ავტორი:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალი.

სუს-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინდელი დღის შემდეგ სხვადასხვა მედიაპლატფორმებიდან (ასევე კონკრეტული აქტივისტების მხრიდან) კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები.

მიუხედავად ამისა, ხსენებული მედიაპლატფორმების არცერთ წარმომადგენელს უსაფრთხოების სამსახურისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს.თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა, გავრცელებულ განცხადებაში, მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ.

ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ.

ჩვენ პროაქტიულად ვცდილობთ გავარკვიოთ, რით იყო გამოწვეული, მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება, რომელმაც კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მისცა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ “ამხილეს რუსი ოკუპანტების გეგმები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე”.

“თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს დანაყოფებმა გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სპეციალური უსაფრთხო საკომუნიკაციო ტერმინალების ქსელები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი გეოლოკაციის გამჟღავნებისა და განადგურების შესახებ. სანამ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია გრძელდება, მტერს მსოფლიოს არც ერთ წერტილში უსაფრთხო ადგილი არ ექნება”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას თან ერთვის რუკა, სადაც მონიშნულია ამ ტერმინალების (შტაბების) ლოკაციები და ერთ-ერთ ასეთ ადგილად თბილისია მონიშნული.