ბრაზილიელი ინფლუენსერის, ბარბარა იანკავსკის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - ადგილობრივი გამოცემა g1- ის ცნობით, 31 წლის ქალი, რომელიც პლასტიკური ოპერაციების გამო ინტერნეტში "ადამიანი ბარბის" სახელით იყო ცნობილი, კოკაინის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა.
დასკვნა ტექნიკურ-სამეცნიერო პოლიციისა და სან-პაულოს სამოქალაქო პოლიციის მიერ ჩატარებული სრული სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ გახდა ცნობილი.

იანკავსკი 2 ნოემბერს, 51 წლის სახალხო დამცველის, რენატო პინტო დე ვიტოს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. CNN Brasil- ის მიერ მოპოვებული პოლიციის ანგარიშის თანახმად, დე ვიტომ გამომძიებლებს განუცხადა, რომ მან იანკავსკი "სექსუალური მომსახურებისთვის" დაიქირავა. ქალის გარდაცვალების ღამეს კი ორივემ უკანონო ნივთიერებები გამოიყენა.
სან-პაულოს შტატის სამხედრო პოლიციის ცნობით, იანკავსკი მხოლოდ საცვლებში იპოვეს. მას მარცხენა თვალსა და ზურგზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მეგობარმა ხელისუფლებას განუცხადა, რომ სახის დაზიანება შესაძლოა წარსულში დაცემის შედეგი ყოფილიყო.


საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამდივნომ (SSP) განცხადებაში დაადასტურა, რომ იანკავსკის გარდაცვალება კოკაინის მოხმარებას უკავშირდებოდა.
"ექსპერტების დასკვნებმა აჩვენა, რომ მსხვერპლის სიკვდილი ქიმიური ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციით მოხდა“, - განაცხადა სააგენტომ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დასძინა, რომ გამოძიება გრძელდება და ის მე-7 პოლიციის ოლქის (ლაპა) დაქვემდებარებაში რჩება.
ბარბარა იანკავსკის instagram-ზე 55 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ასევე მრავალ სატელევიზიო გადაცემასა და რეკლამაში მონაწილეობდა.