შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. ასევე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის საომარი მოქმედებების შემდგომი რეკონსტრუქცია, რათა ის გადარჩეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა.
"თავდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა ასპექტით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ღრმად არის შესუსტებული და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობების მართვა აშშ-ს მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას მოითხოვს, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტშია ევროპელ ჩინოვნიკებთან, რომლებსაც ომის მიმართ არარეალური მოლოდინები აქვთ.
"შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება, ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. ასევე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის საომარი მოქმედებების შემდგომი რეკონსტრუქცია, რათა ის გადარჩეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო. უკრაინის ომმა უარყოფითი შედეგი გამოიღო და გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით გერმანიის, საგარეო დამოკიდებულება. დღეს გერმანული ქიმიური კომპანიები ჩინეთში აშენებენ მსოფლიოში უდიდეს გადამამუშავებელ ქარხნებს რუსული გაზის გამოყენებით, რომლის მიღებაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ. ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტშია ევროპელ ჩინოვნიკებთან, რომლებსაც ომის მიმართ არარეალური მოლოდინები აქვთ, რომელთაგან ბევრი დემოკრატიის ძირითად პრინციპებს თელავს ოპოზიციის ჩასახშობად. ევროპის დიდი უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკად არ იქცევა, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ჩახშობის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, სწორედ იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფოები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეფორმირებას, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდებიან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპა სტრატეგიულად და კულტურულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება შეერთებული შტატებისთვის.
"ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ერების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის უპირობო აღნიშვნის მხარდაჭერა. ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ სულისკვეთების ამ აღორძინებას. პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს დავეხმაროთ ევროპას მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. დაგვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც დაგვეხმარება წარმატებით კონკურენციაში და ჩვენთან ერთად იმუშავებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიერ ევროპაში გაბატონება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.