ავტორი:

რას ნიშნავს 11- წლიანი სწავლება და როგორ დარეგისტრირდებიან მე-12 კლასში, სად აშენდება სტუდენტური ქალაქები და ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ? - განათლების მინისტრის განმარტებები

რას ნიშნავს 11- წლიანი სწავლება და როგორ დარეგისტრირდებიან  მე-12 კლასში, სად აშენდება სტუდენტური ქალაქები და ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ? - განათლების მინისტრის განმარტებები

იქნება 11 კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატიც და 12 კლასის დამთავრების ატესტატიც, თუმცა მას ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა - 12-წლიანი ატესტატი მოსწავლეს აძლევს იმ საფუძველს, რომ ამ ატესტატით წავიდეს უცხოეთში, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწავლება კერძო სკოლებშიც 11-წლიანი იქნება, თუმცა საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, 12-წლიანი სწავლების შესაძლებლობა ყველა კერძო სკოლაში შენარჩუნდება.

"11-წლიანი სწავლება მისცემს თითოეულ ჩვენს მოზარდს, მოსწავლეს სრულფასოვან ზოგად განათლებას, ამიტომ არ გვინდა, რომ ზედმეტი პერიოდი დავაყოვნოთ ისინი სკოლაში. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მეთორმეტე წელიც ისწავლონ, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ სისტემას: ყოველი წლის მარტში გამოვაცხადებთ ღია სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე დარეგისტრირდება. მე-11 კლასელი დარეგისტრირდება მე-12 კლასისთვის, ის დააფიქსირებს თავის საცხოვრებელ მისამართს, რომელ სკოლაში სწავლობს, რომელს ამთავრებს, ის აიღებს მე-11 კლასის ატესტატს, თუმცა იმ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე ჩაირიცხება მე-12 კლასში და კიდევ ერთ ატესტატს აიღებს. იქნება 11-კლას დამთავრებული ატესტატი და 12 - კლას დამთავრებული ატესტატი, თუმცა იმას ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა. ის ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 12 -წლიან სწავლებაზე გადავიდნენ და ძირითადად, ამის არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ უცხოეთში გააგრძელონ საბაკალავრო დონეზე სწავლა, სავარაუდოდ, მათთვის იქნება ეს კომპონენტი საინტერესო. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს საჯარო სკოლებზე და საჯარო სკოლების რეგისტრაციაზე. კერძო სკოლებსაც იგივე სისტემა შეეხება, უბრალოდ ჩვენ საჯარო სკოლების შემთხვევაში ვამბობთ, რომ რეგისტრაციას ვაცხადებთ. სად, ვინ დარეგისტრირდება შემდგომში გეოგრაფიული და რაოდენობრივი კომპონენტიდან გამომდინარე, სადაც საჭირო იქნება ნებისმიერ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აუცილებლად გავხსნით რომელიმე კონკრეტულ სკოლაში მე-12 კლასს.

ეს იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდება და სად იქნება მათი საცხოვრებელი ადგილი. ხოლო კერძოს შემთხვევაში მათაც 11-წლიანი ექნებათ, მაგრამ ყველა კერძო სკოლას შეუნარჩუნდება მე-12 კლასი. თუ, მაგალითად, ყველა მოსწავლე დარეგისტრირდა და ყველამ გამოთქვა სურვილი, ყველა იმ სკოლაში, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 12 - წლიან სწავლებაზე, საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი, ყველგან გავაგრძელებთ მე-12 კლასს, ეს იქნება ცოცხალი პროცესი.

11 წლის შემდეგ ადამიანი იღებს სრულფასოვან ატესტატს, რომლითაც მას შეუძლია, რომ ჩააბაროს ეროვნული გამოცდები და გააგრძელოს სწავლა საბაკალავრო დონეზე. თუმცა მათ ვისაც სურს, რომ მე-12 წელსაც ისწავლოს, ნებისმიერ ადამიანს ვაძლევთ ამის საშუალებას და, რა თქმა უნდა, ეს 12-წლიანი ატესტატი, თუ მას ექნება სურვილი უცხოეთში გააგრძელოს სწავლა, აძლევს იმ საფუძველს, რომ ამ 12-წლიანი ატესტატით წავიდეს უცხოეთში. 11-წლიანი იქნება სასკოლო სწავლება თუ 12-წლიანი ეს არანაირ ჭრილში არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს“, - განაცხადა მიქანაძემ "რუსთავი 2-ის“ ეთერში.

  • რას ნიშნავს "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი"?

განათლების მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რას გულისხმობს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპი - "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი."

"იქნება ორი ჰაბი - თბილისი და ქუთაისი, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისსა და ქუთაისში იქნება ყველა ფაკულტეტი. გადანაწილება იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იურიდიული ფაკულტეტის მაგალითზე, იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ის დარჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგი სასწავლო წლისთვის ეროვნული გამოცდების კონტექსტში, სამი დანარჩენი სახელმწიფო უნივერსიტეტი - ილიაუნი, სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელთაც, ასევე, აქვთ იურიდიული ფაკულტეტები, მიღებას ვეღარ გამოაცხადებენ. თუმცა ეს ფაკულტეტები არ გაუქმდება, ისინი გააგრძელებენ თავის საქმიანობას, სანამ ის სტუდენტები, რომლებიც [უკვე სწავლობენ აღნიშნულ ფაკულტეტზე] სწავლას არ დაასრულებენ. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ამ სტუდენტებს შევთავაზებთ კონკურსგარეშე მობილობის შესაძლებლობას, მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან გადავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტზე. მოცემულობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიძლება იურიდიულ ფაკულტეტზე გაჩნდეს დამატებითი კადრების საჭიროება. მთავარი კომპონენტი რა არის, ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული ხარისხის გაუმჯობესებაზე და ბაზრის მოთხოვნებს ვუპასუხოთ.

რამდენიმე ადგილას ვნახე განცხადებები კონკრეტული ოპონენტების, რომლებიც ამბობენ, რომ რატომ უნდა ვიყოთ ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული. ბაზრის მოთხოვნაზე თუ არ ვიქნებით ორიენტირებული, გვექნება ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს - კონკრეტულ მიმართულებებზე ჭარბი კადრების რაოდენობა და დეფიციტური მიმართულებები. ბაზარი არის ცვალებადი, ჩვენ პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

  • სტუდენტური ქალაქი

"50 000 ჰექტარზე, რუსთავის სიახლოვეს, აშენდება სტუდენტური ქალაქი - ამის შესახებ პირველი დადგენილება გუშინწინდელ მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა წარადგინა და ჩვენ ეს დავამტკიცეთ," - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"პროექტირება უკვე იწყება. წარმოიდგინეთ, 50 000 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსზეა საუბარი, სადაც იქნება როგორც საცხოვრებელი, ასევე სარეკრეაციო ზონები, ბიბლიოთეკები - ყველანაირი საშუალება. ფაქტობრივად, ქალაქი აშენდება. ანალოგიურად ხდება ქუთაისში, - ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საუნივერსიტეტო ქალაქები იქნება, სადაც იქნება ყველანაირი ინფრასტრუქტურული თუ მატერიალურ-ტექნიკური ბაზები იმისთვის, რომ სრულფასოვანი, ხარისხიანი განათლება მიიღონ," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

  • ფორმები საჯარო სკოლებში

"კი, მშობელმა უნდა შეუკეროს ფორმა, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს ბავშვისთვის და, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება", - განაცხადა გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ფორმებს უფასოდ მიიღებენ.

"თუმცა, აქაც სახელმწიფო ითვალისწინებს გარკვეულ გარემოებებს - იმ ოჯახების, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულნი არიან 60 000 ქულით ან უფრო ნაკლებით, 1-ელიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სახელმწიფოსგან მიიღებენ ფორმას უფასოდ," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმითვე, ყველა საჯარო სკოლაში ფორმა სავალდებულო იქნება შემდეგი, 2026-2027 სასწავლო წლიდან. ფორმის დიზაინის შესარჩევად კი, საჯარო კონკურსი და განხილვა შედგება.