ვირჯინიის შტატში მდებარე დახურულ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში უცნაური შემთხვევა მოხდა - დილით სამსახურში მისულმა თანამშრომლებმა საპირფარეშოში მძინარე ენოტი აღმოაჩინეს.
როგორც სათვალთვალო კამერების ხილვის შემდეგ გახდა ცნობილი, ცნობისმოყვარე ცხოველი მაღაზიაში ღამით შეიპარა, შოტლანდიური ვისკის ქვედა თარო გაძარცვა, ბოთლები დაამსხვრია, იატაკზე დაღვრილი ალკოჰოლი დალია, ჭერის ფილები ჩამოყარა და დაღლილს იქვე მიეძინა.

“პირადად მე მიყვარს ენოტები. ისინი სასაცილო პატარა არსებები არიან. ამან ნამდვილი ნადიმი გამართა, ბოლო წვეთამდე დალია,“ - განაცხადა ადგილობრივი ცხოველთა კონტროლის ცენტრის ოფიცერმა სამანტა მარტინმა ადგილზე მისვლის შემდეგ.
მარტინის თქმით, მან ენოტი ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანა, თუმცა გზაში მომხდარზე კარგად იცინა.

ჰანოვერის ოლქის ცხოველთა თავშესაფრისა და დაცვის სააგენტომ დაადასტურა, რომ ენოტი გამოფხიზლდა და თავს კარგად გრძნობს.
„რამდენიმე საათიანი ძილისა და დაზიანების ნიშნების არარსებობის შემდეგ ის უსაფრთხოდ გაუშვეს ველურ ბუნებაში. იმედი გვაქვს მიხვდა, რომ ძარცვა კარგი არჩევანი არ იყო“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.