ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მოიწონა და მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთი "ახლა ევროპასთან სრულმასშტაბიანი ომისთვის არის მზად".
2 დეკემბერს, უკრაინაში ომის დასრულების გეგმის შესახებ საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ევროპასთან ომი არ სურს, მაგრამ თუ ევროპა მას დაიწყებს – რუსეთი ამისთვის "ზუსტად ახლა" არის მზად.
3 დეკემბრის საღამოს აღნიშნული ვიდეო კადიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ტექსტით: "ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ცერემონიებს ნამდვილად არ დავიწყებთ, ბრძანებას ველოდებით! ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება და აშკარად, არა მათ სასარგებლოდ, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება გადაწყვიტა".
ეს პუბლიკაცია მაშინვე გაავრცელეს რესპუბლიკის სახელმწიფო მედიებმა, ასევე გააზიარა სპეცდანაყოფ "ახმატის" მეთაურმა, რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს მოადგილემ აფტი ალაუდინოვმა და რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მაგომედ დაუდოვმა.

კადიროვს მანამდეც ბევრჯერ გამოუცხადებია მზადყოფნა დასავლეთთან საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად. მაგალითად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ამბობდა, რომ "მზად იყო, თუნდაც ამერიკაში წასულიყო, ხოლო თუ დაავალებდნენ უკრაინას დიდ ხნის წინ მიიერთებდა".
სექტემბერში, რუსეთ–აშშ-ის პრეზიდენტების ალასკაზე გამართული მოლაპარაკებების დროს, ჩეჩნეთის ლიდერმა მორიგი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "არსებული ვითარების პირობებში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომხრე არ არის".
მისი თქმით "მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც უკრაინა რუსეთის რეგიონად ან ოლქად იქცევა".
თავის მხრივ კიევი ჩეჩნეთის ლიდერს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში დებს ბრალს.
წაიკითხეთ ასევე: