ავტორი:

ფაბერჟეს კვერცხი რეკორდულ ფასად, 30 მლნ დოლარად გაიყიდა

ფაბერჟეს კვერცხი რეკორდულ ფასად, 30 მლნ დოლარად გაიყიდა

ბრილიანტებით მოჭედილი ფაბერჟეს კვერცხი, რომელიც ოდესღაც რუსეთის საიმპერატორო ოჯახს ეკუთვნოდა, ლონდონში რეკორდულ ფასად - 22.9 მილიონ ფუნტ სტერლინგად (30.2 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა."ზამთრის კვერცხი“, რომელიც ლეგენდარული იუველირის ერთ-ერთ ულამაზეს ქმნილებად ითვლება, სამშაბათს ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა.

  • ის 4500 ბრილიანტით არის მორთული და 1913 წელს, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დაკვეთით შეიქმნა. კვერცხი იხსნება და შიგნით თეთრი ყვავილებით სავსე პაწაწინა კალათა ჩანს.

"ამ აუქციონის შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ შედევრის მუდმივ მნიშვნელობას“, - განაცხადა Christie's-ის აუქციონის ხელმძღვანელმა მარგო ოგანესიანმა.

კვერცხები ძვირფასი ლითონისგან ან მყარი ქვებისგანაა დამზადებული, რომლებზეც მინანქრისა და ძვირფასი ქვების ორნამენტებია დატანილი.

ტერმინი "ფაბერჟეს კვერცხი“ დროთა განმავლობაში ფუფუნების სინონიმი გახდა, ხოლო თავად კვერცხები ამჟამად საიუველირო ხელოვნების შედევრებად არის მიჩნეული.

ფაბერჟეს სახლმა რუსეთის საიმპერატორო რომანოვების ოჯახისთვის მხოლოდ 50 კვერცხი დაამზადა. საიმპერატორო ზამთრის კვერცხი კერძო მფლობელობაში დარჩენილი შვიდი კვერცხიდან ერთ-ერთია. დანარჩენი ან დაკარგულია, ან დაწესებულებებისა და მუზეუმების საკუთრებაა.

წყარო