საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ინდოეთში წარმატებით გრძელდება.
პაპუაშვილი ინდოეთში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვითარდება“.
შალვა პაპუაშვილმა ინდურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან აღნიშნა, რომ თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელის ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობებზე და მათ მზარდ მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მათ გაიხსენეს ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც წელს, უზბეკეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ფარგლებში შედგა. შალვა პაპუაშვილმა ომ ბირლა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას და, მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის საჭიროებას.
შეხვედრა შედგა ინდოეთში მიმდინარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა.
ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატა შალვა პაპუაშვილთან და ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.




“საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, 2025 წლის 1-ელიდან 5 დეკემბრამდე ინდოეთს სტუმრობს.
დელეგაცია დღეს საღამოს IGI აეროპორტის საზეიმო დარბაზში მიიღეს. ლოკ საბჰას საპატიო სპიკერთან ორმხრივი დიალოგის გარდა, სტუმრად მყოფი დელეგაცია დელიში სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გეგმავს. ისინი ასევე აგრას ეწვევიან,“ - აღნიშნულია ინდური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს - შალვა პაპუაშვილი შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს.
საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია.