“არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან“, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც დროებით დაკარგულად მივიჩნევთ, იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იქ ცხოვრობენ. ჩვენ მათ ჩვენს ძმებად და დებად მივიჩნევთ. როგორც გაეროს ასამბლეაზეც აღვნიშნე, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ გაერთიანებულ სახელმწიფოში. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას და ვიზრუნებთ ერთმანეთზე ისე, როგორც ადრე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა მათ, ვინც ამბობს, რომ მთავრობა ძალიან ახლოსაა მოსკოვთან თავისი პოლიტიკით, ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა მის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.
„მთელი მსოფლიოა მოტივირებული, რომ შეაჩეროს რუსეთი. როგორ ფიქრობთ, როგორ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, თუ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა იქნება აგრესიული? არსებობს თუ არა სხვა გზა ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად? ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი, ნატომ უარი თქვა ამაზე. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ. თუ კარგად დააკვირდებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატულ, დაბალანსებულ და რეალისტურ მოდელებს. იყო დრო, როდესაც ჩვენ მხარდაჭერის გარეშე დავრჩით და ჩვენი პოლიტიკა ამ სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ჩვენი პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ყველა მნიშვნელოვან შეკრებაზე, ევროკავშირის დროშები უხვად იყო წარმოდგენილი და ეს წლების განმავლობაში მუდმივად ასე ხდებოდა.
„სამწუხაროდ, როგორც არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მხარდაჭერა დღეს უფრო ნაკლებია. დავფიქრდეთ, თუ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 60 პროცენტი - „ქართულ ოცნებას“, რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად მხარს უჭერს როგორც ევროკავშირში გაწევრიანებას, ისე „ქართული ოცნებას“. მაშინ, რა განსხვავებაა ამ ორ ფაქტს შორის?“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამასთან, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, „თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება“.
„საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება. ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან. ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი - არა. ეს აბსურდია“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის ბიუროკრატებიდან დაწყებული, ევროპარლამენტის წევრებით დამთავრებული, ყველამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება.
„მოდით, რამდენიმე ფაქტის შესახებ გიამბობთ. პროტესტი დაიწყო „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. ჩემმა ფრაქციამ დააინიცირა ეს კანონი. კანონი გამჭვირვალობას ეხება. კანონი მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების დეკლარაციის წარმოდგენას, თუ მათი ბიუჯეტის 20 პროცენტი საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია და გამჭვირვალეები იყვნენ თავიანთი ხარჯების შესახებ. ამაზე მეტი არაფერია იქ ნათქვამი.
ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციას, რაც შეგვეძლო, გარდა იმ სანქციებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას.
ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაეროს ყველა რეზოლუციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავგზავნეთ მოხალისეები უკრაინაში, რათა არავის დავედანაშაულებინეთ ომში მონაწილეობაში.
საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.