მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაახლოებით 1345 წელს ვულკანის ამოფრქვევამ შესაძლოა გამოიწვია ისეთი ჯაჭვური რეაქცია, რომელსაც ევროპაში ყველაზე სასიკვდილო პანდემიის, შავი ჭირის გავრცელება მოჰყვა.
ხის რგოლებში შემონახული მინიშნებები იმაზე მიუთითებს, რომ ამოფრქვევამ გამოიწვია კლიმატური შოკი და დაიწყო მოვლენათა ისეთი ჯაჭვი, რომელმაც დაავადება შუა საუკუნეების ევროპამდე გაავრცელა.
სცენარის თანახმად, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ფერფლმა და გაზებმა გამოიწვია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და მოსავლის უკმარისობა. შიმშილის თავიდან ასაცილებლად, მჭიდროდ დასახლებული იტალიური ქალაქ-სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ მარცვლეული შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებიდან შემოეტანათ, რამაც გამოიწვია ჭირის მატარებელი რწყილების გაჩენა და ევროპაში ეპიდემია.
ექსპერტების თქმით, კლიმატური შოკის, შიმშილისა და ვაჭრობის ეს „იდეალური ქარიშხალი“ იმის შეხსენებაა, თუ როგორ შეიძლება წარმოიშვას და გავრცელდეს დაავადებები გლობალიზებულ და დათბობის პროცესში მყოფ სამყაროშიც.
„მიუხედავად იმისა, რომ შავი ჭირის გამომწვევი ფაქტორების შერწყმა იშვიათია, კლიმატის ცვლილების პირობებში დაავადებების გაჩენისა და პანდემიად გადაქცევის ალბათობა გაიზრდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია COVID-19-თან დაკავშირებული ჩვენი ბოლოდროინდელი გამოცდილების გათვალისწინებით“, - თქვა კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორმა ულფ ბიუნტგენმა.
კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ლაიფციგის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტის (GWZO) მკვლევარებმა ვულკანთან მდებარე ხის რგოლებიდან და ყინულის ბირთვებიდან მიღებული მონაცემები შეისწავლეს. მონაცემები მიუთითებს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიური ვულკანის ფერფლმა მზის სხივების ნაწილი დაბლოკა. ამან კი , ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით მოსავლის აღება ჩააგდო. შიმშილის თავიდან ასაცილებლად, იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებმა მარცვლეული შავი ზღვის გადაღმა მცხოვრები ვაჭრებისგან იყიდეს, რამაც დაავადების გავრცელება განაპირობა.
შავი ჭირის ეპიდემიამ ევროპა1348–1349 წლებში მოიცვა და მოსახლეობის თითქმის ნახევარი იმსხვერპლა. დაავადებას გამომწვევი ბაქტერია Yersinia pestis იყო, რომელსაც ველური მღრღნელები (ვირთხები და რწყილები) ავრცელებდნენ.
დაავადება ცენტრალურ აზიაში აფეთქდა და მთელ მსოფლიოში ვაჭრობის გზით გავრცელდა.
იხილეთ ასევე: