ავტორი:

"ილიაუნი", სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი იურიდიულ ფაკულტეტზე მიღებას ვეღარ გამოაცხადებენ - მორიგი სიახლე და მინისტრის განმარტება

"ილიაუნი", სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი იურიდიულ ფაკულტეტზე მიღებას ვეღარ გამოაცხადებენ - მორიგი სიახლე და მინისტრის განმარტება

"ილიაუნი", სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი იურიდიულ ფაკულტეტზე, მიღებას ვეღარ გამოაცხადებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

  • თუმცა მინისტრის განმარტებით, ეს ფაკულტეტები არ გაუქმდება, ისინი გააგრძელებენ თავის საქმიანობას, სანამ ის სტუდენტები, რომლებიც [უკვე სწავლობენ აღნიშნულ ფაკულტეტზე] სწავლას არ დაასრულებენ.

"იქნება ორი ჰაბი - თბილისი და ქუთაისი, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისსა და ქუთაისში იქნება ყველა ფაკულტეტი. გადანაწილება იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იურიდიული ფაკულტეტის მაგალითზე, იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ის დარჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგი სასწავლო წლისთვის ეროვნული გამოცდების კონტექსტში, სამი დანარჩენი სახელმწიფო უნივერსიტეტი - ილიაუნი, სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელთაც, ასევე, აქვთ იურიდიული ფაკულტეტები, მიღებას ვეღარ გამოაცხადებენ. თუმცა ეს ფაკულტეტები არ გაუქმდება, ისინი გააგრძელებენ თავის საქმიანობას, სანამ ის სტუდენტები, რომლებიც [უკვე სწავლობენ აღნიშნულ ფაკულტეტზე] სწავლას არ დაასრულებენ. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ამ სტუდენტებს შევთავაზებთ კონკურსგარეშე მობილობის შესაძლებლობას, მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან გადავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტზე. მოცემულობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიძლება იურიდიულ ფაკულტეტზე გაჩნდეს დამატებითი კადრების საჭიროება. მთავარი კომპონენტი რა არის, ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული ხარისხის გაუმჯობესებაზე და ბაზრის მოთხოვნებს ვუპასუხოთ.

რამდენიმე ადგილას ვნახე განცხადებები კონკრეტული ოპონენტების, რომლებიც ამბობენ, რომ რატომ უნდა ვიყოთ ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული. ბაზრის მოთხოვნაზე თუ არ ვიქნებით ორიენტირებული, გვექნება ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს - კონკრეტულ მიმართულებებზე ჭარბი კადრების რაოდენობა და დეფიციტური მიმართულებები. ბაზარი არის ცვალებადი, ჩვენ პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე 2026 წლიდან, საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება, რის შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.

"მეორე კურსიდან და მიმდინარე რაც არის ჩვეულებრივად დარჩება იმ საგრანტო დაფინანსებაზე, ოღონდ მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს, ამ მოცემულობაში უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მატულობს. მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა გვაქვს ჩვენ შემდეგი სამი -ოთხი წელიწადი გარდამავალი პერიოდი. თუმცა კომპონენტი, რომელიც საგრანტო დაფინანსებას ეხება, შემდეგი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან დაკავშირებით შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ "რუსთავი 2-ის“ ეთერში.

წაიკითხეთ ასევე: