ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ჰაერი დაბინძურებულია? - რეკომენდაციები

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ჰაერი დაბინძურებულია? - რეკომენდაციები

ბოლო დღეებში თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ ქალაქში დაფიქსირდა ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მატება.

ქალაქის ცენტრში PM2.5 (უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკების) დონემ საგრძნობლად მოიმატა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდებულ ნორმაზე 3.6-ჯერ მეტი იყო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის უბრალო ნისლი – ეს არის უშუალო საფრთხე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

  • Ambebi.ge გიზიარებთ რეკომენდაციებს, როგორ უნდა დაიცვათ თავი, როცა ჰაერის დაბინძურების დონე მომატებულია. რეკომენდაციები მომზადებულია American Lungs Association-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.

1. ერიდეთ გარეთ ვარჯიშს დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის დროს

როდესაც ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია მაღალია (ამ ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ შესაბამის აპლიკაციებსა თუ საიტებზე), უმჯობესია ივარჯიშოთ დახურულ და არა ღია სივრცეში, რადგან ვარჯიშის დროს სუნთქვის სიხშირე მომატებულია და დაბინძურებული ჰაერი კიდევ უფრო ჭარბად ხვდება ორგანიზმში.

შეზღუდეთ ბავშვების გარეთ თამაში იმ პერიოდებში, როდესაც ჰაერის ხარისხი არაჯანსაღია. მოერიდეთ ვარჯიშს დატვირთულ ავტომაგისტრალებთან ახლოს. ავტომობილების გამონაბოლქვი ქმნის მაღალ დაბინძურებას, მაშინაც კი, თუ ქალაქის საერთო მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

2. იზრუნეთ დახურული სივრცის ჰაერის ხარისხზე

მოერიდეთ სახლის განიავებას, რადგან როდესაც გარეთ ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია, ოთახის განიავება შიდა სივრცისთვის უარეს შედეგს გამოიღებს. თუ არის შესაძლებლობა, გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი აპარატები.

3. როდესაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი მაღალია, ეცადეთ მაქსიმალურად შეზღუდოთ გარეთ ყოფნის დრო და როცა გარეთ ხართ, აუცილებლად ატარეთ პირბადე.

4. შეამცირეთ ენერგიის მოხმარება

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში ყველას შეგვიძლია მცირე წვლილი შევიტანოთ - ეცადეთ შეამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება. ენერგიის ეკონომიური მოხმარებით ხელს შევუწყობთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სითბური გაზების შემცირებას.

5. მიიღეთ ბევრი სითხე, წყალი.

6. უპირატესობა მიანიჭეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკომეგობრულ მგზავრობას

7. არ დაწვათ შეშა ან ნაგავი

შეშის და ნაგვის დაწვა ერთ-ერთი მთავარი წყაროა ნაწილაკოვანი დაბინძურების (PM2.5), რომელიც განსაკუთრებით საშიშია ფილტვებისთვის. ეს რჩევა განსაკუთრებით აქტუალურია გათბობის სეზონზე.