უხამსი ვიდეოების მოპოვების მიზნით, სამხრეთ კორეაში ჰაკერებმა 120 000-ზე მეტი სახლის სათვალთვალო კამერა გატეხეს. პოლიციამ საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კამერებიდან აღებულ კადრებს უცხოური ვებსაიტისთვის სექსუალური შინაარსის კონტენტის შესაქმნელად იყენებდნენ.
სამხრეთ კორეის ეროვნული პოლიციის სააგენტოს განცხადებით, ოთხი ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ. ერთ-ერთ მათგანს 63 000 კამერის გატეხასა და 545 ექსპრესიული ვიდეოს შექმნაში ადანაშაულებენ, რომლებიც შემდეგ 35 მილიონ ვონად (23 862 000 აშშ დოლარად) გაყიდა. პოლიციის ცნობით, კიდევ ერთმა პირმა 70 000 კამერა გატეხა და 648 ვიდეო 18 მილიონ ვონად (12 272 000 აშშ დოლარად) გაყიდა.
"სახლის კამერების გატეხა და მათი ფარულად გამოყენება მსხვერპლს უზარმაზარ ზიანს აყენებს, რაც სერიოზულ დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვაპირებთ ამ დანაშაულის აღმოფხვრას ფართომასშტაბიანი გამოძიებების გზით“, - განაცხადა სამხრეთ კორეის ეროვნული პოლიციის სააგენტოს კიბერგამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პარკ ვუ-ჰიუნმა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურია, რომ მომხმარებელმა, რომელსაც სახლში ან ოფისში დამონტაჟებული აქვს კამერა, შეინარჩუნოს სიფხიზლე და რეგულარულად შეცვალოს პაროლი", - ნათქვამია ეროვნული პოლიციის სააგენტოს განცხადებაში.