ავტორი:

BBC-ის გამოძიება: “აქციების დასაშლელად ქართულმა პოლიციამ შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა“

BBC-ის გამოძიება: “აქციების დასაშლელად ქართულმა პოლიციამ შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა“

BBC-ი 2024 წელს, თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შესახებ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართულმა პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ შესაძლოა გამოიყენა “კამიტი“ - პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური საბრძოლო ნივთიერება.

"შეიძლება წყლისგან წვა იგრძნოთ?“ - კითხულობს გამოცემასთან პროტესტანტი, რომელიც აქციის დასაშლელად გამოყენებული წყლის ჭავლით დაზიანდა.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, გელა ხასაია, ამბობს, რომ წყლის ჭავლის მანქანიდან გატყორცნილი სითხის მოხვედრის შემდეგ კანი კარგა ხანს საშინლად ეწვოდა

"საქართველოს მიერ, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების გამო ქუჩაში გამოსული პროტესტის მონაწილეები სხვა სიმპტომებსაც უჩიოდნენ, მათ შორის ქოშინს, ხველას და ღებინებას, რაც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა...“ - წერს BBC-ი.

როგორც გამოცემა წერს, გამომძიებელი ჟურნალისტები ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წყაროებს და ექიმებს ესაუბრნენ და შეაგროვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა, თავის დროზე, "კამიტი“ უწოდეს.

“საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი გამოძიების დასკვნები "აბსურდულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ პოლიცია კანონიერად მოქმედებდა "კრიმინალების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების“ საპასუხოდ", - აღნიშნავს BBC.

“კამიტი“ საფრანგეთის არმიამ პირველი მსოფლიო ომის დროს, დასავლეთის ფრონტზე, გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები მწირია; მიიჩნევა, რომ 1930-იანი წლებიდან მოყოლებული მას თანდათანობით აღარ იყენებდნენ, მისი გრძელვადიანი დამაზიანებელი ეფექტის გამო. მის ნაცვლად გამოიყენებოდა CS გაზი, რომელსაც "ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ.

ცნობილია, რომ ქართულმა პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად სხვადასხვა საშუალება გამოიყენა, მათ შორის წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, იმყოფებოდა კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

პედიატრმა, რომელიც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და მის წინააღმდეგ წყლის ჭავლი მიმართეს, განაცხადა, რომ მას კანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეწვოდა და წყლით ჩამობანა ვერ შველოდა. უფრო მეტიც, მისი თქმით, "სახის დაბანის მცდელობამ კიდევ უფრო გააუარესა მდგომარეობა“.

ჩახუნაშვილს სურდა გაეგო, ვინმეს ხომ არ განუცდია მსგავსი სიმპტომები. ამიტომ აქციის სხვა მონაწილეებს სოციალურ მედიაში კითხვარის შევსება სთხოვა. დაახლოებით 350-ის თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ ერთი ან მეტი გვერდითი მოვლენა ოცდაათ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აღენიშნებოდათ.

ეს სიმპტომები იყო თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველა, ქოშინი და ღებინება.

მისი კვლევა რეცენზირებულია და დამტკიცდა საერთაშორისო ჟურნალ "ტოქსიკოლოგიის ანგარიშებში“ გამოსაქვეყნებლად.

ჩახუნაშვილმა ასევე გამოიკვლია გამოკითხული 69 ადამიანი და აღმოაჩინა, რომ მათ გულის ელექტრულ სიგნალებში "ანომალიების მნიშვნელოვნად მაღალი გავრცელება“ ჰქონდათ.

"ამით პედიატრმა დაადასტურა ადგილობრივი ჟურნალისტების, ექიმების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნა: რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერება იყო დამატებული. მათ მოუწოდეს მთავრობას, დაედგინა, თუ რა იყო გამოყენებული, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ზედამხედველობს სპეცრაზმს, უარი თქვა ამის გაკეთებაზე“, - წერს BBC.

გამოცემა საქართველოს შსს-ის სპეციალური დანიშნულების რაზმთან დაკავშირებულ რამდენიმე მაღალი რანგის წყაროს სთხოვა დახმარებოდა BBC-ს ქიმიური ნივთიერების იდენტიფიცირებაში.

ლაშა შერგელაშვილი

“ლაშა შერგელაშვილი, რომელიც ადრე ამ დანაყოფების შეიარაღებაზე იყო პასუხისმგებელი, მიიჩნევს, რომ ეს იგივე ნაერთია, რომლის გამოცდაც მას 2009 წელს, წყლის ჭავლში გამოსაყენებლად დაევალა.

მისი თქმით, ამ ნივთიერების ეფექტი ისეთი იყო, როგორიც მანამდე არ გამოუცდია. მას და მის 15-20 კოლეგას, რომლებმაც ნივთიერება გამოცადეს, შესხურების შემდეგ უჭირდათ სუნთქვა და მისი ადვილად ჩამობანა არ შეეძლოთ.

“სიმპტომები არ გაქრა, მას შემდეგაც კი, რაც ჯერ წყლით, შემდეგ კი სპეციალურად მომზადებული საცხობი სოდისა და წყლის ხსნარით დავიბანეთ თავი - მაინც ვერ ვსუნთქავდით თავისუფლად“.

შერგელაშვილი ამბობს, რომ ტესტირების შედეგების შემდეგ, მან ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენებისგან თავი შეიკავა. თუმცა მაინც უმატებდნენ წყლის ქვემეხებს და ასე იყო, სულ მცირე, 2022 წლამდე, ვიდრე სამსახურს და შემდეგ ქვეყანას არ დატოვებდა.

ის ახლა უკრაინაში ცხოვრობს. შერგელაშვილმა BBC-ს განუცხადა, რომ გასული წლის საპროტესტო აქციების ნახვისას იეჭვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ იგივე ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

BBC კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსან პოლიციელს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ შერგელაშვილის დროს წყლის ქვემეხებში ჩამატებული ნაერთი იგივე იყო, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენებოდა.

როდესაც შერგელაშვილს ვკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა მის მიერ გამოცდილი პროდუქტი ყოფილიყო ცრემლსადენი გაზი (CS), რომელიც მხოლოდ დროებით აღიზიანებს თვალებს, კანს და სასუნთქ სისტემას, მან უპასუხა, რომ გამოცდილი ნივთიერება გაცილებით ძლიერი ჩანდა.

"მე მას ვერაფერს შევადარებ. ალბათ ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ტრადიციული კონტროლის საშუალებები. მაგალითად, თუ ეს ქიმიური ნივთიერება მიწაზე დაიღვრება, თქვენ ვერ გაჩერდებით ამ ტერიტორიის სიახლოვეს მომდევნო ორი ან სამი დღის განმავლობაში, თუნდაც ტერიტორია წყლით გაწმინდოთ“, - თქვა მან.

შერგელაშვილმა არ იცის იმ ქიმიური ნივთიერების სახელი, რომლის გამოცდაც მას დაევალა.

თუმცა, BBC-მ მოახერხა 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის ასლის მოპოვება.

ჩვენ მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოვაჩინეთ. ისინი მოხსენიებული იყო, როგორც "ქიმიური სითხე UN1710“ და "ქიმიური ფხვნილი UN3439“.

ჩვენ გვინდოდა ამ ინვენტარიზაციის სიის ავთენტურობის გადამოწმება, ამიტომ სხვა ყოფილ მაღალჩინოსანს ვაჩვენეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება, სავარაუდოდ, წყლის ქვემეხებში დასამატებელი ნივთიერებაა.

UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ის ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს - გამხსნელს, რომელიც სხვა ქიმიურ ნაერთებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

შემდეგ ჩვენ უნდა გაგვერკვია, თუ კონკრეტულად რომელი ქიმიური ნივთიერება უწყობდა ხელს მის გახსნას.

UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან ეს არის საშიში სამრეწველო ქიმიკატების ფართო სპექტრის ზოგადი კოდი.

ერთადერთი, რისი დადგენაც შევძელით - არეულობის კონტროლისთვის გამოიყენებოდა ბრომბენზილ ციანიდი. ასევე ცნობილი როგორც "კამიტი“, ის შეიმუშავა ანტანტამ (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი) პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად.

ჩვენ ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური ომის წამყვან მსოფლიო ექსპერტს, კრისტოფერ ჰოლსტიგს, შეეფასებინა, მიუთითებს თუ არა ჩვენს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები იმაზე, რომ სავარაუდოდ გამოყენებული ნივთიერება “კამიტი“ იყო.

ექსპერტმა დაასკვნა, რომ ეს მართლაც ასე იყო.

"არსებული მონაცემების საფუძველზე, <...> დაზარალებულებისა და სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდის ეფექტს,“ - აღნიშნა მან და გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო უფრო გავრცელებული ანტი-საპროტესტო საშუალებებით, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი (CS).

"სიმპტომების ხანგრძლივობა <...> არ შეესაბამება კონტროლის ტიპიური საშუალებების, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი, ეფექტს.

მე არასდროს მინახავს “კამიტი“ თანამედროვე საზოგადოებაში. “კამიტი“ ძლიერი გამაღიზიანებელია და მისი ეფექტი დიდხანს გრძელდება“, - თქვა მან.

ექსპერტმა ივარაუდა, რომ ბრომბენზილ ციანიდი შეიძლებოდა გამოყენებულიყო, რადგან ის ძლიერი შემაკავებელი საშუალების ფუნქციას ასრულებს.

საერთაშორისო სამართალი პოლიციას უფლებას აძლევს გამოიყენოს ქიმიური აგენტები არეულობის დასაშლელად, როდესაც მათი გამოყენება პროპორციულია და მხოლოდ ხანმოკლე ეფექტს იძლევა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ წყლის ქვემეხებში ქიმიკატების გამოყენების მკაცრი რეგულირების არარსებობა პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას,“ - წერს გამოცემა.

  • მათივე თქმით, “საქართველოს ხელისუფლებამ გამოცემის დასკვნები "სრულიად ზედაპირულად“ და "აბსურდულად“ შეაფასა“.

“მათ განაცხადეს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ "კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ "ძალადობრივი დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე“ რეაგირებისას.

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკანონმდებლო ცვლილებები "საზოგადოებრივი სიკეთის ინტერესებს ემსახურება“.

წყარო