ნოემბრის დასაწყისში რუსი კრიპტობიზნესმენის, რომან ნოვაკისა და მისი ცოლის, ანას სასტიკი მკვლელობის ამბავი, მსოფლიო მედიაში გავრცელდა.
წყვილს დუბაიში დაუნდობლად გაუსწორდნენ. თავდაპირველად მსხვერპლის სხეულების დანაწევრების ვერსია ვრცელდებოდა, ახლა კი კიდევ უფრო შემზარავი დეტალები ირკვევა.
ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომან ნოვაკისა და ანა ნოვაკის ცხედრები დუბაიში იპოვეს. ნეშტები სავარაუდოდ, უდაბნოში აღმოაჩინეს.
ოფიციალური საგამოძიებო ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, რის გამოც სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
არის ცნობები, რომ ცხედრები პოლიეთილენის შავ ტომრებში იყო მოთავსებული, რომლებშიც სპეციალური გამხსნელი ესხა.

თუმცა, ვრცელდება კიდევ უფრო შემზარავი ვერსია: საგამოძიებო მასალების მცოდნე წყაროს ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ცხედრები ბეტონით დაფარეს. "მათ ბეტონი დაასხეს", - იუწყება წყარო.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გამოძიება მუშაობს ნოვაკისა და მისი ცოლის შეკვეთილ მკვლელობაზე. შემსრულებლები კონკრეტული მითითებით მოქმედებდნენ. მკვლელობის შემსრულებლები რუსეთიდან ქალაქ ჰატაში ჩავიდნენ, სადაც ვილა და მანქანა იქირავეს.
ნოვაკი სავარაუდოდ, პოტენციურ ინვესტორთან "მოლაპარაკებისთვის“ მიიწვიეს, რის გამოც თან წაიყვანა ცოლიც, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა ქმარს ამგვარ გარიგებებში. დათქმულ ადგილას მისვლის შემდეგ, ბოროტმოქმედებმა წყვილს სხვა მანქანაში გადაჯდომა უბრძანეს და ვილაში მიიყვანეს, სადაც მათ სამი პირი ელოდებოდა: კონსტანტინ შახტი, იური შარიპოვი და ვლადიმირ დალეკინი (მათი სახელები უკვე ცნობილია).
"ორივეს დანებს ურტყამდნენ, ამ დროს ისინი ერთმანეთის პირისპირ დასვეს, რათა თითოეულ მათგანს ენახა, როგორ კვდებოდა მეორე. მკვლელობის შემსრულებლები უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან“, – იუწყება სხვა წყარო.
მოკლულმა რომან ნოვაკმა უკანონო საქმიანობა სტუდენტობის წლებში დაიწყო. მაშინ საზოგადოება მას სხვა გვარით, ცარეკით იცნობდა. ის ყიდდა ყალბ დიპლომებს, ასევე მანქანების ყალბ ნომრებს.
თაღლითობისთვის რომანს პატიმრობა მიესაჯა. ის 2023 წელს გათავისუფლდა და ცოლ-შვილთან ერთად დუბაიში გაემგზავრა.
ბევრს ეგონა, რომ ნოვაკი ჭკუას ისწავლიდა, მაგრამ ის კლიენტებს "მომგებიან“ ინვესტიციას სთავაზობდა, რის შემდეგაც 500 მილიონი დოლარის შეგროვების შემდეგ მიიმალა. გამოძიების ვერსიით, სწორედ ამ ფინანსურმა მაქინაციებმა განაპირობა წყვილის მკვლელობა.

ცოლის დაცვის მცდელობა
რუსული მედიის ინფორმაციით, ანა ნოვაკი ბოლო დროს პირად ბლოგში ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც ჩანდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოვაკი ოჯახის დაცვას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ, მან ეს მაინც ვერ შეძლო..
რომანსა და ანას ორი ქალიშვილი დარჩა. შვილიშვილების წასაყვანად დუბაიში ბაბუა ჩაფრინდა. გოგონები ამჟამად სანქტ-პეტერბურგში იმყოფებიან და მათ არაფერი ემუქრებათ.
ამ დროისთვის წყვილის დაკრძალვის საკითხი წყდება. საგამოძიებო მასშტაბის გათვალისწინებით, რომელიც როგორც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე რუსეთში მიმდინარეობს, საჭიროა ორივე ქვეყნის იურიდიული პროცედურების გავლა. ამის შემდეგ ცხედრებს სანქტ-პეტერბურგში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.