ნიდერლანდებში, პროკურატურის მტკიცებით, 18 წლის მუსლიმი გოგონა, რაიან ალ ნაჯარი, ოჯახის "ღირსების“ შელახვის გამო მოკლეს. მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ჰიჯაბის ტარებაზე უარი და "დასავლური ცხოვრების წესი" გახდა, რასაც წინ უძღოდა TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეო. მამა და ორი ძმა, რომლებმაც სავარაუდოდ დანაშაული დაგეგმეს და განახორციელეს, მძიმე სასჯელის წინაშე დგანან.
"ღირსების" სახელით ჩადენილი მკვლელობა
18 წლის რაიან ალ ნაჯარი გასული წლის მაისში, საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა. ოთხი დღის შემდეგ კი, ნიდერლანდების ერთ-ერთ ჭაობში გოგონას ცხედარი იპოვეს - ის პირახვეული და გაკოჭილი იყო. პროკურორები მიიჩნევენ, რომ მოზარდი ე.წ. ღირსების მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რადგან მან უარი თქვა ოჯახის მკაცრი რელიგიური ტრადიციების დაცვაზე.
გამოძიების მტკიცებით, რაიანი ცდილობდა "დასავლური ცხოვრების წესით" ეცხოვრა: ის მეგობრობდა ბიჭებთან, აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს და უარს ამბობდა ჰიჯაბის ტარებაზე. ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი მკაცრი მამისთვის, ეს საქციელი "სასირცხვილო“ აღმოჩნდა.
TikTok-ის ვიდეო, როგორც "უკანასკნელი წვეთი“
პროკურორების მტკიცებით, TikTok-ის ლაივსტრიმი, სადაც რაიანი მაკიაჟითა და ჰიჯაბის გარეშე გამოჩნდა, იყო ბოლო წვეთი ოჯახისთვის, რასაც მკვლელობა მოჰყვა.
მკვლელობის დაგეგმვაში ბრალდებული არიან რაიანის მამა, ჰალედი და ორი ძმა: 23 წლის მოჰამედი და 25 წლის მუჰანადი. ჩათში, სადაც ისინი თავდასხმას გეგმავდნენ, ძმები რაიანს "ღორს“ უწოდებდნენ, რომელიც "უნდა დაეკლათ“.

პროკურორის განცხადებით, "ღირსების მკვლელობა ეს არის ფემიციდის ფორმა.“
მკვლელობის შეკვეთისთვის მამისთვის პროკურატურა 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, ხოლო ძმებისთვის – 20-20 წელს.
მამა სირიაში გაიქცა და მას დაუსწრებლად გაასამართლებენ. ძმები, მოჰამედი და მუჰანადი, რომლებმაც სავარაუდოდ, მამის მითითებით განახორციელეს ბარბაროსული აქტი, როტერდამში დააკავეს.
ოჯახურ ჩათში განიხილებოდა რაიანის მოკვლის სხვადასხვა გზა, მოწამვლიდან დაწყებული – თავის ჩამოხრჩობის იძულებით დამთავრებული. პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი "რაიანს ტვირთად აღიქვამდნენ, რომელიც უნდა მოეშორებინათ".
ძმები ამტკიცებენ, რომ მკვლელობა მხოლოდ მამამ ჩაიდინა. ჰალედმა ნიდერლანდურ გაზეთსაც კი გაუგზავნა ორი ელფოსტა, რომლითაც დანაშაულზე სრულ პასუხისმგებლობას იღებდა და შვილებს უდანაშაულოდ აცხადებდა.
თუმცა, პროკურორები მის ყოველ სიტყვას ეჭვქვეშ აყენებენ. მათ აღმოაჩინეს WhatsApp-ის მიმოწერა, სადაც მამა და ძმები მკვლელობის დეტალებს არჩევდნენ: როგორ აერიდებინათ თავი ავტომაგისტრალებისთვის, სად გადაეგდოთ ცხედარი და რაიანის შესაბოჭად საჭირო 16-მეტრიანი ლენტის წაღებას განიხილავდნენ.
სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა მანქანის მოძრაობა ჭაობის მიმართულებით, სადაც რაიანი იპოვეს. ასევე სატელეფონო მონაცემებით დასტურდება, რომ ერთ-ერთი ძმა მამას შეხვდა, რათა რაიანი მკვლელობის ადგილზე მიეყვანათ.

გოგონას ფრჩხილების ქვეშ და შესაბოჭ ლენტზე აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშები მამის დნმ-ს დაემთხვა.
რაიანი ოჯახის მხრიდან მუქარის გამო, წარსულში პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, ხანდახან თავშესაფრებსა და დაწესებულებებშიც ცხოვრობდა. თუმცა, მკვლელობამდე დაცვა - რატომ მოუხსნეს გოგონას დაცვა, ეს საკითხიც გამოძიების საგანია.