ავტორი:

5 რამ, რაც ადრეულ ქორწინებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იცოდეთ

5 რამ, რაც ადრეულ ქორწინებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იცოდეთ

ადრეულ ასაკში ქორწინება კვლავ გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში. ის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფშია გავრცელებული და დღეს ხშირად მალულად ხდება.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია გამონაკლისის დაშვების გარეშე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ასევე ისჯება სრულწლოვანი ადამიანის მიერ 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარება.

ხშირია შემთხვევა, როცა ადრეულ ქორწინებას ხელს უწყობენ მშობლები,ზემოქმედებას ახდენენ შვილებზე, ან მონაწილეობენ ოჯახში ფიზიკურ თუფსიქოლოგიურ ძალადობაში.

როგორც წესი, ადრეული ქორწინების მსხვერპლი არიან გოგონები, რომლებიც ეთიშებიან სოციალურ ცხოვრებასა და დასაქმების პერსპექტივას, ვეღარ იღებენ სრულფასოვან განათლებას და ხდებიან ოჯახის წევრებზე ფინანსურად დამოკიდებულები.

ადრეული ქორწინება რომ ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ პრობლემური საკითხია, აქტიურად აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც: გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები 20-24 წლის დაქორწინებული ქალების 14%-მა 18 წლის შესრულებამდე შექმნა ოჯახი. გასათვალისწინებელია, რომ მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ადრეული/ ბავშვობის ასაკში ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული.

საქსტატის მიერ 2024 წლის ივნის-ივლისში ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ქორწინების შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, 15-დან 49 წლის ასაკამდე გამოკითხული 4 500 ქალიდან დაქორწინებულთა წილი სულ 0.9%-ია. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ეფექტიანი სოციალური და სამართლებრივი სტრატეგია არსებობდეს.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად მუშაობს ადრეული ქორწინების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, დეტალურად ხსნის, რატომ შეიძლება გახდეს ადრეული ქორწინება მძიმე შედეგების მომტანი როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდეს საზოგადოების ფართო წრეებში, მათ შორის განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებშიც, რომელთა ინტეგრაციაც ხშირად ენობრივი ბარიერის გამო ვერ ხდება.

5 რამ, რაც ადრეული ქორწინებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ უნდა იცოდეთ:

  • ადრეული ქორწინება განსხვავებულად მოქმედებს გოგონებსა და ბიჭებზე

ადრეული ქორწინება ორივე მათგანისთვის საზიანოა, თუმცა არსებული რეალობა გვიჩვენებს, რომ გოგონებისთვის გაცილებით უფრო მძიმე შედეგები მოაქვს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და შემდგომ განვითარებაზე როგორც სოციალური, ასევე პროფესიული და პიროვნული თვალსაზრისით, მეტი პირობაა იმისათვის, რომ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი.

გოგონები ფაქტობრივად, უხილავები ხდებიან საზოგადოებისგან და ხანდახან საკუთარი ოჯახისგანაც. უწევთ სხვისი მითითებებით ცხოვრება, უგულებელყოფენ საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებს.

  • ადრეულ ასაკში ქორწინებაში მყოფი გოგონები ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან

ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებაში მყოფი მოზარდი გოგონები, როგორც წესი, ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და ხშირად მათზეა დაკისრებული მათი ასაკისათვის შეუფერებლად მძიმე ტვირთი - როგორიცაა ოჯახის წევრების მოვლა, საჭმლის მომზადება, სახლის მოვლა და სხვა. მათ არ აქვთ არჩევანის უფლება და ოჯახებში აღნიშნული საქმეები სრულად მათ ვალდებულად მიიჩნევა.

  • მოზარდობის ასაკში ქორწინება ბარიერებს ქმნის განათლების მიღებისთვის

ქვეყანაში არსებული სურათი ცხადყოფს, რომ ადრეული ქორწინების გამო გოგონების უმეტესი ნაწილი წყვეტს განათლების მიღებას, რაც მათ უსპობს დასაქმებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობას.

  • მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას

მოზარდობის ასაკში ორგანიზმი ჯერ არ არის მზად ორსულობისა და მშობიარობისთვის, მაღალია გართულებების რისკი, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს გოგონების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სწორედ ამიტომ ხშირია ნაადრევი მშობიარობა, სამშობიარო ტრავმა და ინფიცირება, რამაც შეიძლება სამომავლოდ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ მოზარდობა პირდაპირ არის დაკავშირებული ანემიის რისკთან, რაც რკინის მზარდი მოთხოვნილების შედეგია. გაეროს მოსახლეობის ფონდი განმარტავს, რომ 15-19 წლის მოზარდ გოგონათა შორის მშობიარობის გართულებების გამო გარდაცვალების ალბათობა 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე 20-24 წლის ქალების შემთხვევაში.

მოზარდ ასაკში ორსულობა და დედობა განსაკუთრებით რთულია, რადგან ამ ასაკის გოგონებს უჭირთ ბავშვსა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იმის გამო, რომ მოზარდი უფრო სენსიტიურია გარემოს მიმართ და მისი ფსიქიკაც ზრდასრულთან შედარებით მოწყვლადია და შეიძლება განუვითარდეს პოსტ-სამშობიარო დეპრესია, რაც ხშირად გარშემომყოფების მიერ უგულებელყოფილია ხოლმე.

  • მოზარდობის ასაკში მშობიარობა და ორსულობა საფრთხეს უქმნის ბავშვს

როგორც UNFPA განმარტავს, მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა ასევე დაკავშირებულია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა/მკვდრადშობადობასთან, ახალშობილის დაბალ წონასთან და სხვა გართულებებთან.

მნიშვნელოვანია, გოგონებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები ქორწინებასთან დაკავშირებით, ასევე დაცული იყოს მათი რეპროდუქციული უფლებები, რაც ერთი მხრივ, მათი ოჯახების, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს ვალდებულებაა.