ჟურნალისტურმა გამოძიებებმა წლების წინ დაადგინა, რომ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალის, სვეტლანა კრივონოგიხისა და კრემლის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ქალიშვილი, ლიზა (ლუიზა როზოვა), პარიზში ცხოვრობს. ის მუშაობს ფრანგული დედაქალაქის ერთ-ერთ მცირე სამხატვრო გალერეაში და საოცრად ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს.
უკრაინული არხის ТСН/TCH-ის ჟურნალისტმა, დიმიტრი სვიატნენკომ, მოახერხა პუტინის სავარაუდო ქალიშვილთან შეხვედრა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა ომის შესახებ.
პატარა სამხატვრო გალერეა, "L gallery", პარიზის მე-20 რაიონში მდებარეობს, ტურისტული მარშრუტებისგან მოშორებით. ჟურნალისტმა ლუიზა მორიგი გამოფენა-გაყიდვის გახსნაზე შენიშნა.
"გალერეის დაორთქლილი მინებიდან მისი გარჩევა რთული იყო. ოთახში ათამდე ადამიანი სვამდა ალკოჰოლს და ათვალიერებდა ნახატებს. მაგრამ ერთ მომენტში ფანჯარაში გამოჩნდა სახე, რომელიც გასაოცრად ჰგავდა ვლადიმერ პუტინს," - წერს TCH.

გამოფენის დამთვალიერებლები 21:00 საათის შემდეგ დაიშალნენ, მაგრამ გალერეაში დარჩა ხუთი ადამიანი - ორი ხელმძღვანელი, ორი მენეჯერი და ერთი უცნობი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ლიზას დაცვა იყო.
ღამის 11 საათისთვის ხუთივე თანამშრომელი ქუჩაში გამოვიდა. ლიზა ერთ-ერთი ბოლო იყო. როგორც კი უკრაინელი ჟურნალისტი გამოჩნდა, მის გარემოცვას შეეშინდა და მამაკაცები უბრალოდ გაქვავდნენ. ჟურნალისტი მიესალმა მათ და უთხრათ, რომ უკრაინიდან იყო და ლიზასთან რამდენიმე შეკითხვა ჰქონდა.
საუბრის დასაწყისში, პუტინის სავარაუდო ქალიშვილმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ გადაღების ნებართვა არ მიუცია.
ჟურნალისტი: "თქვენ იცით, ახლა კიევი უშუქოდაა. და ამ წამებში საჰაერო განგაშია. ჩვენც არ მიგვიცია ნებართვა ამაზე..."
შემდეგ მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
ჟურნალისტი: "როგორ უყურებთ მამათქვენის პოლიტიკას? თქვენ მას მხარს უჭერთ?“
ელიზავეტა კრივონოგიხი (რუდნოვა): "მე აქ რა შუაში ვარ?“
ჟურნალისტი: "თქვენ მას მხარს უჭერთ?“
ელიზავეტა კრივონოგიხი (რუდნოვა): "მე აქ რა შუაში ვარ?“
ჟურნალისტი: "ის თქვენი მამაა. თქვენ, მინიმუმ, შეგიძლიათ ახლავე დაურეკოთ და უთხრათ: “მამა, შეწყვიტე კიევის დაბომბვა.“
ელიზავეტა კრივონოგიხი (რუდნოვა): "ნუ, რა თქმა უნდა.“
ჟურნალისტი: "აბა, სცადეთ.“
ელიზავეტა კრივონოგიხი (რუდნოვა): "ნუ, რა თქმა უნდა.“
ჟურნალისტი: შეგიძლიათ, კიევში ჩახვიდეთ და საჰაერო თავდაცვის ძალების როლი შეასრულოთ - ეს ნებისმიერ "პატრიოტზე“ უკეთესია - და შემდეგ პოკროვსკში წახვიდეთ, რათა ეს მთელი ომი შეწყდეს.“
ელიზავეტა კრივონოგიხი (რუდნოვა): "ნუ, თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ წავალ ახლა?“
ჟურნალისტმა თქვა, რომ მზად იყო თვითმფრინავის ბილეთი ეყიდა მისთვის კიევამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, მამამისის გამო, თვითმფრინავები უკრაინაში არ დაფრინავენ.
"არ ვარ პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე,“ - ამბობს ლიზა და საუბარი შემდეგი სიტყვებით ასრულებს:
"მე, სამწუხაროდ, არანაირად არ შემიძლია დახმარება. ძალიან ვწუხვარ. უკვე, მგონი, საკმარისად ვილაპარაკე თქვენთან. მართლაც ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ხდება ყველაფერი. მე არ ვარ პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე. მიხარია, რომ გაბედეთ და მოხვედით ჩემთან სასაუბროდ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით. კარგ საღამოს გისურვებთ. შეხვედრამდე".

სიუჟეტის მონტაჟის დროს, TCH-ის ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან დეტალებზე:
გალერეიდან გამოსული ერთ-ერთი მამაკაცი ლიზას პროფესიონალი მცველის მსგავსად მიაცილებდა. საუბრისას მოულოდნელად შეწყვიტა მუშაობა უკაბელო მიკროფონმა, რაც ჟურნალისტის ეჭვით, შესაძლოა მიზანმიმართული ჩახშობა ყოფილიყო.
პუტინის "საიდუმლო ქალიშვილის" დედასთან, სვეტლანა კრივონოგიხთან დაკავშირებული ისტორია ამ სკანდალს განსაკუთრებულ სიმწვავეს მატებს.
ჟურნალისტური გამოძიებების ცნობით, 1990-იან წლებში სვეტლანა კრივონოგიხი სანკტ-პეტერბურგში კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა და მაღაზიაში დამლაგებლად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მისი ახლო ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან, რომელიც მაშინ სანკტ-პეტერბურგის მერის მოადგილე იყო.
2003 წელს, ლიზას დაბადების შემდეგ, სვეტლანა მოულოდნელად გამდიდრდა. მისი ქონების ღირებულებამ, რომელიც მოიცავს ელიტურ უძრავ ქონებას მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, იახტასა და ბიზნეს წილებს, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
"პანდორას ფაილების" მიხედვით, 2003 წლის ბოლოს კრივონოგიხმა ოფშორული კომპანიის მეშვეობით მონაკოში 4 მილიონი დოლარის ღირებულების აპარტამენტი შეიძინა, რაც მისი და პუტინის კავშირების დამატებით მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.
ის ფლობს წილს "რუსულ ბანკში“ (Банк России), რომელიც დასავლური სანქციების მიხედვით, "პუტინის პირადი სალაროდ“ არის აღიარებული. ამასთანავე, ის არის პუტინის ახლო მეგობრის, იური კოვალჩუკის, პარტნიორი "იგორას“ სამთო-სათხილამურო კურორტში.
სვეტლანა კრივონოგიხის ეს აღზევება,პუტინის ყველაზე ახლო გარემოცვასთან მის უშუალო კავშირს ადასტურებს, რაც მისი სავარაუდო ქალიშვილის პარიზულ სკანდალს კიდევ უფრო მეტ რეზონანსს სძენს.
წაიკითხეთ ასევე: