვარელი" და "ავარია" – ჭორები, რომლებზეც ხალხი მუშაობს

ინტერვიუს კულმინაცია ორ ყველაზე მძიმე და აბსურდულ ჭორს დაეთმო, რომლებზეც მომღერალს წლების განმავლობაში უწევდა პასუხის გაცემა.

"ნინი ბადურაშვილმა ქალი მოკლა"

ნინი ბადურაშვილმა გაიხსენა ჭორი, რომელიც 2009 წელს, ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში გამარჯვების ღამეს გავრცელდა.

"როდესაც მოვიგეთ ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსი, იმავე საღამოს ვიყავით ჩემს მეგობართან შეკრებილები და მოვიდა თაკო... და თქვა, რომ: „მოკლედო, ასეთი ჭორი გავრცელდაო, რომ ჩვენგანო ვიღაცამო... ქალი გაიტანაო... და მოკლაო". და მე ვუთხარი, რომ: "თაკო, მეთქი, დამშვიდდი. რა თქმა უნდა, მომეწერება მეთქი“... ვიცინეთ რა".

რამდენიმე დღეში ნინის დაურეკა ჟურნალისტმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ "დაზარალებულის ოჯახიდან" მოდიოდა და ნინის „მკვლელობას“ აბრალებდა.

"მე ვუთხარი: ახლა ვჯდები მანქანაში, მოვდივარ და წამომყევი დაზარალებულის სახლში მეთქი! ჰოდა, აი, იქ რომ სასახლე არ იდგეს და დაზარალებული არ იყოს და ხელი მე ვინმემ არ დამადოს მეთქი, მერე მე შენ მოგთხოვ პასუხს-თქო.“

მომღერლის თქმით, ამის შემდეგ ჟურნალისტი უკან დაიხია, თუმცა ამბავი მაინც დაიბეჭდა ინტრიგის შემცველი სათაურით.

"მიხეილ სააკაშვილის საყვარელი"

ეს ჭორი მომღერლის თქმით, არასდროს დასრულებულა.

"ნუ, აი, აი, ეს ხო არ დაამთავრეს არასდროს! არასდროს! საიდან? ეგეც არ ვიცი... და აი, რაღაცა 20-ის ვიყავი, თუ 19-ის, რომ უკვე დაიწყეს აქტიურად ამაზე ლაპარაკი და ჭორაობა. საერთოდ არ ვიცნობდი, აი, საერთოდ არ ვიცნობდი იმ პერიოდში.“

ნინი ბადურაშვილის განცხადებით, ეს ჭორი სერიოზულად აზიანებდა მის ურთიერთობებს.

"მერე მივხვდი, რომ სერიოზულად ეს ჭორი მაზიანებს, ურთიერთობებს მიზიანებს. იმიტომ, რომ გაბრალებენ ისეთ რაღაცას, რაც რეალურად ტყუილია... საერთოდ რომ არ იცნობ. ამ ჭორების გავრცელებაზე სპეციალურად ხალხი მუშაობს…“

დამატებითი დეტალები პირადზე

ნინი ბადურაშვილი შეეხო "მინდვრის თაგვთან“ დაკავშირებულ სკანდალურ სათაურებს, რომლის გამოც პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბარს ერიდება.

"ის არ წაგიკითხავს: "ნინი ბადურაშვილი მინდვრის თაგვივით მარტოა?“ ერთი იყო ეგეთი. და ახლა მერე იყო, რომ „მინდვრის თაგვივით მარტო აღარ არის“. თან ცოტა აღარ შემიძლია, ეს მინდვრის თაგვი და თაგვობამ დამღალა, ამიტომ არაფერს აღარ ვამბობ...“