ავტორი:

პროტესტი, პროვოკაცია თუ სასოწარკვეთილი ნაბიჯი? - როგორ აფასებენ  ალეკო ელისაშვილის გარეშემო განვითარებულ მოვლენებს

პროტესტი, პროვოკაცია თუ სასოწარკვეთილი ნაბიჯი? - როგორ აფასებენ  ალეკო ელისაშვილის გარეშემო განვითარებულ მოვლენებს

29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა, გამთენიას, საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა, "ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომლის თანახმადაც,% ელისაშვილს შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა, შსს-ს ინფორმაციითვე, "თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“. შსს-ს გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ალეკო ელისაშვილს ორივე თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. შსს-ს ცნობითვე, კლინიკაშია გადაყვანილი იყო ერთი მანდატური.ეს ინფორმაცია ბევრისთვის სრულიად დაუჯერებელ აღმოჩნდა, კომენტარს ვერ აკეთებდნენ პარტიაში "ძლიერ საქართველო - ლელო“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც არის ელისაშვილი. თავდაპირველად მისმა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა, განაცხადა, რომ ეს შესაძლოა პროვოკაცია ყოფილიყო, თუმცა დაკავებიდან 10 საათის შემდეგ ელისაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი ნამდვილად მივიდა საქალაქო სასამართლოში გამთენიას 29 ნოემბერს და იქ პროტესტის ნიშნად ცეცხლის გაჩენა ჰქონდა განზრახული.

"მან ეს ქმედება ჩაიდინა, რაც პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იყო - პროტესტის გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ, ცეცხლი ოლიგარქიას და ცეცხლი უსამართლო სასამართლოს - ეს სიტყვები მთხოვა გადმომეცა. ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად. აირჩია შაბათი დღე დილის საათები, რომ არავინ დაზიანებულიყო, უნდოდა საზოგადოებისთვის ენახვებინა რეალურად ეს სასამართლო რამდენ ადამიანს უკანონოდ და უსამართლოდ ასამართლებს და როგორ იყენებს რეჟიმის და დიქტატურის გასამყარებლად“, - განაცხადა ადვოკატმა,ადვოკატის თქმით, ელისაშვილი სასტიკადაა ნაცემი. მისივე მტკიცებით, "დაზიანება მიაყენეს მანდატურის თანამშრომლებმა მას შემდეგ, რაც მას ბორკილები ედო და ამის საჭიროება აღარ იყო...მას მანდატური არ უცემია“.

"გამოძიება საუბრობს, რომ ვითომ იარაღის მუქარით შევიდა და ემუქრებოდა ვინმეს, ტყუილი, იარაღი ედო კაბურაში, ეცვა ჰუდი და ქურთუკი, გამოყენების მცდელობა არ ჰქონია, ეს მას შემდეგ ამოუვარდა, რაც დააკავეს...“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

"ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას. ასეთი ქმედებები, რასაც დღეს მთელი დღე ვუყურებთ, მკაფიოდ გვანახებს, თუ როგორ აწუხებს რეჟიმს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი. მსგავსი პროვოკაციები კი მიზნად ისახავს ამ პროტესტის გაჩერებას და იმ ძალის დისკრედიტაციას, რომელიც დღეს ზუსტად გამოხატავს მოქალაქეთა თავისუფალ ნებას და რომელიც გუშინაც კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა. მხარს ვუჭერ მშვიდობიან პროტესტს, როგორც ჩვენი საზოგადოების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებას. მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი, რადგან მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზანს ბოლომდე”.

ხელისუფლებაში მომხდარს ტერორიზმად და ექსტრემიზმად აფასებენ. მეტიც, ამის უკან ევროპასა და "გლობალური ომის პარტიასაც“ კი ხედავენ."დღეს "ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

განცხადება გაავრცელა პარტიამ "ძლიერი საქართველო - ლელო“, რომელშიც ვკითხულობთ:

"ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია. ალეკო ელისაშვილ არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება. რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება "ძლიერი საქართველო- ლელოს“ ამოსავალი პრინციპი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მომხდარი უფრო მეტად ახეირებს "ქართულ ოცნებას“, რომელიც მომხდარს ოპოზიციისა და საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს. საზოგადოების რიგი წარმომადგენლების თქმით, ელისაშვილის ქმედება სასოწარკვეთილი ადამიანის ნაბიჯია.

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა:

"სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ მომხდარით. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ალეკოს პროვოკაცია მოუწყვეს, მაგრამ ადვოკატის განცხადების შემდეგ არ ვიცი, რა ვთქვა. იმ ხელისუფლების პირობებში, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ჯერ იჭერენ და საქმეებს მერე უთითხნიან, ამგვარ პროტესტს გამართლება არა აქვს. რატომ უნდა წახვიდე ადამიანი პირდაპირ პატიმრობაზე, რა ახსნა აქვს ასეთი მსხვერპლის გაღებას, არ მესმის... ელისაშვილის პატივისცემის მიუხედავად, ეს პროტესტს კი არა, უფრო პროვოკაციას ჰგავს, რომელსაც უკვე მშვენივრად იყენებს ხელისუფლება. ხომ ნახეთ, უკვე დააბრალეს ეს ევროპას, "გლობალური ომის პარტიას" და ვის აღარ. ისინი ამას იყენებენ პროპაგანდისთვის და ვფიქრობ, შემდგომი რეპრესიების გასამართლებლადაც გამოიყენებენ. 4 ოქტომბრის შემდეგ კიდევ ვინმეს თუ მოუნდებოდა ამგვარი რადიკალური ქმედება, ვერ ვიფიქრებდი. ასე მხოლოდ აზიანებენ საპროტესტო მოძრაობას. ამას ვერაფრით გავამართლებ. (წაიკითხეთ სტატია სრულად)

იხილეთ ასევე: