ავტორი:

“არც 2024 და არც მიმდინარე წელს ცრემლსადენ-გამაღიზიანებელი აირით მოწამვლის გამო, საავადმყოფოსთვის არავის მიუმართავს“ - ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე

“არც 2024 და არც მიმდინარე წელს ცრემლსადენ-გამაღიზიანებელი აირით მოწამვლის გამო, საავადმყოფოსთვის არავის მიუმართავს“ - ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე

ტოქსიკოლოგ თემურ კობიძის განცხადებით, არც 2024 და არც მიმდინარე წელს ცრემლსადენ-გამაღიზიანებელი აირით მოწამვლის გამო, საქართველოში არცერთი ავადმყოფი სტაციონარში არ მოთავსებულა.

  • როგორც მან BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, ნოემბრის მოვლენების შემდეგ ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებს ძირითადად, ფიზიკური დაზიანების გამო მიმართავდნენ.

„ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არც შარშან და არც წელს ტოქსიკოლოგების ასოციაციისთვის არავის მოუმართავს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც უცხოელ კოლეგას. საქართველოს საავადმყოფოებში იყო მიმართვა, ოღონდ ეს მიმართვა იყო ძირითადად ფიზიკური დაზიანების გამო. ცრემლსადენ-გამაღიზიანებელი აირით გამო საავადმყოფოსთვის არავის მიუმართავს. ვამბობთ ოფიციალურ მონაცემებს, რომ საქართველოს სტაციონარებისთვის არ მიუმართავთ. მოწამლული ადამიანი მირბის საავადმყოფოში, ექიმებთან. ცრემლმდენ-გამაღიზიანებელი აირით მოწამვლის გამო, საქართველოში არცერთი ავადმყოფი სტაციონარში არ არის მოსული. მეც არ მინახავს და როგორც გავიგე, არც სხვებსაც. არის სტატისტიკის მონაცემებიც, ხომ ჯამდება საქართველოს სტაციონარებში ჰოსპიტალიზაციის მონაცემები. ეს ციფრები მოდის კონკრეტული ავადმყოფობის ისტორიიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობიძემ.

შეგახსენებთ, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ, მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.