ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ფერმიდან, ქურდებმა 90 000 ევროს ღირებულების ლოკოკინები მოიპარეს. რეიმსის მახლობლად, ბუზიში მდებარე ფერმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი და გაყინული ლოკოკინების მთელი მარაგი მოიპარეს - რაც სადღესასწაულო სეზონის წინ „ნამდვილი დარტყმაა“.
ქურდები ფერმაში ორშაბათს, ღამით შეიჭრნენ, თუმცა პოლიციაში საჩივარი მხოლოდ კვირის ბოლოს შევიდა.
„შოკი, გაუგებრობა და ნამდვილი დარტყმა მთელი გუნდისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ მარაგის შესავსებად. მაღაზიიდან მზა პროდუქციის მთელი სექცია მოიპარეს, ხოლო ჩემი ლაბორატორიიდან ნედლეულის მარაგი“, - განუცხადა საინფორმაციო საიტს ფერმის მენეჯერმა, ჟან-მატიე დოვერნმა.

Franceinfo-ს ცნობით, ფერმა ცნობილ რესტორნებს, ასევე დელიკატესების მაღაზიებსა და კერძო კლიენტებს ამარაგებდა.
საკვები ლოკოკინები - ანუ ესკარგოები - ფრანგული დელიკატესია, რომელიც, როგორც წესი, ნივრის კარაქში ან ღვინოში იხარშება. მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ახალი წლის პერიოდში.