ავტორი:

პუტინის რეჟიმის შემთხვევითი მსხვერპლი: სუნამოს ბოთლში ჩასხმული საწამლავი, რომელმაც ბრიტანელი ქალი მოკლა - გამოძიების შედეგებს სანქციების სერია მოჰყვა

პუტინის რეჟიმის შემთხვევითი მსხვერპლი: სუნამოს ბოთლში ჩასხმული საწამლავი, რომელმაც ბრიტანელი ქალი მოკლა - გამოძიების შედეგებს სანქციების სერია მოჰყვა

“გამოძიებამ დაადგინა, რომ სამი შვილის დედა, რომელიც რუსული ნერვული აგენტი-ნივთიერებით დაიღუპა, ვლადიმერ პუტინმა მოკლა,“ - წერს thesun და გამოძიების შედეგებს ასაჯაროებს.

ბრიტანელი ქალი საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება "ნოვიჩოკით" მოწამვლის შედეგად 2018 წელს გარდაიცვალა. ჰიუზმა კი გამოძიების შედეგები ახლა გამოაქვეყნა.

"ბრიტანელი დონ სტერჯესის სიკვდილზე მორალური პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკისრება" - ამის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ხელმძღვანელმა, ლორდმა ენტონი ჰიუზმა განაცხადა.

ენტონი ჰიუზი

ჰიუზის თქმით, როგორც რუსეთის აგენტების, ისე ყველა იმ პირის ქმედება რომლებმაც ყოფილი ГРУ-ს თანამშრომლის სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე გასცეს ნებართვა, თავად პუტინის ჩათვლით, "აღმაშფოთებლად უპასუხისმგებლოს" მოიქცნენ.

"სკრიპალის სახლის კარის სახელურზე ძლიერი შხამის წასმითა და "ნოვიჩოკის" ნარჩენებით სავსე ფლაკონის გადაგდებით, რუსმა აგენტებმა, განუსაზღვრელი რაოდენობის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე სასიკვდილო საფრთხეში ჩააგდეს. სწორედ ამ ქმედებების მსხვერპლი გახდა დონ სტერჯესი" - აცხადებს ლორდ ჰიუზი.

თუმცა ოფიციალური რუსეთი კვლავ უარყოფს სკრიპალების მოწამვლაში ნებისმიერ მონაწილეობას.

  • ჰიუზის ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა - ГРУ-ს და მის 11 თანამშრომელს სანქციებს უწესებს.

"დღეიდან გაერთიანებული სამეფო უწესებს სანქციებს რუსეთის მთელ სამხედრო დაზვერვას - ГРУ-ს. ГРУ-ს აგენტები ასრულებენ პუტინის მითითებებს, ცდილობენ უკრაინის დესტაბილიზაციას და ქაოსის დათესვას მთელ ევროპაში. ეს ნაბიჯი დონ სტერჯესის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიების ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად გადაიდგა" - ვკითხულობთ ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

  • დონ სტერჯესის ტრაგიკული ისტორია

დონ სტერჯესი და მისი პარტნიორი ჩარლი როული რუსეთის აგენტების შემთხვევითი მსხვერპლები აღმოჩნდნენ, იმ აგენტების, რომლებმაც 2018 წლის მარტში სკრიპალი და მისი ქალიშვილი "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, რომლებიც “ნოვიჩოკით“ მოწამლეს
მოწამლული მამა-შვილი პარკში, სკამზე გარდაცვლილები იპოვეს

გამოძიების მიხედვით, ГРУ-ს ოპერატორებმა “ნოვიჩოკის“ ფლაკონი, რომელიც სუნამოების ბოთლს ჰგავდა უბრალოდ გადააგდეს, მოგვიანებით ის როულიმ იპოვა და სტერჯესს აჩუქა. ქალმა ფლაკონის შემცველი ნივთიერება კანზე წაისვა, ერთ კვირაში კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფლაკონი, რომელშიც სუნამო ესხა და დონ სტარჯესი, რომელიც სუნამოს შეპკურების შემდეგ 4 თვეში გარდაიცვალა.

ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, სკრიპალები რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა: სერგეი ფედოტოვმა, რუსლან ბოშიროვმა და ალექსანდრ პეტროვმა მოწამლეს. ფედოტოვი ოპერაციას ხელმძღვანელობდა, ხოლო ბოშიროვი და პეტროვი უშუალო შემსრულებლები იყვნენ: ისინი სოლსბერიში ჩავიდნენ და შხამი სკრიპალის სახლის კარის სახელურზე წაუსვეს.

ლორდ ჰიუზმა აღნიშნა, რომ უილტშირის პოლიცია, მათ შორის მისი ანტიტერორისტული განყოფილება, არ იყო ინფორმირებული, რომ მათ ტერიტორიაზე ყოფილი აგენტი ცხოვრობდა. გამოძიების ავტორი ადასტურებს, რომ 2018 წლისთვის ბრიტანულ სპეცსამსახურებს საკმარისი საფუძველი არ ჰქონდათ ევარაუდათ, რომ სკრიპალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. გარდა ამისა, მის დაცულ კომპლექსში ჩასახლება შესაძლოა კიდევ უფრო საშიში გამხდარიყო საზოგადოებისთვის. ჰიუზის აზრით მკვლელები მაინც შეეცდებოდნენ მის მოწამვლას და შესაძლოა ამისთვის საჯარო ადგილი გამოეყენებინათ.

დამოუკიდებელი გამოძიება ბრიტანეთში განსაკუთრებული სამართლებრივი პროცედურაა, რომლის მიზანს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული გარემოებების დადგენა წარმოადგენს.

2005 წლის გამოძიებების შესახებ კანონის თანახმად, გადაწყვეტილებას მისი ჩატარების შესახებ ბრიტანეთის მთავრობის წევრი იღებს, მაგრამ გამოძიების ხელმძღვანელი რეალურად სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს.

წყარო