ავტორი:

"ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანა დილით გალესა ანუ წინასწარ ჰქონდა განზრახული შოთას მოკვლა" - ახალგაზრდას მკვლელობის საქმე: ბრალდებულს განაჩენს ნაფიცები გამოუტანენ

"ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანა დილით გალესა ანუ წინასწარ ჰქონდა განზრახული შოთას მოკვლა" - ახალგაზრდას მკვლელობის საქმე: ბრალდებულს განაჩენს ნაფიცები გამოუტანენ

მკვლელობა მოხდა 17 ივლისს ადიგენში. 34 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დააკავეს ერთი პირი, წარსულში ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული ი.მ.

მოკლული 34 წლის შოთა ხარაიშვილია. მკვლელობა სოფელ ფხეროში მოხდა.

  • რას ამბობდა იმ დროს შსს?

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ჯ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამი იყო შსს-ს ინფორმაციაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.

"ბათია (ასე ეძახდნენ ახლობლები შოთა ხარაიშვილს) იყო ისეთი ადამიანი, რომლის მსგავსი მართლა არავინ გამიცნია, ჯერ ცხოვრებაში უაღრესად თბილი, კეთილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი მისგან ერთ უწმაწურ და უშნო სიტყვას ვერ გაიგებდით. გინება რომ იციან ბიჭებმა, მისგან ერთხელ არ გამიგია მსგავსი სიტყვა. ისეთი ადამიანი იყო ბათია, მისი ასე გამეტებისთვის, იმ კაცს სამუდამოს მივცემდი. იმედია, ნაფიცები სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანენ" - გვეუბნებიან ბიჭის ახლობლები.

"რამდენიმე დღით იყო ჩასული სოფელში , შოთა, რომელიც ასევე გორში ცხოვრობდა და მაშინაც ორი კვირით იყო ჩასული მამამისთან, ცოლ-შვილით და სამწუხაროდ, ასე მოხდა. შოთას მეუღლე და პატარა გოგონა დარჩა, პატარა გოგონა დააობლა, იმ კაცმა, მკვლელი იუზა მაჭარაშვილია. იმედია საკადრისად დაისჯება, იმედია ნაფიცები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც ვიცი ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანა დილით იყო გალესილი, წინასწარ ჰქონდა განზრახული ადამიანის მოკვლა, ადრე კიდეც დამუქრებია ჩემი ხელით მოგკლავო, უბრალოდ დროს უცდიდა და შესაფერის გარემოს, რომ ეს გაეკეთებინა თუ განზრახული არ ჰქონდა მკვლელობა, რატომ ჰქონდა თან ახალი გალესილი დანა.

სამყაროში ადამიანი არ არსებობს, შოთაზე რომ რამე ცუდი თქვას. ყველას მხოლოდ კარგით დაამახსოვრა თავი. თავის ნებით არ დაუტოვებია, სამწუხაროდ დაატოვებინეს. ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა, ოჯახზე იყო გადაყოლილი თვითონაც დედა არ ჰყავდა, ჯერ ისევ სკოლაში დადიოდა დედა რომ გარდაეცვალა და სიცოცხლეც ასე უბედურად დაასრულებინეს." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში მოკლულის კიდევ ერთი ნათესავი.

იუზა მაჭარაშვილი

რას ჰყვებოდნენ 17 ივლისს მოკლულის თანასოფლელები?

"მკვლელობის დღეს მასწავლებელი ქალის გასვენება იყო. როგორც მე ვიცი, ეს ბიჭები მესაფლავეები იყვნენ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გავიგე, რომ სასაფლაოზევე დაიწყეს ჩხუბი, მერე სოფელში დაბრუნდნენ და აქაც გააგრძელეს, კლუბის წინ. ვიცი, რომ დანა დაარტყა და ადგილზევე დაიღუპა. სასწრაფოც იყო და პოლიციაც, წაუყვანიათ კლინიკაში, მაგრამ იქ უთხრეს დაღუპული შემოიყვანესო“,- ამბობდა მოკლულის ნათლული მაშინ "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბრისას.

მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.