ავტორი:

"TikTok-ზე დადო ვიდეო, ბავშვებს ვყიდიო... როცა ტყუპები ტირიან, მეც ვტირი" - შუახევში დედის მიერ მიტოვებული ჩვილებისა და გმირი ბებიის შოკისმომგვრელი ისტორია

"TikTok-ზე დადო ვიდეო, ბავშვებს ვყიდიო... როცა ტყუპები ტირიან, მეც ვტირი" - შუახევში დედის მიერ მიტოვებული ჩვილებისა და გმირი ბებიის შოკისმომგვრელი ისტორია

შუახევის მაღალმთიან სოფელ ჩანჩხალოში, იქ, სადაც გადაადგილებაც კი ჭირს და კლდეებიდან ქვები ცვივა, ერთი შეხედვით დაუჯერებელი, ფილმის სცენარის მსგავსი დრამა ვითარდება.

ეს არის ამბავი 44 წლის მარინა ბებიაზე, რომელმაც საკუთარ პირად ცხოვრებაზე უარი თქვა, რათა 17 წლის რძლისგან მიტოვებული ჩვილი ტყუპები - ნიკა და ლუკა გადაერჩინა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ოჯახს ააკითხა და გადაცემაში მოჰყვა ემოციური ისტორიას ოჯახზე, სადაც დედამ „თავისუფლება“ შვილებზე მაღლა დააყენა, ბებია კი პატარებისთვის დედაც გახდა და მამაც.

"მუცლიდანვე ცდილობდა ბავშვების მოშორებას"

როგორც მარინა აბაშიძე იხსენებს, რძალი ოჯახში 17 წლის ასაკში შემოვიდა. თავიდან ყველაფერი თითქოს რიგზე იყო, თუმცა პრობლემები ორსულობისთანავე დაიწყო. ახალგაზრდა გოგონას ოჯახი აღარ უნდოდა და ბავშვების მოცილებას საშინელი მეთოდებით ცდილობდა.

"ძალიან მალე აერია თავგზა... ბევრჯერ ეცადა, რომ ბავშვები მუცლიდანვე დაეკარგა. თითქოს წაიქცა, თითქოს გადავარდა, რაღაცაზე დაეცა - სპეციალურად აკეთებდა ასეთ რაღაცებს, რომ მუცელი მოშლოდა. მუცლიდანვე ვიცავდი, რომ არაფერი მოსვლოდათ პატარებს“, - იხსენებს მარინა.

"ბავშვებს ვყიდი, უპატრონოდ ვარ" - შოკი სამშობიაროში

ტყუპები 8-თვიანები დაიბადნენ. მაშინ, როცა ჩვილები ჯერ კიდევ აპარატზე იყვნენ შეერთებულნი და სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ოჯახმა სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი განცხადება აღმოაჩინა.

"ბავშვები 2 დღის გაჩენილები იყვნენ, აპარატებზე ჰყავდათ... ამ დროს ჩემმა შვილმა მის TikTok გვერდზე ნახა ვიდეო წარწერით: 'ბავშვებს ვყიდი, უპატრონოდ ვარ“. მაშინვე საავადმყოფოში მივცვივდით. ვკითხეთ, რას სჩადიოდა... საბოლოოდ ბავშვები გამოვიყვანეთ, მაგრამ სულ იმას გაიძახოდა - არ მინდა ოჯახი, თავისუფლება მინდაო“.

გაქცევა და ულმობელი დამშვიდობება

ყველაზე მძიმე მოგონება ბებიისთვის რძლის წასვლის დღეა. მარინა, რომელიც ღამით რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, დღისით რძალს ეხმარებოდა, სთავაზობდა ცალკე ცხოვრებას და ფინანსურ უზრუნველყოფას, ოღონდ ბავშვები არ მიეტოვებინა, თუმცა უშედეგოდ.

"სამსახურში დამირეკა და მითხრა - მივდივარო. სახლში რომ მოვედი, ბავშვები ნახევრად ჩაცმულები იყვნენ და მულტფილმს უყურებდნენ. მას ჩანთა უკვე ჩალაგებული ჰქონდა. კარები რომ გავაღე, ჩანთა წამოიკიდა და ისე გავარდა... ვუთხარი, მოტრიალდი და ბავშვებს მაინც ჩაეხუტე-მეთქი. თვალებიდან არასოდეს ამომივა ის მომენტი - შვილები არ დაინდო, არც კი მიკარებია".

წასვლის შემდეგ, დედას შვილები ერთხელაც არ მოუკითხავს. უფრო მეტიც, როდესაც ერთ-ერთი ტყუპისცალი რეანიმაციაში მოხვდა და ექიმმა დედის ხმის გაგონება ურჩია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პასუხი გამაოგნებელი იყო: „ქალო, რას მირეკავ? არც ექიმი ვარ და არც ღმერთი. მიდი და მიხედეო“.

შიმშილი და სასტიკი მოპყრობა - რას ჰყვება ბებია

მარინა აბაშიძე იხსენებს დეტალებს, რომლებიც აქამდე არ გაუჟღერებია. მისი თქმით, დედა შვილებს განზრახ აშიმშილებდა ან ძალით აჭმევდა, რომ ცუდად გამხდარიყვნენ.

"სპეციალურად აკეთებდა... 30 გრამი უნდოდა ბავშვს და პირში ძალით ტენიდა საჭმელს, რომ ამოეღო. ბავშვები ღებინებამდე მიჰყავდა. 63 ლარს ვაძლევდი კვებისთვის, რაც წესით დიდხანს უნდა ჰყოფნოდა, მაგრამ 3 დღეში მეუბნებოდა, აღარ აქვთო. საჭმელს ან აქცევდა, ან აფუჭებდა... მეუბნებოდა, ტკბილი უყვართო და ისეთ რაღაცებს აჭმევდა, რაც პატარებისთვის არ შეიძლებოდა. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა“.

"500 ლარი ჩამირიცხე და მოვალ" - მშობლების რეაქცია

აღმოჩნდა, რომ გოგონას მხარდაჭერა არც საკუთარი მშობლებისგან ჰქონდა. როგორც მარინა ჰყვება, როდესაც რძლის მამას სთხოვა, მოსულიყო და შვილთან დალაპარაკება ეცადა, კაცმა ფული მოითხოვა.

"მამამისს ვუთხარი, მოდი, იქნებ თქვენ გითხრათ რამე, იქნებ მე ვერ ვხვდები-მეთქი. მითხრა: “500 ლარი ჩამირიცხე და მოვალ, ისე შვილი არ მაინტერესებს, სადაც უნდა იქ წავიდეს, გინდა მოკვდესო“. დედამისიც იგივე პოზიციაზე იყო“.

"ღამით ორივეს გულში ვიკრავ და ვტირი“

დღეს ტყუპები 3 წლისანი ხდებიან. ბებიას "დედას" ეძახიან, რაც მარინასთვის ყველაზე დიდი ტკივილია. 44 წლის ქალი ამბობს, რომ ღამეებს ცრემლებში ათენებს.

"როცა საწოლში ვწვებით, ნიკა ერთ მკლავზე მიწვება, ლუკა - მეორეზე. მეძახიან: “ჩემი დედა, ჩემი დედა“. გადავტრიალდები - ერთი ტირის, გადმოვტრიალდები - მეორე. ორივეს გულში ვიკრავ და სანამ არ ჩაეძინებათ, ასე ვართ... სულ ვამბობდი, დედამთილებზე ცუდი წარმოდგენა აქვთ და მე სხვანაირი ვიქნები-მეთქი. შუშასავით ვუფრთხილდებოდი რძალს, რომ არ გატეხილიყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა“.

საფრთხის ზონაში მცხოვრები ოჯახი

ოჯახს, გარდა ემოციური ტრაგედიისა, მძიმე სოციალური პირობებიც აწუხებს. სახლი, სადაც ბავშვები იზრდებიან, გეოლოგიურად აქტიურ ზონაშია. კლდიდან ქვები ცვივა, რაც ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

"ერთხელ ქვა წამოვიდა და სახლს მოხვდა. საშინელი ხმა ჰქონდა... ახლა ბავშვი ეზოში რომ გავიდეს, რა იცის, საიდან რა მოგორავს. წლების წინ სახელმწიფომ 25 000 ლარი მოგვცა, მაგრამ მაშინ ისეთი გაჭირვება გვქონდა, ეგ თანხა ვალებსა და კვებას მოხმარდა. ახლა ისევ ამ შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ბავშვებს ვერავის გავატან. მეორედ გავხდი დედა და ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე ვატარებ“.

ბავშვების მამა დაცვაში მუშაობს. მომხდარის შემდეგ მან სოციალური ქსელები გააუქმა და დეპრესიაში ჩავარდა, თუმცა შვილებისთვის ბრძოლას განაგრძობს. რაც შეეხება ბიოლოგიურ დედას, ის TikTok-ზე აქტიურია, თუმცა საკუთარი შვილების არსებობას უარყოფს.