"ჰამასის" მიერ გათავისუფლებული ისრაელელი მძევალი ტყვეობაში მიღებული საშინელი გამოცდილების შესახებ საუბრობს. 24 წლის პიანისტი ალონ ოჰელი ჰამასის მებრძოლებმა ნოვას ფესტივალიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს.
ოჰელი, რომელიც გატაცების დროს 22 წლის იყო, 13 ოქტომბერს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ტრავმირებულმა პიანისტმა ისრაელის მაუწყებელ Channel 12-ს განუცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში უმძიმეს პირობებშ იმყოფებოდა:
"შხაპის მისაღებად მივდიოდი, უკან ტერორისტიც გამომყვა... ჩემი დაბანა დაიწყო... მითხრა, რომ შხაპის მიღება მნიშვნელოვანი იყო, რათა გამონაყარი არ გამჩენოდა. საბედნიეროდ, საქმე უფრო შორს არ წასულა."

ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ თუ არა ღაზაში "უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები", მან უპასუხა: "უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები"? იქ არავინაა უდანაშაულო".
ოჰელი ერთადერთი მძევალი არ არის, რომელიც ტყვეობაში გადატანილ სისასტიკეზე ხმამაღლა საუბრობს. გასულ თვეში, გაი დალალ-გილბოამ, რომელიც ასევე ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ გამტაცებელმა დაცინვით "პორნოფილმის გადაღება" შესთავაზა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა.

დალალ-გილბოამ ღაზაში 738 დღის განმავლობაში განცდილი ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული შემთხვევის შესახებ ისაუბრა და აღწერა, თუ როგორ მიიყვანა ტერორისტმა ოთახში და პორნოგრაფიის შესახებ გამოკითხვა დაუწყო: "დიდი ხანია გოგოები არ გინახავს, არა? გინდა პორნოს ყურება? გინდა, მე და შენ პორნოფილმი გადავიღოთ?
მან მთელ სხეულზე შეხება დამიწყო... იმ მომენტში გავშეშდი. ზურგზე მკოცნიდა. ეს ძალიან, ძალიან საშინელი იყო, შემდეგ ყელზე დანა დამადო და მითხრა, რომ თუ შიგნით მყოფ რომელიმე ბიჭს - [თანამძევლებს ან სხვა მცველებს] ვეტყოდი, მომკლავდა" - თქვა მან.

გასულ თვეში, ექიმმა იტაი პესაჩმა, რომელიც თელ-ავივის „შებას“ სამედიცინო ცენტრში დაბრუნებული მძევლებს მკურნალობდა, Daily Mail-ს განუცხადა: "გათავისუფლებული მძევლების უმეტესობას სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება“.
შეგახსენებთ, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, ჰამასის მიერ, 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმით დაიწყო, როდესაც მებრძოლებმა 1200 ადამიანი მოკლეს და 251 ტყვედ აიყვანეს.