1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. იმავე წლის 11 მაისის, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში“ ხელშეკრულების ძირითად მუხლებთან ერთად, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, დეპეშის ტექსტიც გამოქვეყნდა.
"გილოცავთ საზავო ხელშეკრულების დადების გამო“, - წერდა ჟორდანია მოსკოვში მყოფ გრიგოლ ურატაძეს. - "გადაეცით სოვნარკომს, რომ ზავის ცნობა ხალხმა აღტაცებით და დიდი სიამოვნებით მიიღო. ამიერიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველგვარი გაუგებრობა საქართველოსა და რუსეთს შორის მოისპობა და ორივე მოძმე ხალხი შეთანხმებით იმუშავებენ ახალ ცხოვრების შესაქმნელად სოციალისტურ საფუძველზე. სალამი მეგობრებს, ამხანაგებს და ნაცნობებს“ (იგულისხმება - ლენინი, სტალინი და ლევ ტროცკი - ავტ).
შემდგომ კი გრიგოლ ურატაძე დაწერს, - ბოლშევიკის გულწრფელობის არასდროს გვწამდაო...

გავაგრძელოთ ხელშეკრულებაზე საუბარი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, "რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ნებაყოფლობით ამბობს უარს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე, რომლებიც რუსეთს გააჩნდა ქართველი ხალხისა და მისი მიწა-წყლის მიმართ“.
სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო პირობა, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების ჯარებს არ განალაგებდა. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ამ მუხლს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევდნენ და რუსეთის პირობების უკუგდებას ამჯობინებდნენ. თუმცა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომლისთვის საერთაშორისო აღიარების მიღწევა მთავარი ამოცანა იყო, დათანხმდა რუსეთის პირობებს. ხელშეკრულებას საბოლოოდ მოსკოვში ხელი მოაწერეს ქართული მხრიდან დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ურატაძემ და რუსული მხრიდან - ლევ კარახანმა.
ბოლშევიკების პოლიტბიუროს 1920 წლის დისკუსიები საქართველოს შესახებ და საქართველოში რუსეთის ელჩის - სერგეი კიროვის დეპეშები ცხადყოფენ, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრას დაჟინებით სწორედ სტალინი ლობირებდა, ლენინი კი "საქართველოს საკითხის" გადადებას ემხრობოდა.
საზავო ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ რაღაც 9 თვის თავზე, ლენინისა და ტროცკის თანხმობით, სწორედ სტალინი უდეპეშებს სერგო ორჯონიკიძეს: "ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი!“

"ამ ტრაგიკულ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური როლი იოსებ სტალინს აქვს, რომლის პირადმა გამოწვევებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ოკუპაციაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, ლენინი და ტროცკი ოკუპაციის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ისინი სხვა თამაშს თამაშობდნენ და ამ საკითხში არ ჩქარობდნენ. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა რუსეთის გამაგრება, აღიარების მოპოვება და იმ სკანდალის თავიდან აცილება, რაც მოჰყვებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოკუპაციას ევროპასთან ურთიერთობის ფონზე. ლენინი ანგარიშს უწევდა საერთაშორისო მდგომარეობას, რაც სრულიად მიუღებელი იყო სტალინისთვის, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ საქართველოსთან საომარი მოქმედებების დაწყებისთვის მიეღწია, ვა ბანკზე წავიდა და, სამწუხაროდ, მას ამაში გაუმართლა“, - გვეუბნება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი დავით ხვადაგიანი.
1921 წლის 26 იანვარს მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ საქართველო დე იურე აღიარა. რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილ სახელმწიფოთაგან ამგვარი სრულფასოვანი საერთაშორისო აღიარება მხოლოდ ფინეთმა, პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა და საქართველომ მიიღეს. საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა არისტიდ ბრიანმა საქართველოს სამხედრო დახმარების საკითხი დაძრა. დროის საკითხი იყო ერთა ლიგაში გაწევრიანება. ამით შეშფოთებულმა სტალინმა სამხედრო ინტერვენციის საკითხი მაქსიმალურად დააჩქარა და 11 თებერვალს, 7 მაისის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ცხრა თვეში და, მისი უხეში დარღვევით, მე-9 და მე-11 წითელი არმიები საქართველოში ხუთი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრნენ.
საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკურმა რეჟიმმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და რუსეთის მხრიდან 1921 წლის თებერვალ-მარტში შეიარაღებულ აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა.
1920 წლის 7 მაისის ზავის წინაპირობებზე და მის მნიშვნელობაზე ისტორიკოსი დავით ხვადაგიანი გვესაუბრება:
- 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას წინ უძღოდა რუსეთ-საქართველოს ომი. 1918-21 წლებში (1917 წლიდანაც შეგვიძლია ათვლა), როდესაც საქართველო რუსეთის პირდაპირი კონტროლიდან გამოდის და დამოუკიდებლობის გზას ადგას, მას უწევს დაპირისპირება და თავდაცვა როგორც ე.წ. თეთრი, ასევე წითელი რუსეთისგან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსეთის სამოქალაქო ომში. საქართველოს 1920 წლამდე პირდაპირი საომარი მდგომარეობა ჰქონდა რუსეთის მოხალისეთა არმიასთან - ე.წ. დენიკინის არმიასთან ("თეთრ მოძრაობასთან“), რისი მოგერიებაც შეძლო და რაშიც დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანისა და საქართველოს შეთანხმებულმა მოქმედებამ. მას შემდეგ, რაც საბჭოთა, ანუ წითელმა რუსეთმა უკვე სამოქალაქო ომში უპირატესობა მოიპოვა, საქართველოს სერიოზული საფრთხე დაუდგა და 1920 წლის მარტში, როდესაც საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილებმა ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსეთის მოხალისეთა არმიის ნაწილები გამოდევნეს, ამიერკავკასიაში წითელი არმიისა და საბჭოთა რუსეთის მხრიდან ინტერვენციის საკითხი დგება.
ეს იწყება 1920 წლის აპრილის ბოლოს, როდესაც საბჭოთა რუსეთი თავს დაესხა დამოუკიდებელ დემოკრატიული აზერბაიჯანის რესპუბლიკას. სამწუხაროდ, დიდი საბრძოლო მოქმედებების შედეგად საბჭოთა რუსეთმა შეძლო ბაქოს აღება - 30 აპრილ -1-ელ მაისს ბაქო დაეცა. ეს პირველ რიგში განპირობებული იყო იმით, რომ აზერბაიჯანის არმია არ იყო მომზადებული საბჭოთა რუსეთთან საომრად, მეორე - მათ სხვა პრობლემები ჰქონდათ - ყარაბაღში აზერბაიჯანის და სომხეთის სერიოზული დაპირისპირება იყო, ტრადიციულად, რამაც ამ საბედისწერო ოკუპაციის დასაწყისში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ამის შემდეგ იწყება ის გეოპოლიტიკური ჩიხი, რაც შემდეგ ათწლეულები გაგრძელდა. აზერბაიჯანის შემდეგ საბჭოთა რუსეთმა საქართველოში შემოჭრა დაგეგმა, თუმცა ეს საბრძოლო მოქმედებები რუსეთისთვის წარუმატებლად დასრულდა - 1920 წლის მაის-ივნისის განმავლობაში ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რეგულარულმა არმიამ და სახალხო გვარდიამ შეძლეს როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე შემოჭრილი რუსული დივიზიების შეჩერება, ასევე 1920 წლის ივნისში მოახერხეს ზურგის გაწმენდა, ბლოკადის მოხსნა, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: როდესაც აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა რუსეთის წითელი არმია სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან თავს დაესხა საქართველოს, ამ ზურგიდან ე.წ. სამხრეთ-ოსეთის პარტიზანული ბრიგადა შემოიჭრა, ცხინვალი და ჯავა დაიკავა და საქართველოს მთავარი მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებოდა. თუმცა ამ საბრძოლო დაპირისპირების დროს საქართველომ შეძლო როგორც მთავარ ფრონტზე მათი მოგერიება, ისე ზურგის გაწმენდა იმის დამსახურებით, რომ საქართველოს მთავრობამ მოახერხა აჯანყებები გამოეწვია განჯაში განლაგებული აზერბაიჯანის არმიის ნაწილებში. ეს ნაწილები, ფაქტობრივად, ბლოკადაში იყვნენ და საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ძალებს აუჯანყდნენ, მოხდა სერიოზული დაპირისპირება, რამაც, ფაქტობრივად, ჩაშალა რუსული ინტერვენცია.
ამის წყალობით ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა შეძლო გადაჯგუფება და ზურგიც გაწმინდეს. ასე რომ, 1920 წელს საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან საფრთხე მოიხსნა, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს ინტერვენციის დასრულება. ამის შემდეგ, ლენინის წინაშე დგება ახალი რეალობა - მას დასავლეთის ფრონტზეც გართულებული აქვს მდგომარეობა და ფიქრობს, ეს პრობლემა როგორმე დროებით გაყინოს, რაც გამოიხატა საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაში. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში გაფორმდა საქართველო-რუსეთის ზავი, რომელიც დღემდე აქტუალურია და მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
ლენინი კომპრომისზე მიდის... რუსეთისგან აღიარებამ საქართველოს საერთაშორისო არენაზე ძალიან დიდი დივიდენდები მისცა, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო
ეს არ იყო ნეიტრალიტეტის გამოცხადება-გაფორმება, ეს პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული მცდარი აზრია. ყველა ომს და საბრძოლო მოქმედებას დასასრულ ახასიათებს ზავის დადება - ომი დამთავრდა და შემდეგ ხდება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საქართველოსთვის? ამ სამშვიდობო ხელშეკრულების ინიციატორი არა მარტო საბჭოთა რუსეთი იყო, არამედ ამ მხრივ ძალიან აქტიურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც, განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია იმიტომ, რომ საქართველოს (ისევე, როგორც საბჭოთა რუსეთის) მთავარი ინტერესი იყო საერთაშორისო აღიარების მოპოვება.
ლენინი ამ დათმობებზე მიდის იმიტომ, რომ მას სჭირდება პირველ რიგში ევროპისგან აღიარება (საბჭოთა რუსეთი ჯერ არ არის აღიარებული და ის აგრესიულ და მტრულად განწყობილ ძალად ითვლება), რათა მიიღოს როგორც ფინანსური საშუალებები, ასევე ტექნოლოგიები. საქართველოშიც ზუსტად ეს პრობლემა დგას - ის ჯერ დე იურედ არაა აღიარებული (1920 წლის დასაწყისში მან მიაღწია ევროპის დიდი სახელმწიფოების მიერ დე ფაქტო აღიარებული ყოფილიყო) და იბრძოდა, რომ დე იურე, ანუ სრულფასოვანი აღიარება მიეღო. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთს მისი ყოფილი კოლონია ეღიარებინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთმა ეს კომპრომისი გააკეთა. მოკლედ, ეს იყო წარმატებული ხელშეკრულება იმიტომ, რომ მოსკოვმა აღიარა საქართველო როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო, უარი თქვა მის საშინაო საქმეებში ჩარევაზე, აღიარა მისი ტერიტორიული საზღვრები, მათ შორის, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. როდესაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა შეხედეს, რომ რუსეთმა თავისი ყოფილი კოლონია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, მათაც დაიწყეს აღიარებები, რაც 1921 წლის იანვრიდან იწყება. ამ აღიარებებში წამყვანი როლი, ორთქლმავლის ფუნქცია საფრანგეთმა იკისრა, რომელიც საქართველოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
დღემდე აქ არის საეჭვო საკითხები (საზოგადოების აღქმას ვგულისხმობ), რომ თითქოს საქართველო დათანხმდა რუსეთს, რომ რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ძალები საკუთარ ტერიტორიაზე არ გაეჩერებინა. აქ არც ბრიტანეთი და არც საფრანგეთი იგულისხმება, ძირითადად საუბარი იყო რუსეთის მოხალისეთა არმიის ნაწილებზე, რომლებიც სამოქალაქო ომში დამარცხების კვალდაკვალ გამოდევნილნი იყვნენ რუსეთის ტერიტორიიდან. საქართველოს მთავრობა მათ თავის ტერიტორიაზე ე.წ. საერთაშორისო დადგენილი წესებით უშვებდა. საბჭოთა რუსეთი საქართველოს ხშირად სდებდა ბრალს იმაში, რომ ამ კატეგორიას ეხმარებოდა, ისევ დაბრუნებულიყვნენ სხვადასხვა ფრონტებზე, მაგ. ყირიმში. ძირითადად ამაზე იყო საუბარი, რაზეც საქართველო დათანხმდა, რომ ამ ძალებს მის ტერიტორიაზე თავშესაფარს არ მისცემდა. მეორე საკითხი, რაც დღემდე დავის საგანია, ესაა კომუნისტური პარტიის ლეგალიზაცია და პატიმარი ბოლშევიკების გათავისუფლება. საქართველოში აკრძალული იყო კომუნისტური პარტია, ქართველი ბოლშევიკები იდევნებოდნენ, 1918 წლის 7 ნოემბრის აჯანყების შემდეგ ბევრი ციხეში იჯდა, ან საქართველოდან რუსეთში იყო გაძევებული და საბჭოთა რუსეთმა აქ მოითხოვა კომპრომისის დაშვება, რაც მიიღო საქართველოს მთავრობამ. რატომ? - როცა ამ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია შედარება, რამდენად მომგებიანი და რამდენად წამგებიანი იყო ის საქართველოსთვის. აქედან სარგებელი გაცილებით დიდი იყო, რაც ამ ზავს შეიძლებოდა ჰქონოდა. რუსეთისგან აღიარებამ საქართველოს საერთაშორისო არენაზე ძალიან დიდი დივიდენდები მისცა, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. რუსეთი საქართველოსადმი სენტიმენტებით კი არ იყო განმსჭვალული, მას თავისი გასაჭირი და პრობლემები ჰქონდა და ზუსტად ამან გამოიწვია ლენინის მხრიდან კომპრომისი, რასაც, სხვათა შორის, ხელს უშლიდა იოსებ სტალინი. ამ მოლაპარაკებებში სტალინი ნეგატიურ როლს ასრულებდა, მას არ აწყობდა ის შედეგი დამდგარიყო, რაც დადგა...
- 1921 წელი საქართველოსთვის დიდი წარმატებით დაიწყო, 7 მაისის ხელშეკრულების დადებას თან კარგი დამთხვევა ახლდა - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა არისტიდ ბრიანი, რომელიც ქართველ სოციალ-დემოკრატებთან მეგობრობდა, მეორეს მხრივ, მას ჰქონდა აქტიური პოლიტიკა, ე.წ. სანიტარული კორდონი წითელი რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რაც გულისხმობდა რუსეთის იმპერიის ყოფილი კოლონიების (რომლებიც უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ) აღიარებას და გაძლიერებას (სამხედრო დახმარების მხრივ). აქედან იწყება მისი მკვეთრი ნაბიჯები - 1921 წლის 27 იანვარს მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ დე იურედ აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რასაც ძალიან დიდი ზეიმი და გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ერთი ნაბიჯიღა იყო საქართველოს გადარჩენამდე... საქართველო 1920 წლის ბოლოს ერთი მიზეზის გამო არ მიიღეს ერთა ლიგაში - ის არ იყო იურიდიულად სრულფასოვან სახელმწიფოდ აღიარებული. ამის შემდეგ საქართველოს ყოველგვარი პრობლემა ეხსნებოდა და მისთვის ერთა ლიგაში გაწევრებისთვის კარი ღია იყო. ერთა ლიგის მომდევნო კონგრესი 1921 წლის შემოდგომაზე უნდა ყოფილიყო და საქართველოს უკვე პრობლემის გარეშე მიიღებდნენ ერთა ლიგაში. ეს იყო საქართველოს გადარჩენის ბილეთი...
1921 წელი ამ მხრივ დიდი იმედებით დაიწყო - საერთაშორისო ბლოკადა გარღვეულია, საქართველოს იურიდიულად აღიარება დაიწყო, საფრანგეთმა მიიღო სამხედრო დახმარების გადაწყვეტილება და საქართველოში იარაღის პირველი პარტია გამოიგზავნა... აქ ყველაზე საინტერესო ამბავი ისაა, რომ საბჭოთა რუსეთმა საქართველოზე თავდასხმის და ოკუპაციის გადაწყვეტილება მიიღო ზუსტად იმავე დღეს (1921 წლის 27 იანვარს), რა დღესაც საქართველო მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ იურიდიულად იქნა აღიარებულ და აქ ჩანს ზუსტად სტალინის როლი - მან შეძლო დაერწმუნებინა ლენინი, რომ საქართველო სამუდამოდ დაიკარგებოდა რუსეთისთვის, სამხრეთ კავკასიაში ისევ დაიწყებოდა ევროპული ქვეყნების ინტერვენცია, დაკარგავდნენ ბაქოს, რომელიც ერთი წლის წინ უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში, დაკარგავდნენ სომხეთსაც, რომელიც უკვე ოკუპირებული იყო, ანუ ევროპა საბჭოთა რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან ფეხს ამოუკვეთავდა. ამან დიდი როლი შეასრულა ინტერვენციის დაჩქარებაში და არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ სტალინი დეზინფორმაციულ ცნობებსაც კი აწვდიდა ლენინს, რომ საქართველოში ინტერვენციის დაწყებაზე როგორმე დაეთანხმებინა. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ როდესაც საქართველოზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს არ იცოდა სამხედრო კომისარმა და წითელი არმიის მეთაურმა ლევ ტროცკიმ, ის იმ დროს მოსკოვში არ იყო და პოსტფაქტუმ გაიგო, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. სტალინმა თავისი პოლიტიკური მომავლიდან გამომდინარე გადაწყვიტა ასე, მისთვის კატასტროფა იქნებოდა, რომ მისი სამშობლო - საქართველო ევროპულ ბანაკში ყოფილიყო, საბჭოთა რუსეთის ჩექმის მიღმა დარჩენილიყო და ვა ბანკზე წავიდა.
დემოკრატიული რესპუბლიკა ელოდა, რომ 1921 წლისთვის აუცილებლად დაიწყებოდა ომი, ამის მცდელობა ექნებოდა საბჭოთა რუსეთს. ეს ხელშეკრულება როდესაც გაფორმდა, ქართულ მხარეს იმედი არც ჰქონია, რომ რუსეთი ამას პატიოსნად დაიცავდა, მაგრამ მაშინ აუცილებელი იყო საქართველოს საერთაშორისო აღიარებისთვის მიეღწია და ამიტომ წავიდნენ ამ შეთანხმებაზე, რამაც გაამართლა კიდეც. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევა და შემდეგ უკვე ინტერვენცია და საქართველოს ოკუპაცია მომდევნო მოსალოდნელი ნაბიჯი იყო, უბრალოდ, აქ აღიარების დროის და იმ საფრთხისგან გასწრების საკითხი იყო, რაც საბჭოთა რუსეთიდან მოდიოდა. საქართველოს, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოს სტატუსმა შემდგომ პერიოდებში დიდი როლი შეასრულა.
ეს არის მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ნდობა შეუძლებელია და არა მარტო საქართველოსთან, ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ცოტა დრო მოიგო - რუსეთთან დადებული ხელშეკრულების მაქსიმუმი არის დროის მოგება, მაშინაც, 1920 წელსაც ამ ხელშეკრულებით ის იყო განსაზღვრული, რომ საქართველოს დრო მოეგო და როგორმე აღიარებისთვის და უსაფრთხოების ქოლგისთვის მიეღწია.
საქართველოს მთავრობამ, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან, ამ ხელშეკლრულებას დაარღვევდა, რადგან ის აგრესორი იყო, ახალი იმპერიის შექმნისთვის იბრძოდა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო დროის მოგება და ეს შესრულდა. არის ერთი პრობლემური საკითხიც, საბჭოთა რუსული პროპაგანდა ხელს უწყობდა მითის გავრცელებას, რომ თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1920 წლის ხელშეკრულების დროს გათავისუფლებულმა ბოლშევიკებმა დაამხეს. ეს სიცრუეა, რადგან 1920 წლის ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში, როდესაც საქართველო ისევ ელოდა რუსეთის თავდასხმას, ეს ბოლშევიკები ან ისევ პატიმრობაში იყვნენ, ან გაძევებულნი რუსეთში. შემდგომში საბჭოთა პროპაგანდა მუდმივად იმაზე აპელირებდა, რომ ქართველი ბოლშევიკები საქართველოს ხელისუფლების მიერ სამუდამოდ იყვნენ გაძევებულნი საბჭოთა რუსეთში, ანუ იქ, საიდანაც ისინი დავალებებს იღებდნენ და რომელ ქვეყანასაც ემსახურებოდნენ. ისინი ხომ მოსკოვის დავალებებს ასრულებდნენ (ანუ როცა მათ აპატიმრებდნენ, რუსეთში აძევებდნენ).
1921 წლის მდგომარეობით, საქართველოში სერიოზული ბოლშევიკური მოძრაობა აღარ არსებობდა, ისინი ან დაპატიმრებულნი იყვნენ, ან მოსკოვში გაძევებული და ის მითი, რომ თითქოს საქართველოში აჯანყება მოხდა და მათ დაამხეს ევროპის ბურჟუაზიის და იმპერიალიზმის მოკავშირე მენშევიკების მთავრობა, ეს იყო საბჭოთა პროპაგანდის შექმნილი მითი იმის გადასაფარად, რომ საბჭოთა რუსეთმა დაიწყო ინტერვენცია, რასაც შემდეგ მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია. ამ ტრაგიკულ ისტორიაში ყველაზე მიშვნელოვანი ნეგატიური როლი იოსებ სტალინს აქვს, რომლის პირდმა გამოწვევებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ოკუპაციაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლენინი და ტროცკი ოკუპაციის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ისინი სხვა თამაშს თამაშობდნენ და ამ საკითხში არ ჩქარობდნენ. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა რუსეთის გამაგრება, აღიარების მოპოვება და იმ სკანდალის თავიდან აცილება, რაც მოჰყვებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოკუპაციას ევროპასთან ურთიერთობის ფონზე. ლენინი ანგარიშს უწევდა საერთაშორისო მდგომარეობას, რაც სრულიად მიუღებელი იყო სტალინისთვის, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა იმისთვის, რომ საქართველოსთან საომარი მოქმედებების დაწყებისთვის მიეღწია, ვა ბანკზე წავიდა და, სამწუხაროდ, მას ამაში გაუმართლა...
იხილეთ ასევე: