ავტორი:

პუტინის, უიტკოფისა და ტრამპის სიძის შეხვედრა კრემლში - რა დეტალები ხდება ცნობილი მოლაპარაკებების შესახებ?

პუტინის, უიტკოფისა და ტრამპის სიძის შეხვედრა კრემლში - რა დეტალები ხდება ცნობილი მოლაპარაკებების შესახებ?

მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა გაიმართა.

  • შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის საუბარი ძალიან სასარგებლო, კონსტრუქციული და ინფორმაციული იყო.

მისი თქმით, განიხილეს უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო წინადადებების არსი, თუმცა, უშაკოვის თქმით, კომპრომისი ჯერ მიღწეული არ არის.

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში

მან აღნიშნა, რომ შეხვედრამ უკრაინის კრიზისის შემდგომი მოგვარების გზების განხილვის შესაძლებლობა შექმნა, ასევე მხარეები შეთანხმდნენ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ დელეგაციას აცნობა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, დაეთანხმოს აშშ-ის გეგმის გარკვეულ ნაწილს, თუმცა გარკვეული ნაწილი რუსული მხარის კრიტიკას იწვევს.

შეხვედრა კრემლში

"კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია“, - აღნიშნა უშაკოვმა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები, რომელთა გარეშეც რუსეთი უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტას ვერ ხედავს.

  • "ჩვენ კონკრეტულად განვიხილეთ ტერიტორიული საკითხები, რომელთა გარეშეც კრიზისის გადაწყვეტას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვმა უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 27-პუნქტიანი გეგმის გარდა კიდევ ოთხი დოკუმენტი მიიღო.

"არსებობდა 27 პუნქტიანი დოკუმენტი; ის გადმოგვცეს და, ბუნებრივია, განვიხილეთ. თუმცა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან რაიმე დისკუსიის ფორმულირებაზე არ გვიმუშავია. შემდეგ კიდევ რამდენიმე დოკუმენტი მივიღეთ, ოთხი დოკუმენტი, რომლებიც დღეს ასევე განიხილეს ჩვენი პრეზიდენტის უიტკოფსა კუშნერთან შეხვედრაზე“, - აღნიშნა უშაკოვმა.

  • ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკული დელეგაციისგან სიგნალებს დაელოდება

"შეერთებული შტატების დელეგაცია ჩვენთვის პირდაპირ აპირებს ინფორმაციის მოწოდებას ამ შეხვედრების შემდეგ. შემდგომი ნაბიჯები ამ სიგნალებზე იქნება დამოკიდებული.

ამა თუ ის სახეობის სიგნალებს მივიღებთ. თუ სიგნალები გარკვეულად იმუშავებენ - თუ ეს სამართლიანი იქნება ჩვენს პარტნიორებთან - მაშინ შეიძლება ძალიან მალე შევხვდეთ ამერიკულ დელეგაციას. რა დონეზე - ვნახავთ, დამოკიდებულია სიგნალებზე. თუ სიგნალები გლობალური, მაგრამ სწრაფი გადაწყვეტილებების შესაძლებლობასა და შანსს ხსნიან, მაშინ შეხვედრები უფრო მაღალ დონეზე გაიმართება.

მზად ვარ ყველანაირი სიგნალების მისაღებად და მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის. ყველაფერი დღევანდელ საუბრებზეა დამოკიდებული”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.