საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოთხშაბათს ჩინეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ძირითადი მიზანი სი ძინპნთან მოლაპარაკების გამართვაა, რათა ამ უკანასკნელმა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, იმ მიზნით რომ პუტინი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმას დაეთანხმოს.
ეს მაკრონის მეოთხე სახელმწიფო ვიზიტია ჩინეთში და უკრაინის გარდა, მოლაპარაკების თემას ვაჭრობის საკითხებიც წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტის ფონზე, რომელიც ევროკავშირს აზიურ ზესახელწიფოსთან მიმართებაში გააჩნია.


"იმედს ვამყარებთ ჩინეთზე - ის ისევე როგორც ჩვენ, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრს წარმოადგენს და შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა რუსეთმა და კერძოდ ვლადიმერ პუტინმა ბოლოს და ბოლოს ცეცხლის შეწყვეტას დაუჭირონ მხარი" -განაცხადა ორშაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.
დასავლური მთავრობები პეკინს რუსეთისთვის ეკონომიკური მხარდაჭერის გაწევაში სდებენ ბრალს, ეს განსაკუთრებით იმ სამხედრო დანიშნულების კომპონენტების მიწოდებას ეხება, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.
თავად ჩინეთი რეგულარულად აკეთებს განცხადებებს, რომელიც სამშვიდობო მოწოდებებსა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ეხება, თუმცა აქამდე არ აქვს დაგმობილი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა.