მარსზე გაგზავნილმა როვერმა Curiosity-მა ასტრონომებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო - როგორც sciencealert-წერს, მოწყობილობამ გასული წლის მაისში თავისი 899 კილოგრამიანი ქვა გატეხა და შიგნით გოგირდის ყვითელი კრისტალები აღმოაჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ სულფატები მარსზე საკმაოდ გავრცელებულია, ეს არის პირველი სუფთა ელემენტარული გოგირდი, რომელიც წითელ პლანეტაზე აღმოაჩინეს.
კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ გედიზის ველის არხი, სადაც Curiosity-მ ქანი იპოვა, სავსეა ობიექტებით, რომლებიც საეჭვოდ ჰგვანან გოგირდის ქანს - რაც იმაზე მიუთითებს, რომ გოგირდი შესაძლოა გარკვეულ ადგილებში უხვად იყოს.
„სუფთა გოგირდისგან დამზადებული ქანების ველის პოვნა უდაბნოში ოაზისის პოვნას ჰგავს. ის იქ არ უნდა იყოს, ამიტომ ახლა უნდა ამოვხსნათ როგორ წარმოიშვა მინერალი. ეს ყველაფერი პლანეტის კვლევას უფრო საინტერესოს ხდის“, - თქვა NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის წარმომადგენელმა, Curiosity-ის პროექტის მეცნიერმა, აშვინ ვასავადამ.
ამ სულფატურ მინერალებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ მარსის შესახებ, მაგალითად, მისი წყლის საფარის ისტორიისა და დროთა განმავლობაში ამინდის ცვლილების შესახებ.
მეორე მხრივ, სუფთა გოგირდი მხოლოდ ძალიან შეზღუდულ პირობებში წარმოიქმნება. მარსის გეოლოგიური ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ სუფთა გოგირდის დიდი რაოდენობით აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება...
ამასთან, გოგირდი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია.
შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის დადგენა, თუ ზუსტად როგორ შეიძლება წარმოშობილიყო გოგირდი პლანეტაზე.
რაც შეეხება NASA-ს როვერს, ის მარსზე კვლავ მოძრაობს და აკეთებს იმას, რაც ნებისმიერ ხუთი წლის ბავშვს უყვარს - ჩერდება, რათა შეისწავლოს ყველა ქვა გზაზე.