ავტორი:

ელექტრო ჯაგრისები, კბილის პასტები და კოსმეტიკა: იტალიაში 28 წლის ქართველი ჰიპერმარკეტში ქურდობისთვის დააკავეს, რასაც მოსამართლის მოულოდნელი გადაწყვეტილება მოჰყვა

ელექტრო ჯაგრისები, კბილის პასტები და კოსმეტიკა: იტალიაში 28 წლის ქართველი ჰიპერმარკეტში ქურდობისთვის დააკავეს, რასაც მოსამართლის მოულოდნელი გადაწყვეტილება მოჰყვა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამართალდამცავებმა მანტოვას პროვინციაში, ქალაქ კურტატონეს ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების მოპარვის მცდელობისას 28 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს.

ინციდენტი 1-ელ დეკემბერს, საღამოს, ქალაქ კურტატონეში მდებარე ჰიპერმარკეტ "იპერტოსანოში“ მოხდა. როგორც იტალიური მედია წერს, მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა 112-ში დარეკა და შეატყობინა, რომ დაკავებული ჰყავდათ პირი, რომელიც სალაროს გვერდის ავლით ცდილობდა ძვირადღირებული საქონლის გატანას.

კარაბინერების მიერ ადგილზე მისვლის შემდეგ დადგინდა, რომ დაკავებული 28 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ნეაპოლში ცხოვრობდა.

ქართველი კაცი მაღაზიიდან 3 206 ევროს ღირებულების საქონლის მოპარვას ცდილობდა, რომელთა შორისაც იყო ძირითადად ელექტრო კბილის ჯაგრისები, კბილის პასტები, სახის კრემები და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ნაქურდალი საქონელი დამალა და ასე სცადა ჰიპერმარკეტის დატოვება.

მას შემდეგ, რაც ნაქურდალი საქონელი მაღაზიას დაუბრუნდა, 28 წლის ქართველი დააპატიმრეს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობის ბრალდებით. მან ღამე კარაბინერების სამმართველოს უსაფრთხოების ოთახში გაატარა.

მეორე დილით მანტოვას სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა დაკავების კანონიერება, თუმცა მიიღო უჩვეულო გადაწყვეტილება: დაკავებული ციხიდან გაათავისუფლა და თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, მანტოვას პროვინციაში ცხოვრების აკრძალვა დაუწესა.

  • რა გულისხმობს ეს გადაწყვეტილება?

იტალიური სამართლებრივი პრაქტიკით, ნაკლებად მძიმე, არაძალადობრივი ქონებრივი დანაშაულების შემთხვევაში, მოსამართლე ხშირად ცვლის პატიმრობას პრევენციული ხასიათის აღკვეთის ღონისძიებით. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ნეაპოლში იყო რეგისტრირებული, აეკრძალა მანტოვას პროვინციაში დაბრუნება.